ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლიმატურ ცვლილებებზე მეცნიერები და პოლიტიკოსები დავობენ


კლიმატურ ცვლილებებზე მეცნიერები და პოლიტიკოსები დავობენ

შეერთებული შტატების საინფორმაციო საშუალებები კლიმატის ცვლილების დებატებს კარგად აშუქებენ.

მეცნიერები, პოლიტიკოსები და საინფორმაციო საშუალებები კლიმატის ცვლილების შესახებ დავობენ

კლიმატის ცვლილების პრობლემასთან დაკავშირებულ ცხარე დებატებში მონაწილეები, როგორც წესი, ან იმის მომხრეები არიან, რომ კაცობრიობა ზოგადად გლობალურ დათბობას განიცდის, რომელიც ადამიანების საქმიანობით არის გამოწვეული და წიაღისეული საწვავის მზარდ მოხმარებას უკავშირდება, ანდა პირიქით არიან ისინიც, ვინც ნაწილობრივ ან მთლიანად უარყოფენ ამ შეხედულებას. ზოგჯერ კი ისინი, ვისაც კლიმატის ცვლილების სჯერა, ოპონენტებს ურწმუნოებაში ადანაშაულებენ.

შეერთებული შტატების საინფორმაციო საშუალებები კლიმატის ცვლილების დებატებს კარგად აშუქებენ, რადგან ყველა მთავარი ახალი ამბების სააგენტო ყურადღებას ძირითადად გლობალურ დათბობაზე ამახვილებს მაშინ, როცა კონსერვატიულ მედიაში ყურადღება მეცნიერ და პოლიტიკოს სკეპტიკოსებზეა გამახვილებული. ნოემბრის დასასწყისში გაზეთ „ლოს ანჟელეს თაიმსში“ გამოქვეყნდა სტატია, რომლის თანახმადაც ამერიკის გეოფიზიკოსთა კავშირმა წამოიწყო კამპანია, რომელიც კონგრესის კონსერვატიულად განწყობილი წევრების წინააღმდეგ არის მიმართული. თუმცა ამ არაპარტიულმა ორგანიზაციამ კამპანიის ხსენებული დახასიათება უარყო.

კამპანიას უძღვება მინესოტაში მდებარე წმინდა თომასის უნივერსიტეტის მკვლევარი ჯონ აბრაჰამი. მან აღნიშნა, რომ კამპანია პარტიულ დაპირისპირებას უნდა ჩამოშორდეს.

„მე მსურს, რომ დისკუსია უფრო თავაზიანი გახდეს. თუ ჩვენ ჩვენი კოლეგების წინააღმდეგ ცხარე დებატებში ჩავერთვებით ან თუ მსგავსი დაპირისპირება მეცნიერებსა და საზოგადოებას შორის წარმოიშვა, მაშინ შედეგად ყველა წააგებს,“ აღნიშნავს ჯონ აბრაჰამი.

მისი თაოსნობით შეიქმნა მეცნიერთა ჯგუფი, რომლებსაც საზოგადოებისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდება აქვს განზრახული.

ის პოლიტიკოსები და საინფორმაციო გადაცემების წამყვანები, ვინც კლიმატის ცვლილებას თაღლითობად მიიჩნევს, საზოგადოებას ატყუებენ, აღნიშნავს ამერიკელი მეცნიერი. აბრაჰამის თქმით, კოლეგებთან ერთად იგი იმ სამოქმედო ჯგუფის წევრია, რომელსაც საზოგადოებისთვის კლიმატის ცვლილების საშიშროების შესახებ უტყუარი და სანდო ინფორმაციის მიწოდება სურს.

„იმ მეცნიერებს შორის, ვისაც კლიმატის ცვლილების სჯერა 97 პროცენტს მიაჩნია, რომ დათბობას ადამიანთა საქმიანობა იწვევს და რომ ეს ძალზედ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. თუ თქვენ ქუჩაში გახვალთ და გამვლელებს შეეკითხებით, აღმოაჩენთ, რომ ხალხი ამ საკითხთან დაკავშირებით გაორებულია. ამდენად სახეზეა დიდი სხვაობა მეცნიერებსა და საზოგადოებას შორის. ჩვენი ძალისხმევა მიმართულია ამ სხვაობის შემცირებისაკენ,“ აღნიშნა აბრაჰამმა.

აღსანიშნავია ისიც, რომ საზოგადოებრივ აზრზე გარკვეულ გავლენას ახდენს აგრეთვე კლიმატის სპეციალისტების იმ ნაწილის აზრი, ვისაც ეეჭვება, რომ გლობალური დათბობა ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს. ერთ-ერთი ასეთი სკეპტიკოსია ქალაქ ჰანტსვილში ალაბამას უნივერსიტეტის მკვლევარი ჯონ კრისტი:

„მეცნიერება პოპულარობის კონკურსი როდია. მეცნიერებაში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორი მონაცემების მოყვანა და ჩვენ სწორედ მონაცემთა ბაზების შედგენითა და სამეცნიერო მოდელების შემუშავებით ვართ დაკავებულები. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ მოდელები სინამდვილეს არ ასახავს და რომ რეალობა კატასტროფისკენ არ მიდის “- აღნიშნა ჯონ კრისტიმ.

კრისტი და მისი თანამოაზრეები აღნიშნავენ, რომ გლობალური დათბობის დაძლევის მიზნით შემოთავაზებული ზომები ძირითადად არარეალისტურია. ენერგიის მზარდი მოხმარების ფონზე, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, ნახშირწყალბადი წიაღისეული საწვავის გამოყენების სანაცვლოდ ჯერ-ჯერობით ენერგიის ეფექტური ალტერნატიული წყაროები ვერ გამოინახა.

სწორედ ამ საკითხებზე სასაუბროდ, ქალაქ კანკუნში გაეროს ეგიდით, კლიმატის ცვლილების სპეციალისტები შეიკრიბნენ. მათთვის დებატების დრო ამოიწურა და ახლა გადაუდებელი სამოქმედო გეგმის შემუშავებაა აუცილებელი.

XS
SM
MD
LG