ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სომხური წარმოშობის ამერიკელების დაკავების დეტალები


სომხური წარმოშობის ამერიკელების დაკავების დეტალები
სომხური წარმოშობის ამერიკელების დაკავების დეტალები

12 ოქტომბერს ნიუ მექსიკოს შტატის საოლქო სასამართლომ გამოაქვეყნა გამოძიების დეტალები, რომლის თანახმადაც ამერიკელმა სამართალდამცავებმა სომხური წარმოშობის ამერიკელების ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფის საქმიანობა გამოაააშკარავეს. ამერიკის ხმის სომხურმა რედაქციამ ინტერვიუ ჩამოართვა გამოძიების ფედერალური ბიუროს სპეციალურ აგენტს დიეგო როდგირგეზს, რომელიც ხსენებულ გამოძიებას უძღვებოდა.

ინტერვიუს დასაწყისში ნიუ იორკში შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლობის კრიმინალური განყოფილების უფროსმა, სპეციალურმა აგენტმა დიეგო როდრიგესმა აღნიშნა, რომ ამერიკელი სამართალდაცველები ნიუ იორკსა და ლოს ანჟელესში განლაგებული სომხური ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების საქმიანობას ერთი წლის მანძილზე იკვლევდნენ. მისი თქმით:

„ჩატარებული გამოძიების შედეგად, ნიუ იორკში ჩვენ დავაკავეთ და ბრალდებები წავუყენებთ 44 პირს. მათ შორის 42 ამჟამად პატიმრობაში იმყოფება. ამ გამოძიებაში ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს ლოს ანჟელესის, მაიამის, ატლანტისა და კლივლენდის წარმომადგენლობებმა მიიღეს მონაწილეობა.“

როდრიგეზის თქმით, დაკავებულთა დაახლოებით ნახევარი ამერიკის მოქალაქეებისგან შედეგებოდა, ხოლო დანარჩენები კი სომხეთის მოქალაქეები არიან. რაც შეეხება სომხეთის მთავრობის თანამშრომლობას გამოძიების დროს, როდრიგეზმა აღნიშნა:

„როცა ჩვენ კრიმინალურ საქმიანობასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაცია გვჭირდებოდა სომხეთის მთავრობა ჩვენთან თანამშრომლობდა. ამას გარდა გამოვყოფდი ამერიკაში მყოფ სომეხ მოქალაქეებს და სხვა პირებს, რომლებიც კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შესახებ ოპერატიულ ინფორმაციას გვაწვდიდნენ.“

კრიმინალური ჯგუფის წევრები შეერთებულ შტატებიდან სომხეთში ხშირად ჩადიოდნენ, რაც იმით აიხსნებოდა, რომ დანაშაულებრივი საქმიანობიდან მიღებული უკანონო შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს ისინი სომხეთში ათეთრებდნენ. როდრიგეზმა აღნიშნა, რომ სულ გამოძიების შედეგად ამერიკელმა სამართადამცავებმა 71 პირი დააკავეს. აღსანიშნავია, რომ კრიმინალური დაჯგუფების კანონსაწინააღმდეგო საქმიანობა ძირითადად ფოკუსირებული იყო შეერთებული შტატების ფედერალური მთავრობის სოციალური სადაზღვევო პროგრამის Medicare-ის სახსრების უკანონო მითვისებაზე, რისთვისაც დამნაშავეებმა უამრავი პაციენტის იდენტურობის დამადასტურებელი მონაცემთა ბაზა გამოიყენეს.

„იმ 71 პირმა, ვისაც ჩვენ ბრალდებები წავუყენეთ და რომლებიც ამ ორგანიზებული დანაშაულის წამოწყებაში მონაწილეობდნენ, ფედერალური მთავრობის სხვადასხვა სააგენტოები დაახლოებით 100 მილიონი დოლარით დააზარალეს. როცა ლაპარაკია ამგვარ ფართომასშტაბიან და რთულ მაქინაციებზე, სამწუხაროდ ვიდრე ჩვენ, სოციალური დაზღვევის ადმინისტრაცია ან კერძო სადაზღვევო კომპანიები მიხვდებიან, რომ სახეზეა თაღლითობა, დამნაშავეებს უკანონოდ მიღებული სადაზღვევო გადასახადები უკვე გათეთრებული აქვთ. აღსანიშნავია, რომ ამ მაქინაციების განსახორციელებლად ისინი ხშირად ფიქტიურ საავადმყოფოებს, პაციენტების სახელებსა და დიაგნოზებს იყენებენ,“ აღნიშნა როდრიგეზმა.

სოციალური დაზღვევის ადმინისტრაციაში ყალბი სარჩლების შეტანის მიზნით დამნაშავეებმა დაახლოებით 3,000 პაციენტის მონაცემები გამოიყენეს. როგორც ირკვევა მათ კორუმპირებული ექიმებიც უწყობდნენ ხელს. ისინი ფიქტიურ პაციენტებს ყალბ დიაგნოზებს უსვამდნენ. იცოდნენ რა, რომ სადაზღვევო სარჩელების განხილვა და გადასახადების გადახდა უფრო მალე მოხდებოდა ვიდრე სარჩლებში მოცემული ყალბი ინფორმაციის გადამოწმება დამნაშავეები ფაქტობრივად ფედერალური მთავრობის მოხუცთა სოციალური დაზღვევის სისტემაში არსებულ ნაკლოვანებებს იყენებდნენ ფინანსური მოგების მიზნით.

ინტერვიუს დასასრულს როდრიგეზმა დაკავებულ პირებს შორის გამოყო კრიმინალური ჯგუფის ერთ-ერთი თავკაცი არმენ კაზარიანი, რომელიც მან შემდეგნაირად დაახასიათა:

„ეს კაცი კანონიერი ქურდია, ანუ იმ რჩეული კრიმინალური ფენის წარმომადგენელია, რომლის ფესვები რუსეთში ან ყოფილ საბჭოთა ქვეყნებშია გადგმული. ევრაზიული ორგანიზებული დანაშაულის სამყაროში ეს პირი საკმაოდ მაღალი დონის წრეში შედის. ამ საქმის კონტექსტში იგი მთელ დაშაულებრივ საქმიანობას კურირებდა. ხოლო ვაჰან სტეპანიანი, რომელიც ჩვენ ნებაყოფლობით ჩაგვბარდა, ნიუ იორკში კრიმინალურ საქმიანობას კოორდინაციას უწევდა.“

XS
SM
MD
LG