ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანტირუსული განწყობები ცხინვალში


ანტირუსული განწყობები ცხინვალში

კოკოითიმ ადგილობრივი ტელევიზიის ეთერით თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ განაცხადა, რომ მას ახლა უფრო მეტი საშუალება ეძლევა ემსახუროს ხალხს, ვიდრე აქამდე ჰქონდა.

მთავარი, რის შესახებაც ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ ცხინვალში არ შემდგარი რევოლუციის შემდეგ, ეს საზოგადოების ანტირუსული განწყობაა, რაც იქ დაფიქსირდა,– მიაჩნია ექსპერტს კავკასიის საკთხებში მამუკა არეშიძეს. რჩება შთაბეჭდილება, თითქოსდა ყველას ტაიმ–აუტი აქვს აღებული დე–ფაქტო რესპუბლიკაში და მომხდარის შეფასება–გადაფასებას ახდენენ. იქ კი მოვლენები სპონტანურად და უაღრესად საინტერესოდ ვითარდებოდა. ოპოზიციის ლიდერს, ალა ჯიოევას ხელისუფლებამ, ფაქტობრივად ყველაფერი დაათმობინა. ამ დროისთვის ისიც კი არაა გარკვეული, მიიღებს თუ არა იგი მონაწილეობას 2012 წლის მარტისთვის გადატანილ საპრეზიდენტო არჩევნებში.

საყოველთაო სახალხო მღელვარების შემდეგ ცხინვალში ქუჩები დაასუფთავეს და ისეთმა სიწყნარემ დაისადგურა, თითქოს იქ არაფერიც არ მომხდარიყოს. რეალურად კი ადამიანები, რომლებიც ორი კვირის მანძილზე ქუჩაში იდგნენ თოვლსა და ყინვაში, ასევე ისინიც, ვინც დე–ფაქტო ადმინისტრაციის საზღვრებს გარედან ეხმიანებოდა აგორებულ პროტესტს, ცალსახად აფიქსირებდნენ გულგატეხილობას, იმედგაცრუებას რუსეთის მიმართ. ექსპერტი, მამუკა არეშიძე ამბობს, რომ სწორედ ამგვარმა განწყობამ შეაშფოთა რუსეთი ყველაზე მეტად.

მამუკა არეშიძე ამბობს, რომ ექს–პრეზიდენტი კოკოითი დღეს რეალურად მართლაც მართავს ცხინვალში სიტუაციას, მხოლოდ სახლიდან. კოკოითიმ ადგილობრივი ტელევიზიის ეთერით თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ განაცხადა, რომ მას ახლა უფრო მეტი საშუალება ეძლევა ემსახუროს ხალხს, ვიდრე აქამდე ჰქონდა: „ყოველთვის ვემსახურებოდი, ვემსახურები და მოვემსახურები ჩემს ხალხს. მიუხედავად თანამდებობისა. სხვათა შორის, ახლა უფრო მეტი შესაძლებლობა მაქვს გამოვავლინო სიყვარულიც და შრომის უფრო დიდი სურვილიც, ვიდრე ადრე, რადგან პრეზიდენტის თანამდებობა გარკვეულწილად, შეზღუდლია. ახლა აბსოლუტურად თავისუფალი ვარ და შემიძლია ვიყო თქვენს გვერდით, ძვირფასო ხალხო. ჩვენ ყველაზე მთავარი ავიცილეთ თავიდან, ესაა სისხლისღვრა. ოპონენტებმა არ მომცეს დაძინების საშუალება და მოინდომეს ნარინჯისფერი რევოლუციის მოწყობა.“

რთულია პროგნოზირება იმისა, თუ როგორ განვითრდება მოვლენები დე–დაქტო სამხრეთ ოსეთში. მამუკა არეშიძე ამბობს, რომ პროტესტი, რაც ცხინვალში გამოვლინდა, არ შეიძლება უკვალოდ გაქრეს. თუმცა ამ დროისთვის ხელისუფლებამ მიაღწია ყველაფერს, რაც სურდა: დაშალა აქცია, სისხლისღვრისა და ზედმეტი დაძაბულობის გარეშე, ამასთან დაარღვია შეთანხმებაც, რაც მასსა და ოპოზიციას ხელმოწერით ჰქონდა დადასტურებული. მთავარი პირობა, რის გამოც ჯიოევამ უარი თქვა მარტამდე ბრძოლის გაგრძელებაზე, გენერალური პროკურორისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებას ეხებოდა. კოკოითიმ ისინი ჯერ გაათავისუფლა, შემდეგ კი მიავლინა არანაკლებ გავლენიან პოსტებზე ახლადჩამოყალიბებულ საკონსტიტუციო სასამართლოში, ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად.

მამუკა არეშიძე ამბობს, რომ ცხინვალში საზოგადოების დაშინებას ცდილობენ. „გაჩნდა გარკვეული იმედგაცრუება, ხალხის ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ „ამ საქმეს“ არაფერი ეშველება, ისინი ამჩნევენ, რომ კოკოითი რუსეთსაც არ ეპუება და იგნორირებას უკეთებს რუსი შუამავლის მიერ მიღწეულ შეთანხმებას. აგრძელებს ქმედებას ისე, როგორც მას სურს. ვფიქრობ, კოკოითი ამას ბედავს იმიტომ, რომ ხელთ აქვს სერიოზული კომპრომატები რუსეთის ფედერაციის მაღალჩინოსნების კორუფციული საქმიანობაზე“– განმარტავს ექსპერტი.

„ჩვენ ვერ ვხედავთ მომავალ მოკავშირედ საქართველოს, ასეთად შეიძლება განვიხილოთ მხოლოდ დასავლეთ ევროპა, რადგან რუსეთმა ზურგი გვაქცია,“– ამ სიტყვების ავტორი, სოსლან კოკოევი დაპატიმრებულია და სასჯელს იხდის ვლადიკავკაზში ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით. ანალოგიური მოსაზრება, მასზე ცოტა ხნით ადრე გამოთქვა ემიგრაციაში მყოფმა ვლადიმერ სანაკოევმაც სტატიაში „რა მოხდება სამხრეთ ოსეთის თავს“.

XS
SM
MD
LG