ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი მუსლიმები კონგრესში გამართულ მოსმენებს აკრიტიკებენ


ამერიკელი მუსლიმები კონგრესში გამართულ მოსმენებს აკრიტიკებენ
ამერიკელი მუსლიმები კონგრესში გამართულ მოსმენებს აკრიტიკებენ

ილინოისის შტატიდან სპრინგფილდში გამართულ შეხვედრაზე 1,200 მუსლიმი ამერიკელი შეიკრიბა.

ამერიკელ მუსლიმთა ორგანიზაციების უმრავლესობა მიმდინარე კვირის მანძილზე კონგრესში გამართულ მოსმენებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. ისინი შიშობენ, რომ მოსმენების ფონზე იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამერიკის მუსლიმანური საზოგადოება ქვეყანაში ისლამური რადიკალიზმის წყაროს წარმოადგენს.

ერთ-ერთმა ამგვარმა საზოგადოებამ, ჩიკაგოს ისლამური ორგანიზაციების საბჭომ, ილინოისის შტატში პროტესტის ნიშნად მუსლიმთა მოქმედების დღე გამართა იმის დასანახად, რომ სტერეოტიპების გავრცელება მცდარი ნაბიჯია და რომ მუსლიმი მოქალაქეები სხვა ამერიკელებისგან არაფრით განსხვავდებიან.

"ამერიკის ხმის" კორესპონდენტი კეინ ფარაბო ილინოისის შტატის დედაქალაქ სპრინგფილდში გამართულ შეხვედრას დაესწრო.

ილინოისის შტატიდან სპრინგფილდში გამართულ შეხვედრაზე 1,200 მუსლიმი ამერიკელი შეიკრიბა. ამ ღონისძიების საშუალებით, მათ ილინოისის შტატის კანონმდებლებს გარკვეული გზავნილი მიაწოდეს.

აჰლამ ჯბარა ისლამური ორგანიზაციების საბჭოს თანამშრომელია. ჯბარა მუსლიმთა მოქმედების დღეს უკვე მესამედ აღნიშნავს.

„ჩვენ იგივე საკითხები გვაწუხებს რაც დანარჩენ მოსახლეობას. ჩვენ სხვებისგან არაფრით განსხვავდებით. ქვეყნის ცხოვრებაში აქტიურად ვართ ჩართულები და იმას, რაც პოლიტიკურ სისტემაში ხდება გულგრილად არ ვეკიდებით. ყველა ღონეს ვიხმართ, რათა ჩვენი ხმა ყველამ გაიგოს “ - განაცხადა აჰლამ ჯბარამ.

ილინოისის შტატის კანონმდებლებმა ეს გზავნილი მიიღეს. ჩიკაგოს წარმომადგენელი უილ ბერნსი, რომელიც ამჟამად პრეზიდენტ ბარაკ ობამას ძველ საკანონმდებლო თანამდებობას იკავებს, ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს:

„ისინი მუსლიმანური საზოგადოების შესახებ არსებული სტერეოტიპების გავრცელებას ებრძვიან, რითაც ადასტურებენ იმას, რომ შეერთებულ შტატებსა და ილინოისში მცხოვრებ მუსლიმთა უმრავლესობა კანონმორჩილი და გადასახადების გადამხდელი მოქალაქეები არიან, ვისაც იგივე სურს, რაც დანარჩენ ჩვენთაგანს - კარგი სკოლები, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ხარისხიანი გზები და ეფექტური სახელმწიფო მმართველობა “- აღნიშნა უილ ბერნსმა.

სპრინგფილდში ორგანიზებული ღონისძიება დაემთხვა ვაშინგტონში გამართულ კონგრესის მოსმენებს, რომელზეც ამერიკაში მცხოვრებ მუსლიმთა რადიკალიზაციის საკითხს იხილავდნენ. ხსენებულ მოსმენებს უძღვებოდა წარმომადგენელი ნიუ იორკის შტატიდან პიტერ კინგი, რომელმაც განაცხადა, რომ ამერიკელი მუსლიმები ტერორისტულ საქმიანობასთან დაკავშირებულ გამოძიებებში სამართალდამცველებს სათანადო დახმარებას არ უწევენ. ამ მოსაზრების საპირისპიროდ დიუკის უნივერსიტეტისა და ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის ერთობლივი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ შეერთებულ შტატებში ტერორისტულ საქმიანობასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების უმრავლესობაში ეჭვმიტანილების დაკავება სწორედ ამერიკელი მუსლიმების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოხდა.

ამერიკული ისლამური ურთიერთობების საბჭოს ჩიკაგოს წარმომადგენლობის დირექტორი აჰმედ რეჰაბი ვაშინგტონში გამართულ მოსმენებსა და კონგრესმენ კინგის განცხადებებს გმობს.

„პიტერ კინგის მსგავსი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები ავრცელებენ შეხედულებას, რომ ამერიკაში მცხოვრები მუსლიმები რადიკალიზაციას განიცდიან და რომ ისინი მუსლიმანურ საზოგადოებაში რადიკალური ელემენტების წინააღმდეგ ბრძოლას სათანადო ყურადღებას არ აქცევენ. ეს მტკნარი სიცრუე გახლავთ რადგან ჩვენ ძალიან აქტიურად ვმოქმედებთ და ის, რომ ჩვენ დღეს სპრინგფილდში შევიკრიბეთ, ამის აშკარა დადასტურება გახლავთ “ - განაცხადა აჰმედ რეჰაბმა.

მუსლიმი ლიდერები იმედს გამოთქვამენ, რომ ყოველწლიური ღონისძიება დამსწრე ახალგაზრდობაში ილინოისის შტატის მთავრობაში მონაწილეობის ისევე როგორც პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვის მიმართ ინტერესს გამოიწვევს.

XS
SM
MD
LG