ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ქართული ოცნების“ დებიუტი


ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის შემდეგ ბერა ივანიშვილმა საკუთარი სიმღერა შეასრულა.

დღეს თავისუფლების მოედანი და მისი მიმდებარე ტერიტორია სამანქანო მოძრაობისთვის გადაკეტილი იყო. იქ უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კამპანიის დაწყება გრანდიოზული აქციით აღნიშნა. თავისუფლების მოედნამდე, რომელიც შეკრების საბოლოო წერტილს წარმოადგენდა, მსვლელობა სამი ადგილიდან დაიწყო: ვაკის პარკიდან, ავლაბრის მეტროდან და დინამოს სტადიონიდან. სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, აქციას 110 ათასი ადამიანი ესწრებოდა, რომელთაც ეკავათ ტერიტორია თავისუფლების მოედნიდან კინოთეატრ „რუსთაველამდე“ და პუშკინის ქუჩაზე, ხელოვნების მუზეუმამდე. თავისუფლების მოედანზე, საკრებულოს შენობის წინ დამონტაჟებულ საგანგებო სცენაზე, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ, სიტყვით საზოგადოებას კოალიციის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა მიმართა. „ჩვენი მიზანია არა ვინმეს დამარცხება, არამედ საქართველოს გამარჯვება“,– აღნიშნა მან.

ივანიშვილის სიტყვა ხანმოკლე იყო, თუმცა საკმაოდ მკაფიოდ დაფიქსირდა ის ძირითადი თემები, რომლებზეც კოალიცია მომავალში აქცენტებს გააკეთებს. „ჩვენს ქვეყანაში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა, ხალხს ბანკის ვალი ახრჩობს, არ აქვთ ხელმისაწვდომობა ჯანდაცვაზე, ჩვენ შევთავაზებთ უფასო სადაზღვევო პაკეტს საქართველოს ყველა მოქალაქეს“,– განაცხადა ივანიშვილმა მიტინგზე და დასძინა, რომ შემოდგომამდე მიზანმიმართული მუშაობით ქვეყნის ერთ მუშტად შეკვრას და არჩევნებში გამარჯვებას აპირებს.

დღეანდელ მიტინგს სკანდირების გარეშე არ ჩაუვლია. ამჯერად ისმოდა სახელი „ბიძინა“.

ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის შემდეგ ბერა ივანიშვილმა საკუთარი სიმღერა შეასრულა.

კოალიციის წარმომადგენელთა მსვლელობას ბურჯანაძის პარტიის წევრებიც შეუერთდნენ. ირაკლი ალასანიას განცხადებით, სოლიდარობის აქციაში მონაწილეობის მიღება ყველასთვისაა ნებადართული. ჩვენ ყველას მოვუწოდებთ მონაწილეობა მიიღოს ამ მსვლელობაში“,– განაცხადა მან.

თავისუფლების მოედანზე საზოგადოების მსვლელობის პარალელურად პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ემბავუდის“ქარხანაში იმ მეწარმეებს ხვდებოდა, რომელთა მიერ წარმოებული პროდუქცია გუშინ, საქართელოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით რუსთაველის მოედანზე იყო გამოფენილი. „არ მახსოვს ოდესმე იმდენი ადამიანი შეკრებილიყოს რუსთაველზე, რამდენიც მე გუშინ ვნახე“,– განაცხადა პრეზიდენტმა.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის თანახმად ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობის არ ქონის მიუხედავად, არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევა, როგორც ევროპის კავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეს. რასაც მოჰყვა ივანიშვნილის პასუხი იმის თაობაზე, რომ იგი უარს იტყვის საარჩევნო სიაში მოხვედრაზე. მისი არგუმენტი მდგომარეობდა იმაში, რომ პარლამენტმა საერთაშორისო სამართლებრივი სივრცის პრაქტიკაში უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება დაუშვა ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქისთვის და გამორიცხა ამგვარი რამ ორმაგი მოქალაქეობის შემთხვევაში. პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ივანიშვილის ამგვარ რეაქციაზე განაცხადა, რომ საქართველოში არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლებას არც ერთ მოქალაქეს არ ართმევენ და ამდენად, ეს საკითხი მოქალაქის პირადი არჩევანის კონტექსტში ინაცვლებს.

„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიაში სრული სვლით ერთვება და აქტიურობს არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონული ოფისების დონეზეც. დღევანდელი მიტინგით კოალიციამ ერთის მხრივ საარჩევნო კამპანიის ოფიციალური დაწყება აღნიშნა, მეორეს მხრივ კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს კარგი შემთხვევა იყო ზოგადად, ძალების მოსინჯვისთვის და არჩევნებში საკუთარი შანსების შეფასებისთვის.

XS
SM
MD
LG