ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ჩაის სმა“, რესპუბლიკელები და პრეზიდენტი


„ჩაის სმა“, რესპუბლიკელები და პრეზიდენტი
„ჩაის სმა“, რესპუბლიკელები და პრეზიდენტი

არჩევნების შემდეგ პრეზიდენტმა რეიტინგზე დაიწყო ზრუნვა.

„ჩაის სმის მოძრაობა“ - ეს არის სახალხო გაერთიანება მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომლის წევრებიც ძირითადად კონსერვატიული და ლიბერტარიანული შეხედულებებით გამოირჩევიან. მოძრაობის წევრების მხარდაჭერის წყალობით, გასულ არჩევნებზე რესპუბლიკელებმა კონგრესის ორივე პალატაში მოახერხეს გამარჯვება. თუმცა, მოძრაობას კიდევ უფრო შორს მიმავალი გეგმები აქვს. ლიდერები აცხადებენ, რომ ახალ კონგრესზე გააგრძელებენ ზეწოლას, რათა შენარჩუნდეს დაბალი გადასახადები და შემცირდეს სამთავრობო ბიუროკრატიის ხარჯები.

მოძრაობის აქტივისტი რენდი დაი ჩრდილოეთ კაროლინის შტატის ქალაქი რალიში გამართულ შეკრებას ესწრებოდა:

„ჩვენ აქ ვართ, რათა რესპუბლიკელებს ვუთხრათ, რომ მათ ვაკვირდებით. მათ გაიმარჯვეს, რაც ჩვენ გვიხარია და ჩვენ გვინდა, რომ მათ თავიანთი პირობა შეასრულონ."

როგორც ჩანს, ახლად არჩეული რესპუბლიკელებიც არ გაურბიან თავიანთი პირობის შესრულებას. ალენ ვესტი ფლორიდას შტატიდან არჩეული რესპუბლიკელი კონგრესმენია. მისი თქმით, ამომრჩევლები და „ჩაის სმის მოძრაობის“ მომხრეები ცვლილებების მოლოდინში არიან:

„ამერიკელი ხალხი დადებით მაჩვენებლებს უკვე პირველ 90-120 დღეში ელოდება და თუკი ისინი ამას ვერ იგრძნობენ, მაშინ ჩვენც ცუდი ბედი მოგველის “ - აცხადებს ალენ ვესტი.

კონგრესის ორივე პალატაში რესპუბლიკელებმა უკვე შექმნეს „ჩაის სმის მოძრაობის“ ფრაქციები, რამაც ვაშინგტონში მოძრაობის საქმიანობის გაძლიერებას უნდა შეუწყოს ხელი.

რენდ პოლი კენტუკის შტატიდან ახლადარჩეული სენატორია. მის გამარჯვებაშიც დიდი როლი ჩაის სმის მოძრაობამ ითამაშა. პოლი სენატში ფრაქციის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა. მისი თქმით, „ჩაის სმის მოძრაობა“ უკვე ვაშინგტონშიც იწყებს აქტიურობას.

წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მიშელ ბაჩმანმა „ჩაის სმის მოძრაობას“ მიმართა:

„თქვენ ხმა მიეცით მთავრობაში დიდი ხარჯების წინააღმდეგ და კონგრესში გაიყვანეთ ადამიანები, რომელთაც აქვთ ვალდებულების გრძნობა ჩვენი კონსტიტუციის მიმართ.“

ჯონ ფორტერი ამერიკულ წამოწყებათა ინსტიტუტის ანალიტიკოსია. მისი თქმით:

„ყველაზე მთავარი საკითხი ვალის თემა, ბიუჯეტის დეფიციტი და სამთავრობო ხარჯები იყო. ამისთვის არ არის საჭირო, რომ „ჩაის სმის მოძრაობის“ ყველაზე რადიკალური წევრი იყო. ბევრ დამოუკიდებელ ადამიანს საბიუჯეტო პრობლემებთან დაკავშირებით სერიზული კითხვები აქვს.“

ერისადმი მიმართვაში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ნოემბერში ჩატარებული არჩევნების დროს, ამერიკელმა ხალხმა ორი პარტიის ერთად მუშაობის სურვილი გამოთქვა.

ანალიტიკოსი რიჩარდ ვოლფი ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ პრეზიდენტმა რეიტინგზე დაიწყო ზრუნვა. ვოლფის თქმით, ბარაკ ობამა დამოუკიდებელ ამომრჩევლებში იმიჯის გამოსწორებაზე ზრუნავს.

პრეზიდენტისთვის, რესპუბლიკელებისა და „ჩაის სმის მოძრაობისთვის“ პირველი პოლიტიკური ტესტი უახლოეს დღეებში იქნება, როცა კონგრესში ვალის ზღვრის საკითხი დადგება, რათა მთავრობას კვლავ მიეცეს სესხის უფლება. რესპუბლიკელები კი მთავრობის ქმედებაზე ლიმიტის დაწესებას ითხოვენ.

XS
SM
MD
LG