ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მარში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ წინააღმდეგ


საპროტესტო აქცია ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენების წინააღმდეგ ბათუმში
საპროტესტო აქცია ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენების წინააღმდეგ ბათუმში

8 ნოემბერს კინოთეატრებში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ სანახავად მისულ ადამიანებს პოლიცია იცავდა იმისგან, რომ ტრავმა არ მიეღოთ, არადა მათ უბრალოდ, ფილმის ნახვა სურდათ.

ქართულ-შვედური ფილმის პრემიერა საქართველოში გულზე მჯიღის ცემისა და თავ-პირის ლეწვის ფონზე გაიმართა. პოლიციის კორდონი საკმარისი შემაკავებელი არ აღმოჩნდა აგრესიის ტალღისთვის და ფილმის ჩვენებაზე მისული მაყურებელი (მათ შორის, სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი) დაშავდა, სავარაუდოდ მას თავი ქვით გაუტეხეს. პოლიტიკოს დავით ბერძენიშვილს კი თავს დაესხნენ.

ვნებათაღელვა ფილმის თაობაზე „ქართულმა მარშმა“ შექმნა. ორგანიზაციის ლიდერმა ლევან ვასაძემ 5 ნოემბერს ვიდეო-მიმართვა გამოაქვეყნა, სადაც ის თანამოაზრეებს შეკრებისკენ და კინოთეატრების ბლოკირებისკენ მოუწოდებს „მშვიდობიანი“ გზებით. მისი მოსაზრებით, ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ქართულ იდენტობას ლახავს და ერის გადაგვარებას ისახავს მიზნად.

ვასაძემ ისიც განაცხადა, რომ გადაწყვიტა თავად შეეძინა ბილეთები, თუმცა გაყიდული დახვდა, ამიტომ აღარაფერი დარჩა, გარდა იმისა, რომ ფიზიკურად დაუპირისპირდეს კინოთატრში მისულ მაყურებელს და სეანსზე დასწრების უფლება არ მისცეს. ვერის ბაღში მან ლიბერალიზმის „დიქტატურის“ თაობაზეც იქადაგა და თქვა, რომ „საძულველ საბჭოთა კავშირში სიღარიბის ზღვარს მიღმა მოქალაქეების ერთი პროცენტი იყო, როცა იმ დროს საქართველოში 6 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, ახლა კი მხოლოდ სამი მილიონი ვართ“.

მისი აზრით, მოქალაქეებმა საერთო სურათი უნდა დაინახონ და მიხვდნენ, რომ ლიბერალებს ქვეყნის გარყვნა სურთ. „ჩვენ პოლიციის კორდონებს გავწევთ და მაინც შევალთ კინოთეატრებში. მოვუწოდებ პოლიციელებს, ქვეყნის გარყვნა არ დაიცვან, არ გამოვიდნენ თვითონაც და უარი თქვან ამ ბრძანების შესრულებაზე... ჩვენ შიშველი ხელებით შევდივართ საოპერატოროში და ვთიშავთ ფილმის ჩვენებას, რადგან შვილებს გვირყვნიან. მოგიწოდებთ, ეს სამი დღე ყველაფერი გადადოთ და ერთად ვიბრძოლოთ“,- ამბობდა ვასაძე. მან ვიდეო-მიმართვაში კინოთეატრების ქსელის მფლობელსაც მიმართა და დაანამუსა, რომ უარი ეთქვა ჩვენებაზე. გაახსენა, რომ მისთვის ლოცულობდა ორი წლის წინ, როდესაც საშინელი ავარია შეემთხვა.

ვასაძემ ივანიშვილსაც მიმართა: „დავიღალეთ თქვენი პოლიტიკური თამაშებით, ვეღარ ვიგებთ, ვის მხარეს ხართ... თუ მართლა გეშინია, ან ვერ აუქმებ ამ ფილმს, მაშინ მოდი და დაგვიდექი „ვერის ბაღში“, გელოდებით აქ ქართველი ხალხი, წამოიყვანე ირაკლი ღარიბაშვილი და პრემიერ მინისტრიც“.

