ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

20 წელი 11 სექტემბრის ტერაქტებიდან


11 სექტემბერს დაღუპულთა ფოტოები მსოფლიო სავაჭრო ცენტრის მუზეუმში

ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ტრაგედია 2001 წლის 11 სექტემბერს სულ 102 წუთში მოხდა. 2 996 ადამიანი შეიწირა იმ დღეს თანამედროვეობის ყველაზე საშინელმა ტერორისტულმა აქტმა.

შეერთებულ შტატებზე მიტანილმა იერიშმა ავღანეთში თითქმის ოცწლიანი ომი მოიტანა. ის 19 წელი, 10 თვე, 3 კვირა და 2 დღე გრძელდებოდა. ამ ომმა დამატებით კიდევ 2 325 ამერიკელი სამხედრო იმსხვერპლა. მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა რიცხვი ზუსტად ცნობილი არ არის.

ვიდრე 11 სექტემბერს დაღუპულთა მემორიალს მოინახულებდა, ერთი დღით ადრე, პარასკევს, ამერიკის პრეზიდენტმა ვიდეო მიმართვა გაავრცელა. გამოსვლაში ჯო ბაიდენი პატივს მიაგებს 3 ქალაქში მომხდარ ტერაქტებში გარდაცვლილებს, კიდევ ერთხელ უცხადებს სამძიმარს მათ ოჯახებს, ამერიკელებს კი გაერთიანებისკენ მოუწოდებს. "ერთობაა ჩვენი უდიდესი სიძლიერე. სწორედ ეს არის ის, რაც ჩვენ გამოგვარჩევს. ამის დავიწყება შეუძლებელია" - ამბობს პრეზიდენტი ბაიდენი.

ტერორიზმთან დაწყებული გლობალური ბრძოლა ავღანეთის ფარგლებს გასცდა. მან ერაყს მიაღწია და კიდევ უფრო შორს, აფრიკასაც კი მისწვდა. ერაყში კონფლიქტს ამერიკის თითქმის 4 500 სამხედრო მოსამსახურე შეეწირა და ასობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

ბაიდენის გადაწყვეტილება, წერტილი დაესვა ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი ომისთვის და დაეტოვებინა ავღანეთი, წინააღმდეგობრივი საკითხია. კიდევ უფრო საკამათოა ქვეყნიდან გასვლის პროცესი. პრეზიდენტმა 11 სექტემბრის საიდუმლო დოკუმენტების გასაჯაროება მოითხოვა, რამაც შესაძლოა ბევრ რამეს ნათელი მოჰფინოს.

ავღანეთის გაკონტროლება ამერიკის ძალების დატოვებისთანავე თალიბებმა დაიწყეს. დღეს არავინ იცის, რა ბედი ელის ავღანელ ქალებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, მედიის წარმომადგენლებს, დევნილებს. ვრცელდება ინფორმაცია ისლამისტების მხრიდან გავრცელებულ ძალადობის შემთხვევებზე. მათი მსხვერპლი ძირითადად ქალები, უცხოეთის მოქალაქეები და ჟურნალისტები არიან.

დღეს პრეზიდენტი ბაიდენი 11 სექტემბრის ტრაგედიის სამივე ადგილს მოინახულებს. ის სიტყვით გამოვა ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, ტყუპი ცათამბჯენების აფეთქების ადგილზე, რომელთაც რიგრიგობით ტერორისტების მიერ გატაცებული ორი თვითმფრინავი დაეჯახა. ის ასევე ესტუმრება არლინგტონში პენტაგონს, რომელსაც თვითმფრინავი ნიუ-იორკში მომხდარი ტერაქტიდან 34 წუთში დაეჯახა და ჩავა შენკსვილში, სადაც კიდევ ერთი თვითმფრინავი ჩამოვარდა.

2001 წლის 11 სექტემბერი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:31 0:00

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG