სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების ცენტრმა ერთობლივად ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის სოციოლოგიურ ჯგუფთან ჩაატარეს კვლევა თემაზე : “საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა, მისდამი მოქალაქეთა დამოკიდებულება, ადამიანების სოციალური დაცულობის მდგომარეობა”. მოქალაქეებმა უპასუხეს კითხვებს, ბოლო 5 წლის განმავლობაში გაიზარდა თუ შემცირდა მათი და მათი ოჯახების შემოსავლები, მხარს უჭერენ თუ არა ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკას, სინგაპურის მოდელი უფრო მოსწონთ თუ ევროპის ქვეყნების და ა.შ.
კვლევის შედეგად გაირკვა, რომ მოსახლეობის 62, 5 % მხარს არ უჭერს ხელისუფლების მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკას - ამბობს ექსპერტი ნოდარ ჭიჭინაძე :
”მოსახლეობის 66% არ მიიჩნევს, რომ არის სოციალურად იმდენად უზრუნველყოფილი სახელმწიფოს მხრიდან, რომ მოახერხოს სრულყოფილად მიიღოს ჯანდაცვის, განათლების მომსახურება. ანუ, არა მარტო ფიზიკური არსებობისთვის საჭირო და აუცილებელი მომსახურება, არამედ მისი სულიერი და ინტელექტუალური განვითარებისთვის აუციებელი მომსახურება”.
უნდა აღინიშნოს, რომ სათანადო ფინანსების არქონის გამო გამოკითხვა დედაქალაქით შემოიფარგლა. გამოკითხული თბილისელების 46% მიიჩნევს, რომ პირადად მისი და მისი ოჯახის შემოსავლები ბოლო 5 წლის განმავლობაში შემცირდა.
კითხვაზე, თუ რომელ ეკონომიკურ მოდელს უჭერენ მხარს, 68, 5% ევროპული ქვეყნების ეკონომიკურ მოდელს დაუჭირა მხარი ( ეს არის ევროკავშირის ქვეყნები - ჰოლანდია, გერმანია, ავსტრია, ბელგია, დანია და ა.შ.) სინგაპურის მოდელს მხარი გამოკითხულთა 6% დაუჭირა :
” ეს მოდელი გამოკითხული მოსახლეობის 6% მოიწონა. ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის, რომელიც ორიენტირებულია დასავლეთის ფასეულობებზე, სინგაპურის მოდელის გადმოღება ვერანაირად ვერ მოხდება, რადგან სინგაპურული მოდელი ეკონომიკური ან თუნდაც სახელმწიფო მოწყობის, არანაირად არ არის თავსებადი დასავლეთის, განსაკუთრებით მითუმეტეს ევროკავშირის პრინციპებთან. მოგეხსენებათ, სინგაპურში არანაირი სახელმწიფო ჩარევა ეკონომიკაში არ არის. მე არ ვგულისხმობ, რომ სახელმწიფო უნდა ჩაერიოს აქტიურად. მე ვგულისხმობ თამაშის წესების დადგენას, რომლიდან გადაცდომა ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში დასჯადია. იგივე ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის კუთხით ვისაუბრებ, სინგაპურში არანაირი ანტიმონოპოლიური რეგულირება არ არის. რაც შეეხება დასავლეთის ქვეყნებს, ევროკავშირის ქვეყნებს, აქ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა უმაღლეს დონეზეა აყვანილი, მაგრამ ეს სულაც არ ზღუდავს ბიზნესის განვითარებას და არ აფერხებს ეკონომიკურ ზრდას. ანუ, რაგულაცია არ ნიშნავს შეზღუდვას, იგი აწესებს გარკვეულ საზღვრებს, რომლის მიღმა ქმედება უკვე არის კანონიდან გადახვევა და ისჯება შესაბამისი კანონით. ამის გარდა სინგაპურში არ არსებობს შრომის კოდექსი. ვერ ვიტყვი, რომ ირღვევა დასაქმებულთა ინტერესები, თუმცა არ რეგულირდება კანონმდებლობის დონეზე, რაც აბსოლუტურად გამორიცხულია, არ არის თავსებადი ევროპულ მოდელთან. მოგეხსენებათ, ევროპაში, აშშ -ში შრომის კოდექსი უმაღლეს დონეზეა აყვანილი და დასაქმებულის უფლებები და ინტერესები საკმაოდ მაღალ დონეზე რეგულირდება.
მაგრამ მიუხედავად ამისა, სინგაპურში მოსახლეობა კარგად ცხოვრობს, აყვავებულია სინგაპური?
ნოდარ ჭიჭინაძე : - სინგაპურში აბსოლუტურად თავისუფალი, ლიბერალური მიდგომაა ბიზნესის და ეკონომიკის მიმართ .ეს, ბუნებრივია, ინვესტორებისთვის მიმზიდველია და შესაბამისად ინვესტიციების ნაკადიც დიდია ამ ქვეყნის მიმართულებით. ეს პლიუსია, მაგრამ ამას აქვს თავისი მინუსი. ყველა ამ ფაქტორიდან გამომდინარე სინგაპურის ეროვნული, სახელმწიფოებრივი ინტერესები გადასულია უკანა პლანზე და საკმაოდ უკანა პლანზე. ვგულისხმობ იმას, რომ ძირითადი აქცენტის გაკეთება მხოლოდ ბიზნესზე.. ეს ქვეყანაა და არა კომპანია, რომელიც ცდილობს მოიზიდოს ინვესტიციები ნებისმიერ ფასად. ანუ, ჩვენ თუ გვინდა გვქონდეს სახელმწიფო. დამოუკიდებელი, სუვერენული სახეწლმწიფო ვერ ვიქნებით ჩვენ ვერასდროს ვერანაირად ვერ მოვახერხებთ ვიყოთ ჩვენ სინგაპური. თუნდაც იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ სინგაპურში ადგილობრივი, აბორიგენი მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 10% მთელი მოსახლეობის.
მოქალაქეებმა ასევე 10-ბალიანი სისტემით ეკონომიკის განვითარებისთვის ცალკეული პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და კონკრეტული ინსტიტუტების საქმიანობა შეაფასეს. ნოდარ ჭიჭინაძის თქმით შეფასებები 2 ბალიან ნიშნულს არ აღემატა.