ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რატომ მოსწონთ ახალგაზრდებს ყველაზე ასაკოვანი კანდიდატი?


რატომ მოსწონთ ახალგაზრდებს ყველაზე ასაკოვანი კანდიდატი?
რატომ მოსწონთ ახალგაზრდებს ყველაზე ასაკოვანი კანდიდატი?

ახალგაზრდა რესპუბლიკელთა დიდი ნაწილი მხარს ყველაზე ასაკობრივ კანდიდატს, ყოფილ ექიმს, კონგრესმენ რონ პოლს უჭერს.

ამერიკელი ახალგაზრდების დიდი ნაწილი, როგორც წესი, დემოკრატიული პარტიის გულშემატკივარია. რესპუბლიკელებში ასეთი მოარული გამოთქმაც კი არსებობს, რომელსაც ხშირად შეცდომით უინსტონ ჩერჩილს მიაწერენ ხოლმე, თუმცა ბევრად ადრე, პირველად მე-18 საუკუნის დასასრულში დაიწერა: „20 წლის ასაკში ლიბერალი თუ არ ხარ, გული არ გქონია. და თუკი 40 წლის ასაკში კონსერვატორი არ ხარ, მაშინ ტვინი არ გაქვს“.

ასეა თუ ისე, ახალგაზრდების მხარდაჭერა არჩევნებზე ძალიან მნიშვნელოვანია და მათი ხმების მოპოვებას რესპუბლიკელი და დემოკრატი კანდიდატები ერთნაირად ცდილობენ. სპეციალისტების აზრით, ამერიკის ახლანდელი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას, არჩევაშიც ახალგაზრდების ფართო მხარდაჭერა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იყო.

თუმცა, არც იმის თქმა შეიძლება, რომ ამერიკაში ყველა ახალგაზრდა დემოკრატია. საინტერესო ტენდენცია დაფიქსირდა რესპუბლიკელთა წლევანდელ საპრეზიდენტო მარათონზე. ახალგაზრდა რესპუბლიკელთა დიდი ნაწილი მხარს ყველაზე ასაკობრივ კანდიდატს, ყოფილ ექიმს, კონგრესმენ რონ პოლს უჭერს.

23 წლის ბრაიან პარკერი ვაშინგტონში მცხოვრები პროფესიონალია, რომელსაც უნივერსიტეტის დიპლომი აქვს და პოლიტიკა ძალიან აინტერესებს. ის რონ პოლის მხარდამჭერ ჯგუფს ხელმძღვანელობს. ბრაიანიც რონ პოლივით ლიბერტარიანელია, იმ პარტიის წარმომადგენელი, რომელიც პოლიტიკური მართვის მთავარ პრიორიტეტებად ინდივიდუალურ თავისუფლებებს და მთავრობის მხრიდან მინიმალურ რეგულირებას თვლის.

რონ პოლი იმიტომ მომწონს, რომ ის ერთადერთი კანდიდატია, რომელმაც იცის, რაზე საუბრობს და რომელსაც ქვეყნის ინტერესები გულთან ყველაზე ახლოს მიაქვს“ - ამბობს ბრაიანი.

76 წლის რონ პოლი რესპუბლიკურ პარტიაში საპრეზიდენტო კანდიდატობის ნომინაციის პრეტენდენტთა შორის უხუცესია. ასაკის მიუხედავად, უახლესი გამოკითხვები ადასტურებენ, რომ მას დანარჩენ კანდიდატებთან შედარებით 18-დან 34 წლამდე ასაკის რესპუბლიკელთა ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს.

რონ პოლის მესიჯი ქვეყანაში თავისუფლების აღდგენის აუცილებლობის შესახებ განსაკუთრებით ხიბლავს ინგლისურის მასწავლებელს, ახალგაზრდა პროფესიონალს ქრისტინ ოსტინს.

„რონ პოლი ის ადამიანია, რომელიც თავისუფლების მხარეს მყარად დგას და მასზე მუდმივად საუბრობს. რესპუბლიკური პარტია ამ ღერძს იმდენად დასცილდა, რომ თავისუფლებაზე დანარჩენი კანდიდატები აღარც საუბრობენ“ - ამბობს ქრისტინი.

ახალგაზრდებს რონ პოლის ომის და გადასახადების წინააღმდეგ მიმართული კამპანიაც ხიბლავთ. სპეციალისტები უხუცესი კანდიდატის პოპულარობას ახალგაზრდა ელექტორატში იმით ხსნიან, რომ პარტიულობის მიუხედავად ამ ასაკის ამომრჩეველი, როგორც წესი, ზედმეტი რეგულირების და მეტი თავისუფლების მომხრეა. ბრაიანს, ქრისტინს და მათ თანამოაზრეებს სჯერათ, რომ რონ პოლი ერთადერთი რესპუბლიკელი კანდიდატია, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში თეთრ სახლში სერიოზული ცვლილებებით მოვა.

XS
SM
MD
LG