ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არიზონა ემიგრანტებს დეპორტაციით ემუქრება


არიზოანას ახალი კანონი თითოეულ პოლიციელს აძლევს უფლებას ნებისმიერ ადამიანს საემიგრაციო სტატუსის დამადასტურებელი საბუთები მოსთხოვოს.

ცოტა ხნის წინ ადამიანის უფლებების დამცველ ჯგუფთა კოალიციამ არიზონას შტატის წინააღმდეგ ვაშინგტონში სასამართლო სარჩელი შეიტანა. არიზონა ამერიკის სამხრეთში მდებარე შტატია, რომელიც მექსიკას ესაზღვრება. შტატმა აპრილში სადავო კანონპროექტი შეიმუშავა, რომელიც შტატის ტერიტორიაზე არალეგალური ემიგრაციის შემცირებას ისახავს მიზნად. კანონი აგვისტოში ამოქმედდება, მაგრამ მის ამოქმედებამდე რამდენიმე მოსაზღვრე შტატმა არიზონას კანონპროექტზე პროტესტი გამოხატა.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ათასობით ადამიანმა გამოხატა პროტესტი ვაშინგტონის, ლოს ანჯელესის და კიდევ რამდენიმე დიდი ქალაქის ქუჩებში დემონსტრაციების გამართვით. გასულ კვირას, ლოს ანჯელესის მერიამ ქალაქის ბიზნესებს არიზონაში დაფუძნებულ კომპანიებთან საქმის წარმოება აუკრძალა. იგივე ხერხს მიმართა კიდევ რამდენიმე ქალქმა.

არიზონას ახალი კანონი თითოეულ პოლიციელს აძლევს უფლებას გააჩეროს ნებისმიერ ადამიანი და მას საემიგრაციო სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტები მოსთხოვოს. კანონი ემიგრანტებს საბუთების მუდამ თან ტარებას ავალდებულებს.

კანონის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ ის რასობრივ დისკრიმინაციას შეუწყობს ხელს, ხოლო მისი მომხრეები კი იმას აცხადებენ, რომ პოლიციას ეთნიკურ მაჩვენებელზე დაყრდნობით ადამიანების გაჩერება და დაკითხვა ეკრძალება.

კანონის მოწინააღმდეგეები იმასაც ამბობენ, რომ ქვეყანაში არალეგალურად მყოფი ემიგრანტები ამერიკის ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. კალიფორნიაში რამდენიმე მილიონი არალეგალია, არიზონაში კი დაახლოებით ნახევარი მილიონი. ძალიან რთულია მათი კანონიერი ემიგრანტებისგან განსხვავება. ეს მოსახლეობის ის კატეგორიაა, რომელიც ფერმებსა და რესტორნებში მომსახურების ყველაზე დაბალ საფეხურზე მუშაობენ.

კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი რაულ ჰინოიოსა აცხადებს, რომ ნახევარი მილიონი ადამიანის არიზონადან დეპორტაცია არაპრაქტიკული და არაჰუმანური გადაწყვეტილებაა. მისივე თქმით, შტატი ფინანსურად ვერ მისცემს საკუთარ თავს უფლებას ამდენი მუშა-ხელი დაკარგოს.

„ჩვენი გათვლებით, შტატი დაახლოებით 13-დან 100 მილიარდ დოლარამდე ეკონომიკურ შემოსავალს დაკარგავს უსაბუთო მოსახლეობის დეპარტაციის შემთხვევაში,“ აცხადებს პროფესორი ჰინოიოსა.

მისი თქმით, კალიფორნიის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით, ამჟამად ამერიკაში მყოფი დაახლოებით 12 მილიონი უსაბუთო ემიგრანტისთვის ლეგალური სტატუსის მინიჭება ქვეყნის ეკონომიკას 100 მილიარდ დოლარს შესძენს ყოველწლიურად.

საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების მომხრეები კი ამბობენ, რომ ემიგრანტები რომლებსაც ლეგალური სტატუსი არ აქვთ ისეთი საჯარო სამსახურების გადატვირთვას იწვევენ, როგორიცაა მაგალითად სკოლები და საავადმყოფოები.

არიზონას ერთ-ერთ სასაზღვრო ქალაქში მცხოვრები წყვილის განცხადებით, მათ ყველაზე მეტად ნარკოტიკების ტრეფიკინგთან დაკავშირებული დანაშაულების მომატება აღელვებთ. "ბანდიტური დაჯგუფებები ყველაზე საშიში რამაა ამ საკითხთან დაკავშირებით," - ამბობს არიზონას ერთ-ერთი მკვიდრი.

კალიფორნიაში დასაქმების ერთ-ერთ ცენტრში ემიგრანტები აცხადებენ, რომ ისინი ამერიკაში სამუშაოდ არიან ჩამოსული და არიზონაში მიღებული კანონპროექტი მათ ძალიან აშინებს. ბატონი საული - არაკანონიერი ემიგრანტი - განსაკუთრებით არის ამ პრობლემით შეწუხებული. ის ამბობს, რომ ახალი ამბები გაზეთებსა და ინტერნეტში წაიკითხა და ყურადღება იმას მიაქცია, რომ კანონი განსაკუთრებით ლათინურ ამერიკული წარმოშობის ემიგრანტებს ეხება.

მექსიკისა და ამერიკის საზღვრის გაყოლებაზე კედლის აშენება ჯერ არ დასრულებულა. არიზონას სენატორი ჯონ მაკეინი საარჩევნო კამპანიის სარეკლამო განცხადებაში ამბობს, რომ კედლის აშენება არაკანონიერ ემიგრაციას შეამცირებს.

ლოს ანჯელესში მცხოვრები უსაბუთო სტუდენტის სინდი ბენდეზუს განცხადებით, არიზონას კანონი უკან უნდა იქნას გამოთხოვილი.

"ეს კანონი სტუდენტებს განათლების მიღებას უკრძალავს და მათ ცხოვრებასა და თავისუფლებებს ზღუდავს," აცხადებს სინდი.

ამ მოსაზრებით მოწინააღმდეგეები კი ამბობენ, რომ არაკანონიერი გზით ამერიკაში შემოსული ემიგრანტებისთვის ლეგალური სტატუსის მიცემით, ისინი დაისჯებიან, ვინც ქვეყანაში ლეგალური მეთოდებით შემოვიდა.

ჰოსე ველიზი ლოს ანჯელესში დასაქმების ცენტრის ორგანიზატორია. მისი თქმით, უსტატუსო ემიგრანტების დიდი რაოდენობა უკვე რამდენიმე წელია ამერიკაში იმყოფება. ისინი საზოგადოების ჩრდილში ცხოვრობენ და ეს საკითხი რამენაირად უნდა მოგვარდეს. ბატონი ველიზის თქმით, "მათ ხელი არ მიუწვდებათ მოქალაქეობის მისაღაბად არსებულ სისტემაზე. ამიტომ აუცილებელია რაღაცა სახის რეფორმა, რომელიც ამ ხალხს ლეგალურ სტატუსს მიანიჭებს."

არიზონას ახალი საემიგრაციო კანონის როგორც მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ პრობლემა ფედერალურ დონეზე უნდა გადაწყდეს და ამერიკის კონგრესმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ემიგრაციასთან დაკავშირებულ ამ მეტად სადავო საკითხზე.

XS
SM
MD
LG