ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფრიდი: საქართველომ სერიოზულად უნდა აღიქვას კონგრესის შეშფოთება


დანიელ ფრიდი
დანიელ ფრიდი

ვაშინგტონში, შეერთებული შტატების კონგრესიდან საქართველოს მთავრობის მიმართ გაგზავნილი წერილების მნიშვნელობას აფასებენ. „ამერიკის ხმასთან“ საუბარში მიმომხილველები აცხადებენ, რომ კონგრესმენების შეშფოთების გათვალისწინება მნიშვნელოვანია.

29 იანვარს, შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა სენატორმა ჯიმ რიშმა და ევროპის ქვეკომიტეტის დემოკრატმა ლიდერმა, სენატორმა ჯინ შაჰინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართეს. წერილი (სრული ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ აქ) საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე, ოპოზიციის ლიდერების სამართლებრივ დევნაზე საუბრობს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს დაიცვას დემოკრატიული პრინციპები. სენატორები აცხადებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია ორი ქვეყნის პარტნიორობის საკითხი გადაიხედოს.

შეერთებული შტატების ყოფილი წამყვანი დიპლომატი, დენიელ ფრიდი, რომელიც წარსულში სახელმწიფო დეპარტამენტში სანქციების მიმართულებას კურირებდა, აცხადებს, რომ ქართულმა მხარემ კონგრესმენების პოზიცია სერიოზულად უნდა აღიქვას.

„კონგრესის წევრების შეშფოთების უარყოფა ან ქედმაღლურად იმის თქმა, რომ ისინი უცოდინრობით მოქმედებენ, ვითარებას არ გამოასწორებს. კონგრესის თანამშრომლები ძალზედ გამოცდილი ხალხია. თუ საქართველოს მთავრობას არ მოსწონს კონგრესის შეხედულებები, მათ უნდა ქონდეთ სერიოზული საუბარი ამ საკითხზე, რათა მათ საქართველოს სამგანზომილებიანი სურათი დაანახონ. ინდივიდუალური შეხედულებების მოცემულობად მიღება არასწორია და რომელი ქვეყნის ოპოზიციასაც არ უნდა ელაპარაკებოდე, მოვლენებზე საკუთარი აზრი უნდა გქონდეს. თუმცა საქართველოს მთავრობამ შეშფოთების უბრალოდ უარყოფაზე მეტი უნდა გააკეთოს, რადგან ამერიკის კონგრესი საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია და კონგრესის არასერიოზულად აღქმა ყველაზე ნაკლებად საქართველოს აწყობს. მე კონგრესის ყველა შეშფოთებას არ ვიზიარებ და ვამბობ, რომ საქართველოს უნდა ქონდეს საკუთარი არგუმენტი“, - ამბობს ფრიდი.

„ევროპის პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ უფროსი მკვლევარი, ბრაიან უიტმორი ამბობს, რომ კონგრესმენების წერილი ვაშინგტონში არსებულ შეშფოთებაზე მიუთითებს.

„პირველ რიგში ის არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ადამიანები საქართველოს მთავარი მხარდამჭერები არიან შეერთებული შტატების კონგრესში. საქართველოს მეგობრებს აშფოთებთ დემოკრატიული უკუსვლა, რუსული გავლენის ზრდა და გვაღელვებს ის, რომ პროგრესი, რომელიც საქართველომ ბოლო 10-15 წელში განიცადა, გაქრება. ჩვენ ასევე გვაღელვებს თქვენი აგრესიული ჩრდილოელი მეზობელი, რომელსაც არ გადაუფიქრებია საქართველოს კონტროლის ამბიციები. ვაშინგტონში ეს შეშფოთება არსებობს და კონგრესმენების წერილები სწორედ ამაზე მიუთითებს. თუმცა ეს მხოლოდ აისბერგის წვერია“, - თქვა მან.

სვანტე კორნელი, "კავკასიის და ცენტრალური აზიის კვლევების ინსტიტუტიდან" აცხადებს, რომ წერილი კრიტიკასთან ერთად ასევე აჩვენებს, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი არ ქრება.

„ვხედავთ იმას, რომ ჯერ ისევ არის ინტერესი საქართველოს მიმართ, ამერიკის ხელისუფლების და კონგრესის მნიშვნელოვან ნაწილში. ეს კარგი რამაა. მსოფლიოში არსებული სხვა პრობლემების მიუხედავად, ხალხი ინარჩუნებს ინტერესს საქართველოს მიმართ. ნაწილობრივ იმ მიზეზით, რომ ვინც საქართველოში ერთხელ მაინც ყოფილა, მისი დავიწყება არ შეუძლიათ. კიდევ ერთი რამ ისაა, რომ გასულ წელს ცვლილებები ვიხილეთ. დიდი ხნის განმავლობაში ქართულ ოცნებას ჰყავდა პატივსაცემი, პროდასავლური ადამიანები, რომლებიც წარმატებით ახერხებდნენ კომუნიკაციას, იმის ახსნას, თუ რა ხდებოდა საქართველოში და მღელვარების ჩაცხრობას. ეს ხალხი ქართული ოცნების მთავრობის წევრები აღარ არიან. სხვადასხვა დროს ბატონმა ივანიშვილმა ან გაუშვა პროდასავლური ხალხი ან შექმნა სიტუაცია, რომ ამ ადამიანებს არ ქონდათ სხვა არჩევანი გარდა მთავრობის დატოვებისა. ქვეყნის გარეთ ეს შეამჩნიეს. მესამე ისაა, რომ დემოკრატიის შეფასების რამდენიმე ინდექსში საქართველო კარგავს საკუთარ პოზიციას“, - ამბობს ის.

მისი თქმით, საქართველოს ოპოზიციას ამერიკის კონგრესის წევრების მხრიდან, კრიტიკული შეხედულებების გახმოვანებაში დიდი როლი არ აქვს.

„ვფიქრობ, ამ შეხედულებების ჩამოყალიბებაში საქართველოს ოპოზიციას არ აქვს დიდი როლი. [თბილისში] არსებობს საელჩოები და არსებობენ ექსპერტები, რომლებიც თავად ხედავენ რაც ხდება და მათი შეცდომაში შეყვანა ადვილი არაა“, - უთხრა მან „ამერიკის ხმას“.

ქართული მხარე კრიტიკულ წერილზე პასუხად აცხადებს, რომ მომავალ კვირაში, ამერიკის დედაქალაქში დაგეგმილი ვიზიტისას, ისინი ამერიკელ პარტნიორებს საკუთარ პოზიციას გაუზიარებენ.

„გარწმუნებთ, რომ ჩვენ ვიქნებით უაღრესად აქტიურები, უაღრესად ეფექტურები და ამასთან ერთად ობიექტურებიც ყველაფერ იმასთან დაკავშირებით, რისგანაც ახლა ამ ჟრიამულს ვტეხთ ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვან საკითხებზე. მოგეხსენებათ, აშშ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გახარიამ წერილის პასუხად.

ვაშინგტონს, მომავალ კვირას საპარლამენტო უმრავლესობის დელეგაცია ესტუმრება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG