ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

“ეფლის“ ახალი პროდუქტი


“ეფლის“ ახალი პროდუქტი
“ეფლის“ ახალი პროდუქტი

„აიფოუნი 4-ეს“ პრეზენტაციაზე ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ტიმ კუკმა, წარადგინა. ის წინა მოდელებთან შედარებით ბევრად უფრო სწრაფია და აქვს გაუმჯობესებული კამერა.

მას აქვს ბადისებრი გამოსახულება, შუშის ზედაპირი და უკანა მხარე. ტელეფონი მთლიანად უჟანგავი რკინის ჩარჩოში ზის. ამასთან ერთად ის ყველაზე თხელი ტელეფონია თავისი კლასის ანალოგებს შორის“ - ამბობს ფილ შილერი, „ეფლის“ ვიცე-პრეზიდენტი მარკეტინგის დარგში.

ტელეფონს ვირტუალური პერსონალური თანაშემწე ჰყავს. მისი ფუნქცია კითხვებზე პასუხის გაცემაა. მაგალითად, თუ თქვენ გაინტერესებთ უახლოესი ტაილანდური რესტორანი, უნდა შეეკითხოთ. თანაშემწე ინტერნეტზე მოგიძებნით და გეტყვით. შეკითხვას ამინდის შესახებ შეიძლება ასეთი ფორმა ჰქონდეს: დამჭირდება თუ არა დღეს ქოლგა? პერსონალური თანაშემწე ამინდის პროგნოზს შეგიმოწმებთ და გიპასუხებთ: კი, ან არა. მას შეუძლია შეხვედრები დაგინიშნოთ და ხმოვანი შეტყობინება ტექსტურ ფორმატში მოგაწოდოთ. სისტემა დასაწყისისთვის მხოლოდ 3 ენას ცნობს: ინგლისურს, ფრანგულს და გერმანულს.

„ეფლის“ ერთგული ფანებისთვის ყოველი ახალი პროდუქტი დიდი ზეიმია. სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის სტუდენტები ამბობენ, რომ ისინი მობილურ მოწყობილობაზე დიდად არიან დამოკიდებულნი, რადგან ეს არ არის მხოლოდ ტელეფონი, მას ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გამო მეგზურის, გაზეთის, წიგნის, მუსიკის, ლექციის, თუ მრავალი სხვა ფუნქციის შესრულება უწევს.

დეილენ რიგსი სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობს: „ეფლს“, როგორც წესი, ყველაზე პროგრესული და თანამედროვე ტელეფონები აქვს. რაც არ უნდა გამოიტანონ ბაზარზე, ის ორიგინალური, ლამაზი და ტექნიკურადაც საუკეთესოა. პროგრამულ უზრუნველყოფას რაც შეეხება, ის ამ მხრივაც ყველაზე სტაბილური და ნოვატორულია“. - ამბობს დოქტორანტი.

ფლორიდელი სტუდენტი კრისტოფერ ტოდი მას ეთანხმება. ის უფრო ხმის ამომცნობი სისტემის გაუმჯობესებით არის მოხიბლული. ახალი „აიფოუნი 4-ეს“ საშუალებას იძლევა კარნახით ტექსტური შეტყობინება ან ელექტრონული წერილი გაიგზავნოს.

ელიზაბეთ ფაიფი იმავე უნივერსიტეტის პროფესორია და ის მარშალის ბიზნეს სკოლაში საკომუნიკაციო ტექტნოლოგიებს ასწავლის. ქალბატონი ფაიფი თვლის, რომ „ეფლი“ საკუთარი წარმატების მსხვერპლი შეიძლება აღმოჩნდეს.

საკონკურენტო გარემო „აიფოუნისთვის“ მნიშვნელოვნად შეიცვალა. 2007 წელს „ეფლი“ ბევრი მიმართულებით გზის გამკვალავი იყო და მას კონკურენტი მაშინ პრაქტიკულად არ ჰყავდა. დღეს „აიფოუნის“ მსგავსი უამრავი პროდუქტია ბაზარზე. მისი ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი კი ანდროიდებია“ - აცხადებს პროფესორი ფაიფი.

ანდროიდული სისტემა ინტერნეტ-გიგანტის „გუგლის“ და მისი პარტნიორების განვითარებულია. „ეფლის“ აქციების მცირედი ვარდნაც იმის მიმანიშნებელია, რომ უოლსტრიტი კომპანიისგან მეტს ელოდა და ახალი „აიფოუნი“ თავისი წინამორბედისგან დიდად არ განსხვავდება.

„აიფოუნი 4-ეს“ შეერთებული შტატების მაღაზიებში 14 ოქტომბერს გამოჩნდება. რამდენად პოპულარული იქნება ის, ამას დრო გვიჩვენებს. ჯერჯერობით კი ფაქტია, რომ „ეფლი“ მობილური ტელეფონების მსოფლიო ბაზარზე ერთპიროვნულ ლიდერობას წარმატებით ინარჩუნებს.

XS
SM
MD
LG