7:30 საათიანი სეანსის დაწყებამდე შსს გამოეხმაურა წინასწარ გაცხადებული მუქარის შემცველ განცხადებებს, რასაც „ქართული მარში“ ავრცელებდა. „გავრცელებული ინფორმაციით, 2019 წლის 8, 9 და 10 ნოემბერს, თბილისსა და ბათუმში მდებარე რამდენიმე კინოთეატრში მხატვრული ფილმის პრემიერა იმართება. ასევე, საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მხრიდან კეთდება განცხადებები კინოჩვენების ხელშემშლელი ღონისძიებების შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს,“- ასეთი სამზადისი გახლდათ პოლიციაში, თუმცა ის საკმარისი არ აღმოჩნდა „მარშის“ აგრესიის შესაკავებლად. თბილისში, კინოთეატრ „ამირანთან“ სპეც-დანიშნულების რაზმის მობილიზაცია გახდა საჭირო. „მარშელები“ შენობაში შეჭრას ცდილობდნენ.

8 ნოემბერს საღამოს 10 საათისთვის პოლიციას უკვე 11 კანონდამრღვევი ჰყავდა დაკავებული. „ფილმის ჩვენების ჩაშლის მიზნით ​თბილისში, მერაბ კოსტავას გამზირზე შეკრებილი მოქალაქეების მხრიდან რამდენიმე ინციდენტი მოხდა. პოლიციამ კინოთეატრ "ამირანის" მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ სამართალდარღვევის ფაქტებზე, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 11 პირი დააკავა. რაც შეეხება მოქალაქე ანა სუბელიანზე თავდასხმის ფაქტს, სამართალდამცველებმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყეს, რაც ძალადობას გულისხმობს. აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე ერთი პირი პოლიციამ უკვე დააკავა, მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები“,- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, დაკავებულებს შორის სასულიერო პირიცაა.

დღის განმავლობაში, მანამ, ვიდრე კინოთეატრებში სეანსის დრო დადგებოდა, „მარშელებმა“ თბილისსა და ბათუმში რამდენიმე ადგილას იწყეს მობილიზება. „ვერის ბაღთან“ შეკრებილმა ფრთამ დალოცვა სასულიერო პირებისგან მიიღო.

ქართული მარშის მიზანი სულაც არაა საქართველოსთვის რეალურად ყველაზე მტკივნეულ და მნიშვნელოვან პრობლემებზე აქცენტირება და რეაგირება, თუნდაც ისეთზე, როგორიცაა ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა, ან რუსული ოკუპაციის თემატიკა. არადა, ორგანიზაციის სახელწოდებაში „მარში“ - მილიტარისტული შინაარსის დემონსტრაციული მსვლელობის აღმნიშვნელი სიტყვა, სწორედ ამას მიუთითებს. საქმე ის გახლავთ, რომ სახელწოდება შინაარსს არ ემთხვევა. „ქართული მარში“ ტერიტორიულ მთლიანობაზე აქცენტირებით, ან ბორდერიზაციის პროცესის გაპროტესტებით არასდროსაა დაკავებული, მისი მთავარი „მიზანი“ სექსუალური უმცირესობების ჩაგვრაა. ყოველ შემთხვევაში, ამგვარ დასკვნამდე შეგვიძლია მივიდეთ იმ მრავალრიცხოვანი მაგალითებიდან, რაც „მარშთან“ დაკავშირებით მოგვეპოვება ქართულ რეალობაში. მათეული „ქართული სული“ ჰეტეროსექსუალთა უპირობო დიქტატურას გულისხმობს. ხელჩართული ჩხუბის დროს კი ქრისტიანული სიწმინდე, ჯვარი, შესაძლოა, ჩვეულებრივ ბლაგვ იარაღად იქცეს. ხოლო, თუ ეს იარაღი იმდენად „მოხერხებულად“ იქნება გამოყენებული, რომ მისით ვინმეს თავი გაუტყდეს, ალბათ, სიწმინდის უფრო მაღალი რანგის მქონედაც მიიჩნევენ „მარშელები“.

ზოგადად, უნდა ითქვას, რომ „იდენტობის დაცვით“ მოტივირებული თავდასხმები, ფილმების წინააღმდეგ პოსტ-საბჭოთა ქართულ რეალობაში პირველი, ნამდვილად არაა. „და ვინჩის კოდი“, „ჰარი პოტერი“, „კაცები შავებში“... ასევეა იმ ჩამონათვალში, რასაც ამ დრომდე ქართული იდენტობა უნდა გაენადგურებინა. „მარშელები“, ლევან ვასაძის გეგმის თანახმად, ფილმის სეანსებს კინოთეატრებში კიდევ სამ დღეს უდარაჯებენ. კინომცოდნეების პროგნოზით კი ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ოსკარზე წარსდგება, მხოლოდ არა საქართველოს, არამედ შვედეთის სახელით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG