ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხელისუფლების გზავნილები ელჩების კონფერენციიდან


ირაკლი ღარიბაშვილი, პრემიერ მინისტრი, ელჩების კონფერენციაზე, თბილისში. 2023
ირაკლი ღარიბაშვილი, პრემიერ მინისტრი, ელჩების კონფერენციაზე, თბილისში. 2023

„საქართველო 2012 წლამდე შორდებოდა ევროპას“,- განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა თბილისში, ამბასადორიალზე, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოს ელჩები იყვნენ შეკრებილები. მსჯელობენ ევროინტეგრაციის შესახებ, დაწყებული არსებული ვითარებიდან - მომავლის გეგმებამდე.

სიტყვით გამომსვლელებს შორის იყვნენ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და „ქართული ოცნების“ გუნდის სხვა წარმომადგენლები. კონფერენციაზე მიწვეული არ ყოფილა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

„ყველას კარგად გვახსოვს, რა ვითარება იყო 11 წლის წინ. მაშინ არ იდგმებოდა ქმედითი ნაბიჯები ევროინტეგრაციის გზაზე. არამედ, პირიქით, ყოველ წელს, ყოველ დღე და ყოველ თვე, საქართველო შორდებოდა ევროპას. ეს იყო რეალობა, მეგობრებო და ყალიბდებოდა ავტორიტარული, დიქტატორული რეჟიმი. ეს რეალობა დახვდა „ქართულ ოცნებას“ და ბატონ ბიძინა ივანიშვილს და სულ რაღაც 11 წელიწადში ჩვენი ქვეყანა, დემოკრატიის განვითარების კუთხით, მსოფლიოს ათეულშია და არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა.

ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ მინისტრი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:03 0:00

წელს, ძლიერი ეკონომიკური განვითარების შედეგად, სიღარიბის დონე და უმუშევრობის დონე ჩამოვიდა ისტორიულ მინიმუმზე. ასევე, ქვეყნის რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა,“- განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა კონფერენციაზე.

კონფერენციაზე, რომელიც საქართველოს ელჩებისთვის იყო განკუთვნილი, პრეზიდენტი ზურაბიშვილი, ის პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ელჩების დანიშვნაში მონაწილეობას იღებს, გამოტოვეს. საქართველოს კანონის მე-5 და მე-6 მუხლებში, დიპლომატიური სამსახურის შესახებ, ნათქვამია: „დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოს მთავრობის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი“;

„დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, საქართველოს მთავრობის წარდგინებით, თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.“

34-ე მუხლი კი, რაც უმაღლესი დიპლომატიური რანგების მინიჭებას არეგულირებს, ამბობს, რომ „უმაღლესი დიპლომატიური რანგები, შეიძლება, მიენიჭოთ მხოლოდ უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის პირებს, საქართველოს პრეზიდენტის მიერ, მინისტრის წარდგინებით და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით“.

ამდენად, საქართველოს კანონმდებლობაში მითითებულია ხელისუფლების შტოებს შორის თანამშრომლობის აუცილებლობის თაობაზე.

„ამერიკის ხმას“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან უპასუხეს, რომ ელჩების კონფერენციის თაობაზე მხოლოდ ერთი განმარტება აქვთ და ეს ასე ჟღერს: „პრეზიდენტს მიწვევა არ მიუღია“.

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:34 0:00

მიუხედავად იმისა, თუ რა სახის თანამშრომლობაზეა საუბარი საკანონმდებლო დოკუმენტებში, სახელისუფლებო შტოებს შორის, პარლამენტის თავმჯდომარეს ცხადი და პირდაპირი განმარტება აქვს იმისთვის, თუ რატომ არ დაპატიჟეს პრეზიდენტი კონფერენციაზე. ის ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი „დესტრუქციის ხელშემწყობია“.

„სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი სხვა გამოსავალს არ გვიტოვებს. ფაქტობრივად, საბოტაჟია მისი მხრიდან სხვადასხვა პოზიციებზე შერჩევის დროს. იქნება ეს ეროვნული ბანკი, ცენტრალური საარჩევნო კომისია და ასე შემდეგ. საბოტაჟი, რასაც ის აწარმოებს სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ, სხვა გამოსავალს არ გვიტოვებს, მას საკანონმდებლო რეგულაციებით ვუპასუხოთ.“

შალვა პაპუაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა იმის შესახებაც, რომ 2024 წელს, არჩევნების წელს, მოსალოდნელია დესტაბილიზაცია და გაზრდილი საფრთხეები. „ვაცნობიერებთ, რომ დამდეგი წელი რთული იქნება. მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით, ველით დეზინფორმაციის და ყალბი ნარატივების ფართომასშტაბიან კამპანიებს, პროვოკაციებს, არეულობას და არასტაბილურობას,“- ამბობს პაპუაშვილი და ელჩებს სიფხიზლისკენ მოუწოდებს.

