ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯორჯ ბუშმა უმცროსმა პრეზიდენტ ობამასთან ერთად საკუთარი პორტრეტი საზეიმოდ გახსნა


ექს-პრეზიდენტმა ბუშმა იხუმრა, რომ მისი პორტრეტი თეთრი სახლის კედელზე მისი პოლიტიკური მემკვიდრისათვის შთაგონების წყარო იქნებოდა.

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და მისი წინამორბედი, ჯორჯ ბუში უმცროსი ხუთშაბათს თეთრ სახლში ერთად გამოჩნდნენ. ამერიკის ხმის კორესპონდენტის, კენტ კლეინის ინფორმაციით, ექს-პრეზიდენტი ბუში და მისი მეუღლე - ლორა თეთრ სახლს მათი ოფიციალური პორტრეტების საზეიმოდ გახსნის ცერემონიალზე დასასწრებად სტუმრობდნენ.

პორტრეტების კედელზე განთავსების ცერემონიალმა ყოფილი პრეზიდენტი ბუში, პირველად ორი წლის მანძილზე, თეთრ სახლში დააბრუნა. 2009 წელს პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ, იგი მხოლოდ რამდენჯერმე გამოჩნდა საჯაროდ.

ამერიკელი მხატვრის, ჯონ ჰოვარდ სანდენის მიერ შესრულებულ, 43-ე პრეზიდენტის პორტრეტის გახსნას ოჯახის წევრები, მეგობრები და თეთრი სახლის ყოფილი ოფიციალური პირები დაესწრნენ.

ექს-პრეზიდენტი ბუში ოვალურ ოფისში, “A Charge to Keep” სახელწოდების ნახატის წინ არის გამოსახული. აღნიშნული ნახატი ამ ოფისში მისი პრეზიდენტობის განმავლობაში იყო განთავსებული. ჯორჯ ბუში ამ დეტალის გათვალისწინებას სათანადოდ მიიჩნევს.

“ჯონს ამ ფონის ჩართვა ვთხოვე, რადგან იგი იმ არაჩვეულებრივ ადამიანებს მაგონებს, რომელთა წინაშეც მქონდა პატივი მემსახურა. კაბინეტსა თუ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ეს ქალბატონები და ბატონები, რომელთაგან ბევრი აქ არის წარმოდგენილი, დაუღალავად შრომობდნენ და ღირსეულად მსახურობდნენ. ჩვენ ვიკისრეთ პასუხისმგებლობა და ვიზრუნეთ მის შესრულებაზე.”

2008 წლის საპრეზიდენტო კამპანიიდან მოყოლებული, პრეზიდენტი ობამა საკმაოდ კრიტიკულია მისი წინამორბედის მიმართ. კამპანიის დროს ობამა ბუშის ერაყში შეჭრის გადაწყვეტილებასა და ავღანეთში ომის წარმოებას აკრიტიკებდა.

ქვეყნის სათავეში მოსვლის შემდეგ, ობამა ბუშის პრეზიდენტობის დროს დაწყებული ფინანსური კრიზისის სიმძიმეზე მიუთითებს და ხშირად წინამორბედს სდებს ბრალს შექმნილი ვითარების გამო.

ხუთშაბათს იგი კვლავ მიუბრუნდა 2008 წლის ფინანსურ პრობლემას, თუმცა მადლობა გადაუხადა ყოფილ პრეზიდენტს აღებული “ტაიმაუტისთვის”, რათა ხელი შეეწყო მისი ხელისუფლებაში შეუფერხებელი მოსვლისათვის.

“პრეზიდენტ ბუშს ესმოდა, რომ ჩვენი ეკონომიკის გადარჩენა არ იყო მხოლოდ დემოკრატების ან მხოლოდ რესპუბლიკელების პრობლემა -- ეს ამერიკის პრიორიტეტი იყო. ამის გამო, მე ყოველთვის მისი მადლიერი ვიქნები.”

ექს-პრეზიდენტმა ბუშმა იხუმრა, რომ მისი პორტრეტი თეთრი სახლის კედელზე მისი პოლიტიკური მემკვიდრისათვის შთაგონების წყარო იქნებოდა.

“მეც ასევე მოხარული ვარ, ბატონო პრეზიდენტო, რადგან ამიერიდან, როდესაც ამ დერეფნებში ივლით რთული გადაწყვეტილებების მისაღებად, ახლა უკვე შესაძლებლობა გექნებათ ჩემს პორტრეტს შეხედოთ და იკითხოთ - “რას მოიმოქმედებდა ჯორჯი?”

ექს-პრეზიდენტ ბუშის მამა, ყოფილი პრეზიდენტი ჯოჯრ ბუში უფროსი, ასევე ესწრებოდა ცერემონიალს მეუღლესთან ერთად. უმცროსმა ბუშმა მამას, რომელსაც მალე 87 წელი შეუსრულდება, მოკლედ, თუმცა ემოციურად მიმართა და “უანგარო სიყვარულისათვის” მადლობა გადაუხადა.

XS
SM
MD
LG