ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ცენტრალური ბანკი სტაბილურობას ინარჩუნებს


A suspected Chinese fishing vessel that got stuck on a protected reef in the Philippines, April 8, 2013. (Philippines Navy)
A suspected Chinese fishing vessel that got stuck on a protected reef in the Philippines, April 8, 2013. (Philippines Navy)

აშშ-ში ხანგრძლივი ეკონომიკური ზრდისთვის ჩაყრილი საფუძველი ჯერჯერობით სიმტკიცეს ინარჩუნებს.

ევროპაში მზარდი ფინანსური კრიზისის ფონზე, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მსოფლიო ეკონომიკის ზრდის კიდევ უფრო მოკრძალებულ პროგნოზს აკეთებს.

გაეროს ექსპერტების ცნობით, ევროპული ბანკების დავალიანებები მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება, საბიუჯეტო კრიზისი გაღრმავდება და ფინანსურ ბაზრებს მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვანი უწესრიგობა ელით.

პესიმისტური პროგნოზების მიუხედავად ბენ ბერნანკე, ფედერალური რეზერვის თავმჯდომარე, შეერთებული შტატების კონგრესში აცხადებს, რომ ამერიკის ცენტრალური ბანკი ძველებურად მყარ პოზიციებზე დგას. იმის მიუხედავად, რომ გასულ თვეში უმუშევრობის მაჩვენებელმა ბევრს გაუცრუა იმედები, ბენ ბერნანკე თვლის, რომ ქვეყანაში ხანგრძლივი ეკონომიკური ზრდისთვის ჩაყრილი საფუძველი ჯერჯერობით სიმტკიცეს ინარჩუნებს.

„შეერთებული შტატების ბანკები, როგორც უკვე მოგახსენეთ, უკანასკნელი წლების მანძილზე ფინანსურად გაძლიერდნენ. თუმცა, სიტუაცია ევროპაში ამერიკის ფინანსური სისტემის და ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი რისკების შემცველია და ამიტომ მისი დეტალური მონიტორინგი აუცილებლად საჭიროა“.

ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ მსოფლიო ბაზრები ევროპაში მიმდინარე მოვლენების გამო კრიზისის ზღვარზე კიდევ დიდხანს იქნებიან. ექსპერტები რიგ ქვეყნებში რეცესიის ხელახალ ტალღას ელიან, შიშობენ ესპანეთში ახლახან განვითარებული საბანკო კრიზისის გამო და ვარაუდობენ, რომ საბერძნეთმა შესაძლოა ევროზონა მართლაც დატოვოს.

„პოლიტიკოსები ევროპაში ძალზე ეფექტურად ახერხებენ ინვესტორების დაშინებას და ქაოსის შექმნას. ძალიან მალე, ამის გამო მათ რამდენიმე ურთულესი გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ, რომელიც მათგან არამარტო არსებული პრობლემების გადაჭრას, არამედ საინვესტიციო სფეროს წარმომადგენლების დაშოშმინებასაც მოითხოვს“ - აღნიშნავს საბაზრო სისტემის სტრატეგი, შტეფან ვუდი.

ინვესტორები მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის შემხედვარე შესაძლოა ვარაუდობენ, რომ ქვეყანას ფინანსური სტიმულირების მეორე რაუნდი დასჭირდება. ამასთან დაკავშირებით ფედერალური რეზერვის თავმჯდომარე, ბენ ბერნაკნკე აცხადებს, რომ ამერიკის ცენტრალური ბანკი ექსტრემალურ სიტუაციაში მოქმედებისთვის მზად არის:

„როგორც ყოველთვის, ფედერალური რეზერვი მზად არის შექმნილი სიტუაციის მიხედვით ადეკვატური ნაბიჯი გადადგას, რათა ფინანსური სტრესის ზრდის შემთხვევაში შეერთებული შტატების ფინანსური სისტემა და ქვეყნის ეკონომიკა დაიცვას“.

ინვესტორები ბერნანკეს კომენტარს მიესალმნენ, მაშინ როცა ევროპის ცენტრალური ბანკის მმართველი, მარიო დრაგი ევროპის განვითარების დღევანდელი ტრაექტორიის არამდგრადობას უსვამს ხაზს:

„მმართველი სათათბიროს შეფასებით, ევროსთან დაკავშირებული რისკები იზრდება. ევროს მოქმედების რამდენიმე ზონაში ფინანსურ ბაზრებზე დაძაბულობის ესკალაცია ხდება, რაც პოტენციურად ამ ქვეყნების ეკონომიკაზე აისახვის რისკებს შეიცავს“.

ამ ვითარების გათვალისწინებით, ფედერალური რეზერვის თავმჯდომარე კონგრესს გაბედული, მტკიცე გადაწყვეტილებების მიღებისკენ და უფრო გრძელვადიანი გეგმის შემუშავებისკენ მოუწოდებს, რომელიც ქვეყანას ე.წ. „ფისკალურ უფსკრულს“ ააცილებს. ეს ტერმინი ბენ ბერნანკემ წარსულში ერთხელ უკვე გამოიყენა და მასში გადასახადთა ავტომატურ ზრდას და სახელმწიფო დანახარჯების შეკვეცას გულისხმობდა. ბერნანკეს აზრით, თუკი ამ წლის ბოლომდე კონგრესმა გადაწყვეტილება საბიუჯეტო დეფიციტის შეკვეცების შესახებ არ მიიღო, „ფისკალური უფსკრული“ გარდაუვალი გახდება.

XS
SM
MD
LG