ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონფლიქტის ზონა საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს


კონფლიქტის ზონა საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს

ფესტივალის ფარგლებში ქართულ ფილმებსაც უჩვენებენ, მათ შორისაა ფილმი „ჭირი“, რომელიც კანის ფესტივალის პრიზიორია.

ცხინვალიდან 500 მეტრის დაშორებით მდებარე ქართულ სოფელ ნიქოზში მთელი კვირაა არაჩვეულებრივი ხალხმრავლობაა. ომის დროს დაბომბილი და დღემდე უამრავი სოციალური პრობლემის მქონე სოფელის ყველა მცხოვრები ინგლისურ ენაზე ალაპარაკებას დიდი მონდომებით ცდილობს, ეს, რა თქმა უნდა, სტუმრების გამო.

ამ დღეებში ნიქოზს თუ ეტუმრებით, აუცილებლად მოკრავთ ყურს ამერიკული სტეპის ჰანგებს, რა თქმა უნდა ქართულ მუსიკას, თავისუფლად შესაძლებელია ისიც, რომ ცეკვის ფერხულში აღმოჩნდეთ. კონფლიქტის ზონის სოფლის ამგვარი გადასხვაფერება საერთაშორისო ანიმაციური ფილმების ფესტივალის მიზეზით მოხდა, რომელიც ნიქოზში ტარდება. ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის მეუფე ისაია (ჭანტურია) ფესტივალის მოწყობის ინიციატორი და ორგანიზატორია. მისი თაოსნობით ნიქოზში კარგა ხანია ხელოვნების სკოლაც ფუნქციონირებს. გასულ სასწავლო წელს იქ 90 ბავშვი ირიცხებოდა. ნოქოზში და მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოზარდების კულტურასთან ზიარებისთვის მეუფე ისაია საგანგებოდ ზრუნავს. მისი მუშაობის შედეგად არა მარტო დაბომბილი მეთერთმეტე საუკუნის ნიქოზის საეპისკოპოსო სახლი აღდგა, არამედ, ანიმაციური სტუდია და ხელოვნების სკოლაც გაიხსნა, რომელშიც ქართველებთან ერთად უცხოელი პედაგოგები მუშაობენ. მიმდინარე კვირას კი ნიქოზი ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს, რომელშიც მონაწილეობას ღებულობენ პოლონეთის, აშშ–ს, რუსეთის, ბელორუსიისა და უკრაინის დელეგაციები.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია ანიმაციური ფილების ჩვენება, ნიქოზის ანიმაციის სტუდიის ბავშვებისთვის მასტერკლასების ჩატარება, „ჩრდილების თეატრის“ წარმოადგენა, ალასკის ქალაქ კოდიაკის სასულიერო აკადებიის გუნდის სოლო კონცერტი, ანჩისხატის მგალობელთა გუნდის, გორის ქალთა კამერული გუნდისა და ანსამბლ „გორის“ კონცერტი.

მეუფე ისაია ამბობს, რომ დიდ მხარდაჭერას გრძნობს ადგილობრივი მოსახლეობისგან, რომლებმაც მეუფის სტუმრებს საკუთარი სახლები შესთავაზეს ღამის გასათევად, ასევე შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციისგან. „მარტო ამერიკიდან 41 ადამიანი გვეწვია, რომლებიც თითქმის ერთ თვეს გაატარებენ ჩვენთან. ორი დღით ისინი წეროვანის დევნილთა ჩასახლებასაც სტუმრობდნენ, სადაც ჩვენი მრევლის წევრები ასევე ცხოვრობენ. ვცდილობთ, ვაჩვენოთ სხვადასხვა საინტერესო ადგილი საქართველოში. უკვე ნახეს მათ კახეთი და მცხეთა. ძალიან კეთილი ხალხია, მეკითხებიან, ადგილობრივებს რაიმე საქმეში დახმარება თუ დაჭირდეთ, ჩვენ მზად ვართო. როდესაც ჩამოვიდნენ, იმ პერიოდში საძირკველს ვჭრიდით კელიებისთვის და ამაშიც კი დაგვეხმარნენ. ფესტივალზე ძალიან ცნობილი ანიმატორი, იური ნოსტეც აპირებდა ჩამოსვლას, თუმცა ვერ შეძლო. სწორედ მან გამოგვიგზავნა ძალიან თბილი წერილი, მისასალმებელი სიტყვა, რომელშიც ამბობს, რომ კულტურა ჩვენი საერთო სახლია, გზაა, რომელიც გაპოვნინებს ადამიანებს, ადგილი, სადაც მშვიდობა მყარდება, სიკეთე და სიყვარული სუფევს. ჩვენი ფესტივალიც სწორედ ესაა, ურთიერთობებისთვისაა, ადამიანებთან, ერთმანეთთან მისვლისთვის, მაქსიმალური გახსნილობისთვის სიკეთესა და სიყვარულისთვის“,– ამბობს მეუფე ისაია.

ფესტივალის გახსნის დღეს ნიქოზს ამერიკის ელჩი ჯონ ბასიც სტუმრობდა, რომელმაც ფესიტვალის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ამგვარი ინიციატივები მშვიდობის მთავარი ხელშემწყობია.

ფესტივალს საქართველოში პოლონეთის ელჩი ურსულა დოროშევსკაც ესწრებოდა. „ერთ–ერთ ფილმს, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ, ოსკარი აქვს მიღებული. ძალიან გვიხარია, რომ მას ადგილობრივი ბავშვები და ფესტივალის სტუმრები იხილავენ. ასეთი ურთიერთობები არა მარტო პოლონეთისა და საქართველოსთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ზოგადად. მოხარულები ვართ, რომ ჩვენ გვაქვს ნამუშევრებისა და წარმატებების გაზიარების საშუალება თქვენთვის,“– განაცხადა ელჩმა.

ფესტივალის ფარგლებში ქართულ ფილმებსაც უჩვენებენ, მათ შორისაა ფილმი „ჭირი“, რომელიც კანის ფესტივალის პრიზიორია.

ნიქოზის საერთაშორისო ანიმაციური ფილმების ფესიტვალის დახურვა კვირას, ნიქოზის საეპისკოპოსო სასახლეში შედგება.

XS
SM
MD
LG