ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინგლისურის სწავლას ქართველი ბავშვები პირველი კლასიდან დაიწყებენ


ინგლისურის სწავლას ქართველი ბავშვები პირველი კლასიდან დაიწყებენ
ინგლისურის სწავლას ქართველი ბავშვები პირველი კლასიდან დაიწყებენ

მრგვალი მაგიდა მოაწყო ერეკლე მეორეს საზოგადოებამ, სადაც მონაწილეებმა გამოთქვეს მოსაზრებები, რომ პირველკლასელებისთვის უცხო ენის შესწავლა სასურველი არ არის.

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ახალი სასწავლო წლიდან ყველა საჯარო სკოლაში ინგლისურს პირველი კლასიდანვე შეისწავლიან. პრეზიდენტის ინიციატივის განსახორციელებლად გასული წლიდან დღემდე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებიდან ათასობით პედაგოგი ჩამოვიდა, ამავე დროს ინგლისური ენის პედაგოგების გადამზადება მიმდინარეობს.

საქართველოში მშობლიური ენისა და უცხოური ენის სწავლების პოლიტიკასთან დაკავშირებით, ამ დღეებში მრგვალი მაგიდა მოაწყო ერეკლე მეორეს საზოგადოებამ, სადაც მონაწილეებმა გამოთქვეს მოსაზრებები, რომ პირველკლასელებისთვის უცხო ენის შესწავლა სასურველი არ არის, რომ პედაგოგიკის ისტორიაში და მეცნიერებაში დაზუსტებულია, რომ საწყის ეტაპზე ბავშვმა განათლება მხოლოდ მშობლიურ ენაზე უნდა მიიღოს. უცხო ენის შესწავლა 5-6 წლის ასაკში ბავშვის შესაძლებლობებს ამცირებს , თვლიან ექსპერტები.

ერეკლე მეორის საზოგადოების თავმჯდომარის, არჩილ ჭყოიძის თქმით, გლობალიზაციის მზარდმა ტემპებმა ეროვნული ნიშნით შექმნილი სახელმწიფოები დიდი გამოცდის წინაშე დააყენა:

” მსოფლიომ ამ პროცესში ერთაშორისი ურთიერთობის ენად ინგლისური აირჩია და სრულიად ბუნებრივია, რომ ამ ენას სწავლობს ყველა მსოფლიოს ყველა კონტინენტზე. ენების ცოდნა დიდი განძია, მაგრამ თუ კი უცხო ენების მშობლიურ ენაში შეჭრა არ იქნება მეცნიერულად გააზრებული, იგი ქართულ ენას დიდ ზიანს მოუტანს. ” რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს !”

ამბობდა გრიგოლ ორბელიანი. სწორედ ენის გადარჩენა, მისი თვითმყოფადობის შენარჩუნება და ქართული უნიკალური კულტურის დაცვა უნდა გახდეს დღეს ყველა ჩვენგანის საზრუნავი. ამავდროულად, დაუშვებელია რუსული ენის განდევნა საქართველოს ლინგვისტური სივრციდან.ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია რუსული ენის არა მხოლოდ შენარჩუნება, არამედ მისი გაძლიერება, რისთვისაც ასევე სათანადო სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაა საჭირო :

” ინგლისურ ენას არავინ ეწინააღმდეგება. მინდა გითხრათ, რომ დედაჩემი არის სპეციალისტი ინგლისური ენის, ჩემი ქალიშვილი ბაირონის სკოლას ამთავრებს და შესანიშნავად ფლობს ინგლისურს. მე მომხრე ვარ ინგლისური ენის შესწავლის, ინგლისური კულტურის, მაგრამ არა იმის, რაც დღეს ხდება საქართველოში . ჩამოყავთ უბრალოდ ინგლისურ ენაზე მოლაპარაკე ხალხი და არა პედაგოგები. ძალიან კარგი იქნება, თუ მაღალკვალიფიციური პედაგოგები ჩამოვლენ, თუმცა ჩვენც გვყავს საკმაოდ კარგი პედაგოგები საქართველოში, მათაც შეუძლიათ ასწავლონ ინგლისური ჩვენს სტუდენტებს, სკოლის მოწაფეებს თუ აბიტურიენტებს. და არა ის პიროვნებები, რომლებიც გაურკვეველია საერთოდ ვინ არის ეს ხალხი, რა განათლება აქვთ.. აბსოლუტურად არ იქცევიან ისე, როგორც უნდა იქცეოდეს პედაგოგი. მარტო ინგლისურის ცოდნა არ ყოფნის, რომ ასწავლო.. შეიძლება იყოს ადამიანი კარგი ფეხბურთელი, მაგრამ არ გამოვიდეს კარგი მწვრთნელი ასეა ვფიქრობ ამ შემთხვევაშიც. მინდა ხაზი გავუსვა, რომ არავინ იფიქროს, თითქოს ერეკლე მეორეს საზოგადოება ეწინააღმდეგება ინგლისურ ენას, პირიქით. უბრალოდ ჩვენ გვინდა ეს იყოს უფრო მაღალკვალიფიციური და არ ხდებოდეს მშობლიურ ენასთან ერთად დაწყებით კლასებში მისი სწავლება. ასევე, არ უნდა მოხდეს რუსული ენის გაუქმება, სკოლების დახურვა, მე-7 კლასში რუსული ენის გადატანა, როცა პირველ კლასიდან ვიწყებთ ინგლისურის სწავლას. პირველი კლასიდან ქართული ენის გარდა არ უნდა ისწავლებოდეს არცერთი ენა”.

მწერალი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი სოსო სიგუა თვლის, რომ გადაწყვეტილება ინგლისურის პირველი კლასიდან სწავლის შესახებ განპირობებულია ქართველებისთვის დამახასიათებელი პრაგმატიზმით:

”მე მგონი აქ მოქმედებს პრაგმატიზმის პრინციპი. იმიტომ, რომ ინგლისურის ცოდნა დღეს მომგებიანია, ინგლისური არის მსოფლიოში საკომუნიკაციო ენა, ამიტომ ნაციონალური ინტერესი უკანა პლანზე იწევს, წინა პლანზე გადმოდის პრაქტიცისტული დამოკიდებულება. მე-19 საუკუნეში, როდესაც ბატონობდა რუსული ენა, ყველა ცდილობდა შვილებისთვის რუსული განათლება მიეცა, რუსული ენა ოჯახებში მკვიდრდებოდა."

XS
SM
MD
LG