ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ენტონი ბლინკენმა სახელმწიფო დეპარტამენტში პირველი სამუშაო დღე დაიწყო


ამერიკის შეერთებული შტატების ახალი სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ოთხშაბათ დილას სახელმწიფო დეპარტამენტში მივიდა და პირველი სამუშაო დღე დაიწყო.

ბლინკენს სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლები შენობის გარეთ, სოციალური დისტანციის დაცვითა და პირბადეებით დახვდნენ. ახალ პირველ დიპლომატს ისინი სათითაოდ მიესალმნენ და სახელმწიფო დეპარტამენტში დაბრუნება მიულოცეს.

"ჩემთვის დიდი პატივია, რომ დავიწყო მუშაობა ჩვენი ერის 71-ე სახელმწიფო მდივნად. მოხარული ვარ და ველი ყველაფერს, რაც წინ გველოდება. ამერიკაში ახალი დღე გათენდა, მსოფლიოში, ახალი დღე გათენდა", ასე დაიწყო თავისი სიტყვა სახელმწიფო დეპარტამენტში ენტონი ბლინკენმა.

ბლინკენმა, სახელმწიფო მდივნის ამპლუაში პირველი გამოსვლის დროს, მადლობა გადაუხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ყველა თანამშრომელს და თქვა, რომ ამაყობს ასეთი პროფესიონალი გუნდის წევრობით.

"მე ამ სამუშაოს ძალიან სერიოზულად ვუდგები და როგორც სახელმწიფო მდივანი იმედს არ გაგიცრუებთ", თქვა ბლინკენმა.

სახელმწიფო დეპარტამენტში მისვლამდე, ბლინეკმა "ტვიტერზე" დაწერა: "ჩემი კარიერა სრულ წრეზე დატრიალდა. სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობა 1993 წელს დავიწყე. დღეს კი ჩემი ცხოვრების მთავარი სიამაყეა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს გავუძღვე, როგორც 71-ე სახელმწიფო მდივანი".

ენტონი ბლინკენმა სახელმწიფო დეპარტამეტში მუშაობა 28 წლის წინ დაიწყო. ის ჯერ ევროპასა და კანადასთან ურთიერთობის დეპარტამენტში მუშაობდა, შემდეგ კი სახელმწიფო მდივნის მოადგილე იყო. ის კარგად იცნობს საქართველოსა და უკრაინის პრობლემებს და ამ საკითხებზე ის წლებია მუშაობს.

პრეზიდენტმა ბაიდენმა ბლინკენი სახელმწიფო მდივნის პოზიციაზე 2020 წლის 23 ნოემბერს წარადგინა. მოგვიანებით კი მისი კანდიდატურა სენატმა მოსმენების შემდეგ დაამტკიცა.

სენატში მოსმენების დროს, ბლინკენმა სხვა საკითხებთან ერთად საქართველოზეც ისაუბრა. მან განაცხადა, რომ ნატოში საქართველოს წევრობას ემხრობა თუ „ქვეყანა წევრობის კრიტერიუმს დააკმაყოფილებს და ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში წვლილს შეიტანს“.

ენტონი ბლინკენი 58 წლისაა. ის ნიუ-იორკში ებრაელი იმიგრანტების ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. როგორც თავად ამბობს, მის მშობლები და წინაპრები დევნილი იმიგრანტები იყვნენ, რომლებიც ჰოლოკოსტს გადაურჩნენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG