ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი ანტიტერორისტული სტრატეგია


ახალი ანტიტერორისტული სტრატეგია
ახალი ანტიტერორისტული სტრატეგია

ობამას ადმინისტრაციამ თავისი ახალი კონტრ-ტერორისტული სტრატეგია გამოაქვეყნა. პრეზიდენტის მრჩეველმა საერთაშორისო პარტნიორებს, მათ შორის პაკისტანს მადლობა უთხრა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში აღმოჩენილი დახმარებისათვის.

პრეზიდენტმა ობამამ კონტრ-ტერორიზმის საკითხებში ეროვნული სტრატეგიის განსაზღვრის დროს განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ამერიკელი სამხედრობის დიდ ძალისხმევას ამ საქმეში. მისი თქმით:

“მათ შეძლეს მძიმე დარტყმა მიეყენებინათ მტრისთვის, რამაც მნიშვნელოვნად დაასუსტა ალ-ყაიდას შესაძლებლობები.“

პრეზიდენტის პრესკონფრენცია თეთრ სახლში დიდი ხანია აღარ გამართულა და მაშინ ჩატარდა, როდესაც ერთი კვირის წინ ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის ობამასეული გეგმა გამოქვეყნდა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში გამოსვლისას პრეზიდენტ ობამას მრჩეველმა კონტრ-ტერორიზმის საკითხებში ჯონ ბრენანმა ადმინისტრაციის ახალ სტრატეგიაზე გაამახვილა ყურადღება:

“ ეს სტრატეგია თავად შეერთებული შტატებში ალ-ყაიდას და მისი მომხრეების განეიტრალებას ისახავს მიზნად. პირველად ისტორიაში კონტრ-ტერორისტული ოპერაციები ჩვენი სამშობლოს ტერიტორიით იქნება განსაზღვრული.“

ტერორისტებმა რამდენჯერმე მიიტანეს იერიში ამერიკაზე 11 სექტემბრის შემდეგ. 2010 წლის მაისში მათ ნიუ იორკში თაიმს სქვერზე სცადეს ბომბის აფეთქება. 2009 წლის ნოემბერში კი ამერიკის არმიის სამხედრო ფსიქიატრმა იემენელი რადიკალი სასულიერო პირის წაქეზებით „ფორტ ჰუდში“ ტეხასში 13 ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს.“

ჯონ ბრენანის განცხადებით შეერთებული შტატების შეშფოთებას იწვევს ირანის ბირთვული ამბიციები, ასევე აუცილებელია ალ-ყაიდას და მისი მომხრეების განადგურება იემენში, პაკისტანსა და სომალიში.

პრეზიდენტის მრჩეველი თვლის, რომ ტერორიზმთან წინააღმდეგ საბრძოლველად სულაც არ არის აუცილებელი ამერიკამ უზარმაზარი არმიები გააგზავნოს საზღვარგარეთ, უფრო მიზანშეწონილი იქნება, თუ ქირურგიული სიზუსტით დაგეგმილ ოპერაციებს ჩაატარებენ მოწინააღმდეგის გასანადგურებლად.

ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ მაისში ამერიკელი კომანდოსების მიერ ოსამა ბინ ლადენის განადგურებამ და ახლო აღმოსავლეთში ანტი-სამთავრობო გამოსვლების დაწყებამ მძიმე დარტყმა მიაყენა ალ-ყაიდას და ფაქტიურად თამაშგარე მდგომარეობაში დატოვა მსოფლიო პოლიტიკაში.

XS
SM
MD
LG