ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დეგნანი: მოგიწოდებთ გაითვალისწინოთ საქართველოს მთავრობის რჩევები და მითითებები, გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას!


საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, კოვიდ-19 თან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს.

კელი დეგნანი მიმართვაში საქართველოს ხელისუფლებისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მუშაობის შესახებ საუბრობს და მათ მიმართ მადლიერებას გამოხატავს.

"ამერიკის საელჩოში განსაკუთრებით მადლიერები ვართ საქართველოს მთავრობის, მათ შორის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, მათი პროაქტიული ძალისხმევისთვის. პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, თითქმის ყველა სამინისტრო, პარლამენტი და მუნიციპალიტეტები ძალისხმევას არ იშურებენ, რომ შეაკავონ COVID-19 ვირუსის გავრცელება და მინიმუმამდე დაიყვანონ მის მიერ გამოწვეული ზიანი." - აცხადებს დიპლომატი.

კელი დგენანი საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ ხელისუფლებისა და სპეციალისტების რჩევები და მითითებები, დარჩნენ სახლში და გაუფრთხილდნენ ჯანმრთელობას.ელჩი მადლობას უხდის ადამიანებს, ვინც ჩართულია პანდემიასთან ბრძოლაში.

„მინდა მადლობა გადავუხადო სამედიცინო სფეროს თანამშრომლებს, პოლიციას და უამრავ სხვა საჯარო მოხელეს პანდემიასთან ბრძოლაში გაწეული შრომისა და გამოვლენილი პროფესიონალიზმისთვის. გთხოვთ მოიქეცით სწორად და დაემორჩილეთ მითითებებს. თუნდაც ჯანმრთელად გრძნობდეთ თავს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ შეასრულოთ მითითებები, რათა დაიცვათ თქვენი ახლობლები და საზოგადოების წევრები. მოგიწოდებთ შეასრულოთ საქართველოს ხელისუფლებისა და ჯანდაცვის ექსპერტების შეზღუდვები და რეკომენდაციები. თუ შესაძლებელია, იმუშავეთ სახლიდან. დარჩით სახლში, თუ რამე გადაუდებელი საქმე არ გაქვთ. თუ გიწევთ გარეთ გასვლა, დაიცავით დისტანცია და მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, ხშირად და საგულდაგულოდ დაიბანეთ ხელები, ეს სიფრთხილის ერთ-ერთი საუკეთესო ზომაა“ - აცხადებს ელჩი.

კელი დეგნანი იგივეს მოუწოდებს საქართველოში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს. დიპლომატის თქმით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ამერიკის საელჩოს მუშაობა შეზღუდულია, შეწყვეტილია ვიზიტორების მიღება. საელჩოში მხოლოდ გადაუდებელი სავიზო გასაუბრებები იმართება და ასევე ემსახურება ამერიკის მოქალაქეებს.

"მოვუწოდებ საქართველოში მყოფ ამერიკის ყველა მოქალაქეს, დაემორჩილოს საქართველოს ხელისუფლების მითითებებს. ვიცი, ზოგიერთი თქვენგანი რთულ ვითარებაში აღმოჩნდა გაუქმებული ფრენების გამო. მესმის, რომ თქვენ შეიძლება ცდილობდეთ ამერიკაში ოჯახებში დაბრუნებას. გარწმუნებთ, რომ ჩემი გუნდი და მე ყველაფერს ვაკეთებთ, ვაშინგტონთან კოორდინირებულად, როგორ გამოვძებნოთ თქვენი დახმარების გზები. გთხოვთ დარჩით ჩვენთან კონტაქტში, გვაცნობეთ რა გჭირდებათ და შესაძლებლობების ფარგლებში, დასახმარებლად ყველაფერს გავაკეთებთ. მანამდე კი გახსოვდეთ, ჩვენ ყველანი ერთად აღმოვჩნდით ამ ვითარებაში და აუცილებლად გავუმკლავდებით მას, თუ ვიმოქმედებთ პასუხისმგებლობით და ვიზრუნებთ სხვებზე. მოგიწოდებთ გაითვალისწინოთ საქართველოს მთავრობის რჩევები და მითითებები, გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას! დარჩით შინ!“ - აცხადებს საქართველოში აშშ-ის ელჩი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG