ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოზიტიური ძვრები ისრაელ-თურქეთის ურთიერთობებში


პოზიტიური ძვრები ისრაელ-თურქეთის ურთიერთობებში
პოზიტიური ძვრები ისრაელ-თურქეთის ურთიერთობებში

გასულ კვირას ისრაელში ტყის ხანძრის ჩასაქრობად თურქეთმა ორი თვითმფრინავი გაგზავნა. როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი დორიან ჯონსი სტამბოლიდან იუწყება, კეთილი ნების ხსენებულ გამოხატულებას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ მიმართული დიპლომატიური ძალისხმევა მოჰყვა.

მას შემდეგ რაც ანკარამ ისრაელში ტყის ხანძრის ჩასაქრობად ორი თვითმფრინავი გაგზავნა, ისრაელის პრემიერ მინისრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მის თურქ კოლეგას დაურეკა და მადლობა გადაუხადა.

ეს იყო პირველი საუბარი ორ ლიდერს შორის მას შემდეგ რაც ისრაელის სამხედრო ძალებმა მაისში ცხრა თურქი მოქალაქე მოკლეს, როცა ისინი ღაზას სექტორში მიმავალ ჰუმანიტარული ტვირთით დატვირთულ თურქულ გემს თავს დაესხნენ.

პოლიტიკური მიმომხილველი მეჰმეტ ალი ბირანდი აღნიშნავს, რომ ისრაელში მომხდარი ტყის ხანძარი ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების საშუალებას იძლევა.

„ამას ძალიან დიდი სიმბოლური დატვირთვა აქვს. ეს ხომ პირველივე დღეს მოხდა. ჩვენი მხრიდან რაიმე ყოყმანი არ ყოფილა. ჩვენ არც კონსულტაციები მოგვიწყვია. ჩემთვის ცნობილია, რომ იდეა ისრაელში თურქეთის საელჩოს ეკუთვნის. მათ პრემიერ მინისტრი სწრაფად მოძებნეს და მან თანხმობა მოგვცა,“ აღნიშნავს მეჰმეტ ალი ბირანდი.

გასულ შაბათ-კვირას თურქეთის პრემიერ მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მომხრეებს სიტყვით მიმართა. ერდოღანმა გამოსვლაში ისრაელს მეგობრობის ხელი გაუწოდა.

ერდოღანმა განაცხადა, რომ მხარეებმა ურთიერთობებში ახალი ეტაპი უნდა დაიწყონ. თუმცა მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ისრაელმა ჯერ ბოდიში უნდა მოიხადოს და რეიდის მსხვერპლთ კომპენსაცია გადაუხადოს. ერდოღანმა აგრეთვე აღნიშნა, რომ თუ ისრაელი თურქეთს მეგობრობას გულწრფელად შესთავაზებს, ანკარა ამ ნაბიჯს უპასუხოდ არ დატოვებს.

კვირას და ორშაბათს თურქეთისა და ისრაელის დიპლომატებმა ჟენევაში ორი მაღალი დონის შეხვედრა გამართეს. მაგრამ ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ორ ქვეყანას შორის დაგროვილი უთანხმოებების გადაჭრას მნიშვნელოვანი დიპლომატიური ძალისხმევა დასჭირდება.

სემიჰ იდიზი თურქეთის დიპლომატიურ საქმიანობას აშუქებს.

„ჩვენი მთავრობა ამ საკითხებს აქტიურად ამუშავებს და მას არ სურს, რომ იმედგაცრუების შთაბეჭდილება შეიქმნას რადგან ქვეყანაში ამჟამად შექმნილი პოლიტიკური ვითარების კონტექსტში ეს მას ძვირად დაუჯდება. ამდენად გაკეთდა ოფიციალური განცხადებები,რომელიც თურქეთის მხრიდან გარკვეული ნაბიჯების გადადგმას ითვალისწინებს, მაგრამ შიდა პოლიტიკური მდგომარეობის გამო საეჭვოა ის შესძლებს თუ არა მთავრობა ამას,“ აღნიშნავს თურქი ჟურნალისტი.

მაისში მომხდარ ტრაგედიამდე თურქეთსა და ისრაელს შორს მჭიდრო პოლიტიკური და სამხედრო კავშირები შეინიშნებოდა.

გასულ თვეს შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარე სენატორი ჯონ კერი თურქეთის პრემიერ მინისტრს ერდოღანს შეხვდა. შეხვედრის დროს კერიმ ორ მოკავშირე სახელმწიფოს შორის არსებული უთანხმოებების გადაჭრას ხაზი გაუსვა.

„ვფიქრობ ყველას, თურქეთის, ისრაელის, ამერიკისა და სხვების ინტერესებში შედის ის, რომ ურთიერთობა თურქეთსა და ისრაელს შორის განახლდეს,“ განაცხადა ამერიკელმა სენატორმა.

ევროკავშირმაც მოუწოდა ანკარას გააუმჯობესოს ურთიერთობა ისრაელთან და მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ თურქეთი ამ კუთხით ახლო აღმოსავლეთის სახელწმიფოების ლიდერების მხრიდან მზარდ ზეწოლას განიცდის.

ორმხრივი ურთიერთობების გაუარესებამდე თურქეთი ისრაელ-პალესტინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი შუამავლის როლს ასრულებდა. მაგრამ, როგორც პოლიტიკური მეცნიერი ჩენგიზ აქტარი აღნიშნავს, ისრაელთან ურთიერთობების გაუარესების გამო თურქეთის რეგიონალური გავლენა მნიშვნელოვნად შემცირდა.

„სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. ამდენად თუ თურქეთი ისრაელის მიმართ გამომწვევად მოიქცევა, მსოფლიო ასპარეზზე ქვეყნის სტატუსს გადარჩენა არ უწერია,“ დასძინა აქტარმა.

თურქეთში მომავალი წლის ივნისში დაგეგმილი საყოველთაო არჩევნების ფონზე საშიანო პოლიტიკა გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მართალია დასავლეთი და ახლო აღმოსავლეთი ანკარას ისრაელთან ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ მოუწოდებენ, თურქეთის მთავრობაში ამ მიზნის მიღწევისთვის ახლა შესაბამისი პოლიტიკური ნებისყოფაც გაჩნდა.

XS
SM
MD
LG