ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სომხეთის ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე აირჩია. მის კანდიდატურას მხარი 105 კანონმდებლიდან 59-მა დაუჭირა. 42 დეპუტატი კი წინააღმდეგ წავიდა.

პარლამენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას ერევანში, ცენტრალურ მოედანზე შეკრებილი ფაშინიანის ათობით ათასი მხარდამჭერი სიხარულით და ზეიმით შეხვდა. ფაშინიანი აქამდე ოპოზიციური ფრაქცია "ელკის" თავმჯდომარე იყო და სომხეთში ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე გამართულ მასობრივ საპროტესტო აქციებს ლიდერობდა.

დემონსტრაციები და მოგვიანებით დაწყებული სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქცია, 17 აპრილის საპარლამენტო გადაწყვეტილებამ გამოიწვია. სომხეთის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ ყოფილი პრეზიდენტი სერჟ საქისიანი პრემიერ-მინისტრის პოსტზე აირჩია. კრიტიკოსები სარქისიანს კორუფციაში და ძალაუფლების განმტკიცებისთვის კონსტიტუციის მანიპულირებაში ადანაშაულებდნენ. საპროტესტო აქციების შემდეგ, ის 23 აპრილს თანამდებობიდან გადადგა.

პარლამენტმა ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურას 1 მაისსაც უყარა კენჭი, მაგრამ მაშინ ოპოზიციის ლიდერმა მხოლოდ 45 ხმა მიიღო. მრავალათასიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, პარლამენტში პრემიერის არჩევნები ბოლო 3 კვირის მანძილზე უკვე მესამედ გაიმართა და ამჯერად ის ოპოზიციის ლიდერმა, ნიკოლ ფაშინიანმა მოიგო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG