ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხედრო აქციების გარდა, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ირანმა შესაძლოა ორმუზის სრუტეში ტანკერების ინსპექტირება მოითხოვოს.

მსოფლიო მედიის და ანალიტიკოსების ყურადღება ირანსა და მსოფლიოს ძლიერ სახელმწიფოებს შორის მოლაპარაკების ახალ რაუნდზეა მიპყრობილი, რომელიც სტამბოლში ხვალ უნდა დაიწყოს. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ სწორედ ამ მოლაპარაკების შედეგმა შესაძლოა განსაზღვროს ირანის ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ ისრაელის სამხედრო ოპერაციის შესაძლებლობა. რასაც აუცილებლად მოყვება ირანის მხრიდან შესაბამისი პასუხი. თუ რა შედეგების პერსპექტივა არსებობს სამხედრო შეტევის შემთხვევაში, ამერიკის ხმის კორესპონდენტი მარკ სნოუვისი არკვევდა.

ისრაელის მოსახლეობის და სუსტი წერტილების წინააღმდეგ ირანის მხრიდან საპასუხო დარტყმის გარდა, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ირანი რეგიონში მკვეთრ მოქმედებას დაიწყებს. კერძოდ, ეს იქნება ტერორისტული სტილის ნაბიჯები რეგიონში ამერიკული ინტერესების და იმ მოკავშირეების წინააღმდეგ, რომლებიც ისრაელს თეირანის წინააღმდეგ დაუჭერენ მხარს.

ირანის მთავრობამ ღიად განაცხადა, რომ ის აუცილებალდ იძიებს შურს თუკი მის ბირთვულ ობიექტებს შეუტევენ. „თეირანის საპასუხო შეტევა ისეთივე იქნება, როგორც მტრის თავდასხმა,“ - განაცხადა გასულ თვეს ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ.

„თეორიულად ირანს შეუძლია ისრაელის ეკონომიკის პარალიზება უბრალოდ აეროპორტების და საზღვაო პორტების დახურვით. უბრალოდ საზღვარგარეთ ჩვენი კავშირების და ტრაპოსრტირების დახურვა ისრაელის ეკონომიკის შენელებას და გაჩერებას გამოიწვევს,“ - ამბობს ისრაელის სარაკეტო თავდაცვის ორგანიზაციის ყოფილი შეფი უზი რუბინი.

თუმცა, მისივე თქმით, ირანის ბალისტიკური რაკეტები არ არის ზუსტი და თეირანის მთავარი იმედი მისი მოკავშირეებია. რუბინი ირანის მთავარ იმედად სირიას განიხილავს.

„მათი ძირითადი ყურადღება სირიის არსენალისკენაა მიპყრობილი. არა იმიტომ რომ სირიას ირანზე უფრო მეტი რაკეტები აქვს, არამედ მას აქვს ისეთი რაკეტები რომელსაც უფრო ადვილად შეუძლია ისრაელის დაზიანება ჩვენი სიახლოვის გამო. ირანის უახლოესი წერტილი ჩვენგან 1200 კილომეტრით არის დაშორებული. მაშინ როცა, სირია ჩვენს საზღვრებს ემიჯნება,“

ასევე ანგარიშში მისაღებია ღაზას სექტორი და ჰამასის მოძრაობა, რომელიც წლების მანძილზე განიხილებოდა ირანის მოკავშირედ. თუმცა ბოლო პერიოდში სირიის და ირანის შიიტური მთავრობებისგან ჰამასის დისტანცირების სურვილი აშკარაა.

ასევე აუცილებელ ფაქტორს წარმოადგენს ლიბანური ჰეზბოლა, რომლის არსენალშიც 40 ათასამდე რაკეტაა მობილიზებული და დღეში ათასი რაკეტის გაშვების შესაძლებლობა აქვს.

თუმცა გადამდგარი ბრიგადის გენერალი შლომო ბრომი ამბობს, რომ ჰეზბოლამ შესაძლოა არ მოინდომოს ირანის მხარეზე ომში ჩაბმა.

„ვფიქრობ გონივრულად არსებობს შესაძლებლობა რომ ჰეზბოლა არ ისურვებს ირანულ შურისძიებაში მონაწილეობას, რადგანაც ასეთ შემთხვევაში, ლიბანში ისინი უდიდეს პოლიტიკურ ზიანს მიიღებენ. კერძოდ, ლიბანში გაძლიერდება აღქმა, რომ ჰეზბოლა არ არის ლიბანური ეროვნული მოძრაობა, არამედ ის ახორციელებს ირანულ ინტერესებს.“

სამხედრო აქციების გარდა, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ირანმა შესაძლოა ორმუზის სრუტეში ტანკერების ინსპექტირება მოითხოვოს და ამით ნავთობის გასვლა შეაფერხოს, თუმცა ამით მისი ნავთობის ექსპორტიც იზარალებს.

ისრაელის თავდასხმის და ირანული კონტრზომების შემთხვევაში, ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ ეს ვითარება რეგიონში წარმოქმნის უდიდეს კონფლიქტს უკონტროლო მიმართულებებით.

„ვშიშობ, რომ ისრაელის ან ამერიკის მხრიდან ირანზე დარტყმის შემთხვევაში დაიწყება ომი, რომლის შედეგების პროგნოზირება რთულია,“ - ამბობს ვაშინგტონში მოქმედი ირანულ-ამერიკული საბჭოს პრეზიდენტი ტრიტა პარსი.

გენერალი ბრომი თვლის, რომ ხშირად ხდება სამხედრო გათვლებში შეცდომების დაშვება. ასეთ შემთხვევაში კი რეგიონში შესაძლოა გამოუსწორებელი პროცესები დაიწყოს.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG