ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კარნეგი ჰოლმა ქართველ მუსიკოსებს უმასპინძლა


დავით ალადაშვილი და ანიტა რაჭველიშვილი
დავით ალადაშვილი და ანიტა რაჭველიშვილი

ნიუ-იორკის კარნეგი ჰოლის, ზენკელის დარბაზში კონცერტი გამართეს მსოფლიოში წარმატებულმა მეცო-სოპრანომ ანიტა რაჭველიშვილმა და პიანისტმა დავით ალადაშვილმა, რომელიც ნიუ-იორკში მოღვაწეობს. ეს კონცერტი ქართველი მუსიკოსების ფონდის ეგიდით "ახალზგარდები ახალგაზრდებისთვის" გაიმართა და მისი მიზანი ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსებითვის ხელშეწყობაა. ნიუ-იორკიდან თეა თუაშვილი მოგვითხრობს.

ორი ქართველი ვარსკვლავი კარნეგი ჰოლის ზენკელის დარბაზის სცენაზე ახალგაზრდა თაობის ქართველი მუსიკოსების ხელშეწყობის მიზნით ავიდა. სამი წლის წინ დათუნა ალადაშვილის და ნატალია ქუთათელაძის მიერ დაფუძნებულმა ფონდმა წელს ამერიკაში უკვე მეორე საქველმოქმედო კონცერტი გამართა. პარასკევს, კარნეგი ჰოლში გამართული კონცერტი ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსების მხარდაჭერის მიზნით მოეწყო. "თავიდან ყველაფერი ხუმრობით დაიწყო", ამბობს ფონდის მუშაობასთან დაკავშირებით მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი და გვიყვება მისთვის, როგორც შემოქმედისთვის კარიერის დასაწყისში რა იყო მთავარი ბარიერი.

საქართველოს მოქალაქედ დავრჩი, მქონდა საშუალება გავმხდარიყავი სხვა ქვეყნის მოქალაქე, მაგრამ არ მინდოდა. [...] ძალიან ბედნიერი ვარ ასეთი დიდი ნაბიჯი რომ გადავდგით ევროპისთვის და მნიშვნელოვანია ევროპისკენ გადავდგათ ნაბიჯი, როგორც ერმა. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ ექვს თვეში უკვე არანაირი სავიზო რეჟიმი აღარ გვექნება შენგენის ქვეყნებთან
ანიტა რაჭველიშვილი

ანიტა რაჭველიშვილი: "პირველ რიგში ფინანსურ სიძნელეებს ეჯახები. სხვა ასპექტში მე ყოველთვის ძალიან დიდი მხარდაჭერა მქონდა ჩემი მშობლებისგან, პედაგოგისგან, რომელიც სამწუხაროდ აღარ არის ცოცხალი. სხვა მხრივ, არანაირი სირთულე არ მქონია. ჩვენ ჩავდეთ ბინა ბანკში, ერთადერთი რაც გაგვაჩნდა და ისე წავედი მილანში. ჩემი სტიპენდიის ნაწილს ვურიცხავდი ჩემს ოჯახს, რომ ბინის ვალი დაგვეფარა. აქედან გამომდინარე მესმის ძალიან კარგად რა სირთულეს შეიძლება შეხვდეს ქართველი სტუდენტი, ქართველი მუსიკოსი, რომელიც ახლა სწავლობს კონსერვატორიაში. თუ ძალიან მდიდარი ოჯახის შვილი არ ხარ, ვიმეორებ ძალიან მდიდარი, მაშინ გაგიჭირდება, რომ წახვიდე ამერიკაში, ევროპაში და ისწავლო."

დავით ალადაშვილი: "ნამდვილად გვსიამოვნებს ერთად სცენაზე ყოფნა და ვხვდებით, რომ დარბაზიც ჩვენთან ერთად ერთობა ხოლმე და ამაზე სასიამოვნო არაფერი არ არის. თან სცენაზე ქართული დროშა იყო, თან მეც გვარით შვილი, ანიტაც და თაქთაქიშვილიც... გუშინდელი კონცერტის შემდეგ კიდევ უფრო გჯერა, რომ ეს ფონდი უფრო გაამართლებს. მე მინდა რომ ფონდი გლობალური გახდეს და სულაც არ მინდა ჩემი სახელი ერქვას ამას, ის მე დავიწყე და ნატალიამ.ახლა ანიტაც შემოუერთდა. ძალიან მინდა, რომ ამ იდეის გარშემო "ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის" პირველ რიგში ქართველები და ასევე, უცხოეთში მცხოვრები ახალგაზრდა მუსიკოსები გაერთიანდენ."

