ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წინასაარჩევნო შეხვედრები ცხინვალში


წინასაარჩევნო შეხვედრები ცხინვალში
წინასაარჩევნო შეხვედრები ცხინვალში

ერთ–ერთი საკითხი, რომელსაც წინასაარჩევნო სატელევიზიო გამოსვლებისას კანიდატები შეეხნენ, ჯანდაცვაა.

კვირას ცხინვალში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ორი კანდიდატი, ალა ჯიოევა და ანატოლი ბიბილოვი რამდენჯერმე გამოვიდნენ ადგილობრივი ტელევიზიით ცხინვალში და მოსახლეობას მიმართეს. ალა ჯიოევამ განაცხადა, რომ მისთვის სერიოზული შანსია სატელევიზიო ეთერი ამომრჩევლებთან კონტაქტის დამყარებისთვის.

არჩევნებამდე გაკეთებულ განცხადებებს შორის განსაკუთრებით საინტერესო მოქმედი პრეზიდენტის, კოკოითის გამონათქვამია იმის შესახებ, რომ სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტად ქალი ვერ იქნება. ამ აზრს თავისებურად გამოეხმაურა პრეზიდენტობის კანდიდატი ბიბილოვიც, რომელმაც განაცხადა, რომ პრეზიდენტობა რთულად შესასრულებელი მისიაა. 21 ნოემბერს ის ვლადიკავკაზში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევსაც შეხვდა. ერთ–ერთ ინტერვიუში, როდესაც მას კითხეს იმის შესახებ, თუ ვინ იყო შეხვედრის ინიციატორი, განაცხადა, რომ მედვედევის ვიზიტის შესახებ ერთი დღით ადრე შეიტყო. „მე დამპატიჟეს, როგორც ომის მონაწილე, რადგან შეხვედრაზე, რომლის თაობაზეც მაცნობეს, საუბარი უნდა ყოფილიყო 58–ე არმიის შესახებ. მართლაც, მედვედევი, ძირითადად არმიის რეფორმირების აუცილებლობის შესახებ ლაპარაკობდა, აცხადებდა, რომ საჭიროა მისი უკეთესად აღჭურვა. ჩემთვის დიდი პატივია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მხრიდან მხარდაჭერა ასეთ მაღალ დონეზე. ბუნებრივია, ეს თავისებურ პასუხისმგებლობასაც მანიჭებს “– ამბობს ანატოლი ბიბილოვი, რომელმაც არმიის აღჭურვისა და ჯარისკაცებისთვის უკეთესი პირობების შექმნის აუცილებლობის შესახებ საკუთარ წინასაარჩევნო გამოსვლაშიც გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენ უახლოეს დღეებში ველოდებით წარმომადგენლობით დელეგაციას მოსკოვიდან, ჩამოვლენ ბიზნესმენები რომლებიც მზად არიან სამხრეთ ოსეთის ბიზნესში ჩადონ ფული. ხაზი მინდა გავუსვა იმასაც, რომ არავითარ შემთხვევაში არ შემცირდება სამხედროების რაოდენობა სამხრეთ ოსეთში, პირიქით, ჩვენ განზრახული გვაქვს შევინარჩუნოთ და გავზარდოთ მათი რიცხვი, გარდა ამისა, უკეთესად აღვჭურვოთ და გავუზარდოთ შემოსავალი,“– ამბობს ბიბილოვი.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან ბიბილოვის შეხვედრის ფაქტი განსხვავებულად ახსნა პრეზიდენტობის კანდიდატმა ალა ჯიოევამ. მან განაცხადა, რომ მედვედევი სწორედაც იმიტომ შეხვდა ბიბილოვს, რომ მისთვის შეეხსენებინა ობიექტურობის აუცილებლობის შესახებ. „ამას რუსი პოლიტიკოსები ისეთი დიპლომატიური ხერხებით აკეთებენ, რომელიც მხოლოდ მათთვისაა დამახასიათებელი,“– ამბობს ალა ჯიოევა.

ერთ–ერთი საკითხი, რომელსაც წინასაარჩევნო სატელევიზიო გამოსვლებისას კანიდატები შეეხნენ, ჯანდაცვაა. ბიბილოვმა განაცხადა, რომ აცნობიერებს მდგომარეობას, როდესაც ცხინვალში არაა საკარისი რაოდენობისა და ხარისხის სამედიცინო მომსახურება, რის გამოც, მოქალაქეებს, ხშირად უწევთ ვლადიკავკაზში ან რუსეთის სხვა ქალაქებში წასვლა სამკურნალოდ.

ჯანდაცვაზე საუბრისას ალა ჯიოევამ მოიკითხა ის თანხა, რაც წლების მანძილზე საავადმყოფოების აღჭურვისთვის გამოიყოფოდა, ასევე მოიკითხა საჩუქრად გადაცემული ძვირადღირებული სამედინიცო აპარატურა, რაც მისი თქმით გაუჩინარდა. „ესეც ალბათ ალა ჯიოევამ გაყიდა“,–იხუმრა მან.

არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ბიბილოვი პირველ რიგში გეგმავს კომისიის შექმნას, რომელიც გამოარკვევს რაა გაკეთებული და რა არ გაკეთებულა რესპუბლიკაში, ჩაატარებს ერთგვარ ინვენტარიზაციას და დაადგენს, თუ რა წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და რა კომუნალურს. იგი ასევე მნიშვნლოვნად მიიჩნევს მოსახლეობის აღწერას, რათა ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს, რამდენი ამომრჩეველია სამხრეთ ოსეთში. ასევე ყურადღებას მიაქცევს კვალიფიკაციის საკითხს კადრების შერჩევისას. ბიბილოვი სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს პენციის მომატებასაც დაჰპირდა.

სანამ დაპირებები რეალობად იქცევა, არჩევნების მეორე ტურია გადასალახი, რომელიც 27 ნოემბერსაა დაგეგმილი. ჯიოევას გუნდმა საკუთარი მომხრეების მობილიზებაზე ამჯერად უფრო მეტად იზრუნა. იმისთვის, რომ ვლადიკავკაზში მაცხოვრებელმა სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებმა ხმის მიცემა შეძლონ, მათ სპეციალური ავტობუსები მოემსახურებათ, რომლებიც ჯერ ვლადიკავკაზიდან ზემო რუხის მიმართულებით გადაიყვანს ამომრჩევლებს, შემდეგ კი უკან დააბრუნებს. გადაადგილებას სამოქალაქო მოძრაობა „სამართლიანი არჩევნებისთვის“ უზრუნველყოფს.

XS
SM
MD
LG