ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უმუშევარი ამერიკელები პრეზიდენტს და კონგრესს იმედით შეჰყურებენ


უმუშევარი ამერიკელები პრეზიდენტს და კონგრესს იმედით შეჰყურებენ

მედიაში აჟიოტაჟი ამერიკის პრეზიდენტის მოხსენების გამო ერთი კვირით ადრე დაიწყო. ბარაკ ობამამ კონგრესის სპეციალური გაერთიანებული სხდომა მოიწვია და მას ხუთშაბათს საღამოს ეკონომიკის განვითარების და შრომითი დასაქმების ფართომასშტაბიანი გეგმა გააცნო. რიგითი ამერიკელების დიდ ნაწილს იმედი გაუჩნდა, რომ პრეზიდენტი და კონგრესი შეძლებენ დაღმავალი ეკონომიკური განვითარების შეჩერებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

უმუშევრობის 9-პროცენტიანი მაჩვენებელი განსაკუთრებით აშფოთებს ამერიკელების ახალგაზრდა ნაწილს. კრისტინ ჩანი კალიფორნიის უნივერსიტეტის ლოს ანჟელესის ფილიალში ბოლო კურსის სტუდენტია. ის წელიწადზე მეტია სამუშაო ბაზარს თვალს ადევნებს.

მგონია, რომ ვაკანსიები სამსახურებში არსებობს. იქნებ ჩვენ, სტუდენტები, არ ვართ კარგად მომზადებულნი მათთვის“? - კითხულობს ის.

კრისტინი კრიმინალურ მართლმსაჯულებას და ფსიქოლოგიას სწავლობს. მან მომავალი სამსახურის მოძებნის იმედით სასწავლო პრაქტიკა სოციალურ სააგენტოებში გაიარა. მისი თანაკურსელი ტიენ ჩენგიც სამსახურს უკვე ეძებს, იმის მიუხედავად, რომ უნივერსიტეტს მაისში დაამთავრებს. ტიენი საინფორმაციო ტექნოლოგიაში და ბუღალტერიაში სპეციალიზდება. მისი თქმით დღეს სამუშაოს ძებნის პროცესი ახალგაზრდებისთვის ძალზე დამთრგუნველია.

ხანდახან არც ვიცი, ამ წუთას როგორ მოვიქცე: სამსახურის ძებნა გავაგრძელო, თუ შევეშვა და ისევ სასწავლო პრაქტიკა მოვნახო ან ნახევარშტატიანი სამუშაო“ - ამბობს ტიენი.

უოლსტრიტი თვლემს და ეკონომიკა წამყვან ქვეყნებში სულ უკან-უკან მიდის, ამბობენ ახალგაზრდები. სამუშაო ადგილები, რა თქმა უნდა არის, მაგრამ საკმარისად - არა.

საქმე არც ისე ცუდადაა, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს, გვეუბნება იმავე უნივერსიტეტის შრომითი დასაქმების ცენტრის თანამშრომელი - კრისტოფერ ლენზი:

ის, ვისაც სამსახური აქვს, პერიოდულად წინაურდება, ან ოჯახური მდგომარეობის გამო საცხოვრებელ ადგილს იცვლის და სამსახურიდან მიდის. ზოგი პენსიაზე გადის. მუშახელის დენადობა და ბრუნვა გარკვეული მოცულობით ყოველთვის ხდება. ასე რომ ვაკანსიები არსებობს, უბრალოდ დღეს სამსახურის პოვნას შეიძლება უფრო მეტი დრო დასჭირდეს, ვიდრე ადრე. მთავარია ახალგაზრდებმა იმედი არ დაკარგონ, ნებისყოფა შეინარჩუნონ და ძებნა გააგძელონ“ - აღნიშნავს ბატონი ლენზი.

არამომგებიან ორგანიზაციას „ოპერაცია იმედი“ ლოს ანჟელესის სამხრეთ გარეუბანში ინტერნეტ-კაფე აქვს გახსნილი. მისი მიზანია უმცირესობით დასახლებული უბნის ბინადართ ინტერნეტზე სამუშაოს პოვნაში დაეხმაროს.

50 წლის დროებით უმუშევარი როდ ამოსი მათი ხშირი სტუმარია. დილიდან ჯერ ელექტრონულ ფოსტას ვამოწმებ, ამბობს ის. შემდეგ - ახალ სამსახურებს ვეძებ და ან წერილს ვაგზავნი, ან ანკეტას ვავსებ. როდი ვაშინგტონს იმედის თვალით უყურებს. ის პრეზიდენტის და კონგრესისგან გამოსავლის პოვნას ელის.

„ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გულხელდაკრეფილი სახლში ტელევიზორთან ვზივარ“, ამბობს ის. როდის თქმით, სამუშაოს ძებნასაც სისტემატური სამსახურივით უნდა მივუდგეთ და ყოველდღე, დღის მთავარი, ყველაზე ნაყოფიერი ნაწილი დავუთმოთ. ადრე ის რადიოს არხზე დიჯეი იყო. დღეს კი ყველა დარგში ეძებს სამსახურს, მომსახურების სფერო იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა რამ.

ადრიან დასტინ მინოზი ამბობს, რომ ამ კვირას „ოპერაცია იმედის“ ინტერნეტ-კაფეში მან სამსახური იპოვა. ფილმის ინდუსტრიაში დამწყებ პოზიციაზე ამიყვანეს, გვეუბნება ის. მას კაფეში მსხდომი დანარჩენი ადამიანები სიხარულით და იმედით სავსე მზერას აყოლებენ და ისევ საკუთარი კომპიუტერებისკენ ტრიალდებიან.

XS
SM
MD
LG