ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა სურთ კონფლიქტის ზონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს?


რა სურთ კონფლიქტის ზონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს?
რა სურთ კონფლიქტის ზონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს?

ურთიერთობების აღდგენისა და სიტუაციის დარეგულირების გასაღები შერეული ოჯახების რესურსშია, რომლის წარმომადგენლებიც კონფლიქტის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდნენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართლოსი“ უკვე ხუთი წელია ქართულ–ოსური ურთიერთობების საკითხზე მუშაობს და გორშია ბაზირებული. მისი დახმარებით ქართველი, ოსი და შერეულ ოჯახებში მცხოვრები ახალგაზრდები ერთმანეთთან შეხვედრას ახერხებენ.

გუშინ ორგანიზაციამ საზოგადოებას წარუდგინა შედეგები, რაც „შიდა ქართლში მცხოვრები ქართველი და ოსი ახალგაზრდების მხარდაჭერის“ პროექტმა მოიტანა. პროექტის ავტორებმა ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებიდან შეარჩიეს აქტიური ახალგაზრდები, რომლებიც პერიოდულად იკრიბებიან, ერთობლივად მსჯელობენ და შეიმუშავებენ რეკომენდაციებს იმის შესახებ, რასაც ყველაზე აქტუალურად მიიჩნევენ.

შეკრებების დრო ზუსტად ემთხვევა დვანში მიმდინარე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში მიმდინარე მოლაპარაკებების წინა პერიოდს, რომელიც ჟენევის შეხვედრებიდან გამომდინარე იმართება. ახალგაზრდები საკუთარ რეკომენდაციებს ერთი კვირთ ადრე აცნობებენ დვანის მოლაპარაკების მხარეებს. თუმცა აქ მხოლოდ ახალგაზრდების რეკომენდაციები არაა, ესაა პრობლემების გადაწყვეტის მათეული ხედვაც ამავდროულად.

ახალგაზრდებმა გორის, კასპის და ქარელის მუნიციპალიტეტების სოფლებიდან: შავშვები, წითელუბანი, დიდი ხურვალეთი, ნაწრეტი, გამდლისწყარო, ზადიაანთკარი, ზემო რენე, ნიგოზა, ქვემო რენე, ყარაფილა, თვაურები, ხვითი, გორაკა, ვაკე, პანტიანი, ელბაკიაანთ კარი, ყინწვისი გაიარეს სტაჟირებები თბილისში სხვადასხვა ორგანიზაციებში, მოისმინეს ტრენინგ- სემინარები, მოახდინეს თემთა მობილიზაცია და ახლა ცდილობენ ადგილზე განახორციელონ სამშვიდობო ინიციატივები.

მეგი ბიბილური, ორგანიზაცია „ქართლოსის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ახალგაზრდებს კონფლიქტის გადაწყვეტის გზების განსაკუთრებული ხედვა აქვთ.

„ზოგჯერ ისეთ ინიციატივას მოისმენ მათგან, შემდგომ გაოცებული ფიქრობ, როგორ შეიძლებოდა ეს თავში აქამდე არ მოგსვლოდა,“– ამბობს მეგი ბიბილური.

შეხვედრას სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორი ალექსანდრე რუსეცკიც ესწრებოდა, რომელიც ამავდროულად „ქართლოსის“ პროექტის კონსულტანტია. იგი ამბობს, რომ ქართულ–ოსური და ქართულ–აფხაზური კონფლიქტები არ შეიძლება წმინდა წყლის ეთნიკურ კონფლიქტებად მივიჩნიოთ. ურთიერთობების აღდგენისა და სიტუაციის დარეგულირების გასაღები კი მისი აზრით შერეული ოჯახების რესურსშია, რომლის წარმომადგენლებიც კონფლიქტის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდნენ.

დედა ქართველი, მამა ოსი, მამის მხრიდან ბებია ქართველი, პაპა ოსი, რძალი ქართველი – ასეთია 20 წლის მარი კაძილოვის ოჯახი, რომელიც ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ, სოფელ წითელუბანში ცხოვრობს. რამდენიმე მეტრში მათ ოსური სოფელი წინაგარა ესაზღვრებათ. მარიმ სკოლა 2009 წელს გაამთავრა, უკვე ოკუპირებულ ახალგორში, შემდეგ კი იქ არათუ სწავლის გაგრძერლება შეძლო, შესვლაც ვეღარ მოახერხა, რადგან ახალგორში არაა ჩაწერილი. იგი ერთერთია, რომელიც ინტენსიურად ფიქრობს ინიციატივებზე, რაც ორივე, ქართული და ოსური მხარისთვის იქნება სასარგებლო.

„თუ გვექნება საშუალება, რომ ოს ახალგაზრდებსაც ავუხსნათ, ჩვენ რას ვაკეთებთ, დარწმუნებული ვართ, ისინიც მოინდომებებ ჩვენთან ერთად მუშაობას,“– ამბობს მარი კაძილოვი.

XS
SM
MD
LG