კიდევ უფრო ევროპელად ვიგრძენი თავი, თუმცა ისედაც არ ვგრძნობდი თავს არა-ევროპელად, მაგრამ ამან კიდევ უფრო გაგვახარა.
დათუნა ალადაშვილი

მოგზაურობა მთელ მსოფლიოში, რომელიც საქართველოდან დაიწყეს ზენკელის დარბაზში გაგრძელდა და თაქთაქიშვილის, ლაღიძის პიესები, რახმანინოვის რომანსების სელექცია, ფრანგი კომპოზიტორების ნაწარმოებები და რათქმაუნდა კარმენი შესრულდა.

ანიტა რაჭველიშვილი: "კონცერტმა ჩემი აზრით ძალიან წარმატებულად ჩაიარა. ორი წელია მე და დათუნა ვთანამშრომლობთ და ყოველი კონცერტი ახალი სიურპრიზია ჩემთვისაც და მისთვისაც. ერთმანეთს ვუკეთებთ სიურპრიზებს დაკვრის პროცესში. ყოველთვის წარმატებულია კონცერტი, როდესაც მე ვიცი, რომ ჩვენ კონცერტის განმავლობაში ვიყავით შერწყმულები, მუსიკა იყო ის მუსიკა, რომელიც ჩვენი რეპეტიციების განმავლობაში გვქონდა ჩაფიქრებული, და ასევე შესრულებაც იყო ისეთი, როგორიც გვქონდა ჩაფიქრებული. ასეთ კონცერტებს მე ყოველთვის ვუწოდებ წარმატებულს."

კარნეგი ჰოლში თაქთაქიშვილის მუსიკა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს დღეს აჟღერდა.

დავით ალადაშვილი: "იმდენად ნაწვალები ვართ, განსაკუთრებით არტისტები, როდესაც გვინდა წავიდეთ კონცერტზე, კონკურსზე. არის ხოლმე ძალიან რთული პრცესი გავიაროთ ვიზის აპლიკაცია, შეზღუდული დღეები, ფოტო-გადაღებები. და უცებ ეს რომ მოგეხსენება, ეს პრობლემა -ძალიან სასიამოვნოა. კიდევ უფრო ევროპელად ვიგრძენი თავი, თუმცა ისედაც არ ვგრძნობდი თავს არა-ევროპელად, მაგრამ ამან კიდევ უფრო გაგვახარა."

ანიტა რაჭველიშვილი: "საქართველოს მოქალაქედ დავრჩი, მქონდა საშუალება გავმხდარიყავი სხვა ქვეყნის მოქალაქე, მაგრამ არ მინდოდა. უბრალოდ ვიზებს ვიკეთებ და დავდივარ. ჩემს შემთხვევაში იოლია, რადგან სამუშაო ვიზებით დავდივარ. ძალიან ბედნიერი ვარ ასეთი დიდი ნაბიჯი რომ გადავდგით ევროპისთვის. და მნიშვნელოვანია ევროპისკენ გადავდგათ ნაბიჯი, როგორც ერმა და ბედნიერი ვარ რომ ჩვენ ექვს თვეში უკვე არანაირი სავიზო რეჟიმი აღარ გვექნება შენგენის ქვეყნებთან."

"ახალგაზრდობა ახალგაზრდობისთვის" ფონდის ეგიდით, მომავალ წელს დავით ალადაშვილი და ანიტა რაჭველიშვილი საქველმოქმედო კონცერტს ლასკალაშიც გამართავენ. იგეგმება ისევ ნიუ-იორკიც - უფრო გრანდიოზული და მასშტაბური, უფრო მეტი ქართველი შემოქმედის მონაწილეობით, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არიან გაბნეული და ერთად ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსების ხელშეწყობის იდეის გამო შეიკრიბებიან.

XS
SM
MD
LG