ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შიდსით დაღუპულთა რაოდენობასთან ერთად დაფინანსებამაც იკლო


შიდსით დაღუპულთა რაოდენობასთან ერთად დაფინანსებამაც იკლო
შიდსით დაღუპულთა რაოდენობასთან ერთად დაფინანსებამაც იკლო

გაეროს მონაცემებით, მსოფლიოში დღეს 34 მილიონი შიდსით დაავადებულია

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უახლესი ანგარიშით იმუნოდეფიციტის ვირუსით დაავადებულთა რიცხვი 2011 წელს 21 პროცენტით შემცირდა. ამის მიუხედავად, ვირუსით გამოწვეული დაავადებით - შიდსით წელიწადში მაინც 2.7 მილიონი ადამიანი ავადდება.

გაეროს მონაცემებით, მსოფლიოში დღეს 34 მილიონი ადამიანია ინფიცირებული.

მიშელ სიდიბი, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში შიდსის პროგრამას ხელმძღვანელობს, აღნიშნავს, რომ 2011 წელი გლობალურ ეპიდემიასთან ბრძოლაში გარდატეხით აღინიშნა:

„ჩვენთვის წელს ახალი ეტაპი დაიწყო. მეცნიერულად დასაბუთდა ფაქტი, რომ მკურნალობის ადრეულ ეტაპზე დაწყების შემთხვევაში ინფექციის დონე 96 პროცენტით მცირდება.“

დროულად ჩატარებულმა სამეცნიერო კვლევებმა და მკურნალობამ სულ ცოტა 700 ათასი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. თუმცა ეს პრობლემის საბოლოო მოგვარებას მაინც არ ნიშნავს. ჩვენს წინაშე ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა - აღნიშნავს ექიმი ანტონი ფაუჩი. იგი ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი შიდსთან ბრძოლის ერთ-ერთი პიონერია და მის სახელს მრავალი მნიშვნელოვანი აღმოჩენა უკავშირდება:

„კარგია ის რომ, რაც უფრო ადრე დავსვამთ დიაგნოზს და რაც მეტ ადამიანს დროულად ვუმკურნალებთ, ვირუსის გავრცელების შანსი და მსხვერპლიც მცირდება. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ დაავადებას სრულად ვაკონტროლებთ“ -აღნიშნავს ექიმი ფაუჩი.

გაეროს ანგარიში აჩვენებს, რომ სუბ-საჰარის აფრიკაში ინფექციას ყოველწლიურად ჯერ კიდევ მილიონ ადამიანზე მეტი ეწირება. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ შიდსის ამ ე.წ . ცხელ ზონებში პროფილაქტიკას, ადრეულ ინტერვენციას და ანტი-რეტროვირუსულ მკურნალობას ეპიდემიის კონტროლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მხოლოდ ამ კომბინაციით იქნება შესაძლებელი ეპიდემიის შემდგომი განვითარების შეჩერება, ამბობს ექიმი ფაუჩი:

„დროული მკურნალობის და სხეულში ვირუსის რაოდენობის შემცირების შემთხვევაში, მისი გადაცემის და შემდგომი გავრცელების შანსი მცირდება. ასე რომ, თუკი მკურნალობას პრევენციულ ზომებსაც შევუსაბამებთ, დაავადებაზე გავიმარჯვებთ და მის სრულ გაკონტროლებას შევძლებთ.“

ექსპერტების აზრით, წარმატების ზეიმი ნაადრევია. ამ ეტაპზე სამეცნიერო კვლევების და მკურნალობის სუბსიდირების შენარჩუნებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

2010 წელს დაფინანსების შემცირებამ წინა წელთან შედარებით, თითქმის მილიარდი დოლარი შეადგინა. გაეროს ქვეყნები მაქსიმალურად შეეცდებიან დანაკლისი როგორმე შეავსონ. მიშელ სიდიბის თქმით, სწორედ შიდსის კონტროლის პოზიტიური დინამიკაა სუბსიდირების გაზრდის აუცილებლობის დადასტურება. "საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, რომ დაავადება საბოლოოდ დავამარცხოთ" - ამბობს ის.

XS
SM
MD
LG