„ქართული ოცნების“ ნარატივი, რითაც ცდილობს დაასაბუთოს, თუ რატომ იქცა პრეზიდენტი „მტრული ბანაკის“ წარმომადგენლად, ევროინტეგრაციაში მისი „წილია.“ „ოცნების“ წარმომადგენლების მიხედვით, პრეზიდენტი და ოპოზიცია, ამ მხრივ, ერთ სიბრტყეზე არიან დაყვანილი - ისინი საქართველოს „ევროინტეგრაციის პროცესის ხელშემშლელებს წარმოადგენენ“.

გოჩა ჯავახიშვილი, საქართველოს ელჩი საფრანგეთში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:26 0:00

ერთადერთი ელჩი, ვინც სალომე ზურაბიშვილის მიმართ დიპლომატიური სტანდარტი არ დაივიწყა, გოჩა ჯავახიშვილი, საფრანგეთში საქართველოს წარმომადგენელი გახლავთ. მან განაცხადა, რომ ევროინტეგრაციაში პოზიტიური წვლილი ყველამ შეიტანა, მათ შორის პრეზიდენტმა და გაუხარდებოდა მისი ხილვა კონფერენციაზე, მაგრამ თავად არაა უფლებამოსილი, გადაწყვიტოს, ვინ იქნება დამსწრე.

პრეზიდენტი არ მიუწვევიათ არც იმ საზეიმო ღონისძიებაზე, რომელიც 15 დეკემბერს, თავისუფლების მოედანზე გაიმართა, მას შემდეგ, რაც საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე გაცხადდა. სალომე ზურაბიშვილი მაშინ ფეხით მივიდა სახალხო შეკრების ადგილას და თქვა, რომ სურდა სცენასთან ახლოს მდგარიყო იმ შემთხვევისთვის, თუ ვინმე მიიწვევდა. ის არავის მიუწვევია. საქართველოს ევროინტეგრაციის დამსახურება „ოცნების“ მხოლოდ მამრობითი სქესის წარმომადგენლებმა გაინაწილეს სცენაზე.

საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა 26 დეკემბერსვე განმარტა, რომ პრეზიდენტი კონფერენციაზე არავის მიუწვევია, რადგან იქ ხელისუფლების მხოლოდ ორი შტო უნდა ყოფილიყო - საკანონმდებლო და აღმასრულებელი, ისინი, ვინც მუშაობდნენ ევროინტეგრაციისთვის.

კონფერენციაზე ერთ-ერთ განსახილველ საკითხს შორის ევროინტეგრაციის გზაზე „მომავალი სამოქმედო გეგმა“ გახლდათ. ეს დოკუმენტი „ოცნებამ“ მხოლოდ ერთი დღის წინ, 25 დეკემბერს გაასაჯაროვა. ისიც მას შემდეგ, რაც საზოგადოებისგან დაწოლა დაიწყო გაუმართლებელი გასაიდუმლოების გამო. აღმოჩნდა, რომ დოკუმენტი მწირი ინფორმაციის შემცველ მოკლე ტექსტს წარმოადგენს. ოთხ სვეტს შორის მოცემულია ზოგადი ცნობები იმის თაობაზე, თუ რა აქტივობებია დაგეგმილი, რა ვადებში და რომელია პასუხისმგებელი უწყება.

ილია დარჩიაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:59 0:00

პარლამენტის წევრი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ორთვიანი გასაიდუმლოების შემდეგ, წარმოდგენილი დოკუმენტი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს.

„ჩვენ ვითხოვდით ამ გეგმაზე ერთობლივ მუშაობას, რის საშუალებაც არ მოგვეცა. ახლაც, როდესაც ჩვენ ველოდებით გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნას, ძალიან მნიშვნელოვანია გვქონდეს გამართული სამოქმედო გეგმა. მასში ასახული უნდა იყოს ყველა ცხრა დათქმა. პირველ რიგში, ეს ეხება სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას. არჩევნების კონტექსტში, მაგალითად, მხოლოდ ის უსუსური ცვლილებაა გამოტანილი, რაც ეხება პარტიების დაფინანსებაში იურიდიული პირების აკრძალვას, რაც არის ფასადური ცვლილება. ასევე, ეუთო-ოდირის დამკვირვებლების ჩამოსვლა, რაც ისედაც ყოველ წელს ხდებოდა. გეგმაში მნიშვნელოვანია ვენეციის კომისიის შენიშვნების ასახვა,“- ამბობს ხატია დეკანოიძე.

ხატია დეკანოიძე, პარლამენტის წევრი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:53 0:00

ელჩების კონფერენცია, რომლის პირველი დღეც მხოლოდ „ოცნების“ ჩართულობით დასრულდა, 28 დეკემბრამდე გასტანს.

XS
SM
MD
LG