ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალ ყაიდა არაბეთის ნახევარკუნძულზე


ალ ყაიდა არაბეთის ნახევარკუნძულზე
ალ ყაიდა არაბეთის ნახევარკუნძულზე

ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში აღმოჩენილი ამანათებში შეფუთული ბომბები შეერთებული შტატების მისამართზე იემენიდან გაიგზავნა. სადაზვერვო სამსახურების წინასწარი დასკვნა ის გახლავთ, რომ ალ ყაიდამ არაბეთის ნახევარკუნძულზე ასაფეთქებელი მოწყობილობები ააწყო და გაგზავნა. ეს არის ალ ყაიდასთან დაკავშირებული დამოუკიდებელი ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც არაბეთის ნახევარკუნძულზე ჩამოყალიბდა. როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი გარი თომასი იუწყება, ხსენებული დაჯგუფება ალ ყაიდას სათავო ორგანიზაციისგან მნიშვნელოვანი ავტონომიით სარგებლობს.

პაკისტანის ტომებით დასახლებულ რეგიონში განლაგებული ოსამა ბინ ლადენის ალ ყაიდა იემენში მდებარე ალ ყაიდას არაბეთის ნახევარკუნძულზე დაჯგუფებასთან მჭიდრო ურთიერთობებს ინარჩუნებს. არაბეთის ნახევარკუნძულზე ალ ყაიდას დაჯგუფების ლიდერი ნასერ ალ ვაჰაიში თავის დროზე ავღანეთში ოსამა ბინ ლადენის თანაშემწე იყო. ხოლო თვით ოსამა ბინ ლადენი, როგორც ცნობილია, წარმოშობით იემენელია. ალ ყაიდას ორგანიზაციის ერთ-ერთი ადრინდელი ტერორისტული აქტი 2000 წელს იემენის ადენის პორტში მდგომ შეერთებული შტატების საზღვაო ძალების გემზე თავდასხმა გახლდათ, რომელმაც 17 ამერიკელი მეზღვაურის სიცოცხლე იმსხვერპლა.

მაგრამ ბევრ ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ ალ ყაიდა არაბეთის ნახევარკუნძულზე თავდასხმებს დამოუკიდებლად ახორციელებს. ტრანსნაციონალური საფრთხეების ეროვნული დაზვერვის ოფიცერი გლენ კარლი აღნიშნავს, რომ ოსამა ბინ ლადენი მის იემენში განლაგებულ მომხრეებს შთააგონებს, მაგრამ იგი მათ რაიმე პირდაპირ ბრძანებებს არ აძლევს.

„არიან თუ არა ისინი ოსამა ბინ ლადენის ცენტრალური კონტროლის ქვეშ? ვფიქრობ არა. შთააგონებს თუ არა მათ იგი? ცხადია, რომ ამ კითხვაზე პასუხი დადებითია. ღებულობენ თუ არა ისინი ალ ყაიდას სათავო ორგანიზაციიდან ზოგად მითითებებს? ალბათ გარკვეული თვალსაზრისით ეს მართლაც ასეა. ამას გარდა შეიძლება სათავო ორგანიზაცია იემენელებს გარკვეულ ლოგისტიკურ დახმარებასაც უწევს, მაგრამ ალბათ არაფერს მნიშვნელოვანს,“ აღნიშნა გლენ კარლიმ.

ალ ყაიდასთან დაკავშირებული სხვა დაჯგუფებების მსგავსად, ალ ყაიდა არაბეთის ნახევარკუნძულზე დაარსდა იმ მუჯაჰედების მიერ, რომლებიც 1980-იან წლებში ავღანეთში საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ომობდნენ. თავდაპირველად ისინი როგორც საუდის არაბეთში ისე იემენში მოქმედებდნენ. მაგრამ 2003 წლიდან მოყოლებული საუდის არაბეთის ხელისუფლებამ ალ ყაიდას წინააღმდეგ ზომების მიღება დაიწყო. შედეგად საუდის არაბეთში მყოფმა ალ ყაიდას მომხრეებმა სამხრეთით მდებარე საზღვარი გადაკვეთეს და იემენში გადაინაცვლეს. იემენში მძვინვარე სამოქალაქო ომისა და საერთო არეულობის ფონზე ალ ყაიდას მომხრეებმა იქ კარგი თავშესაფარი ნახეს.

2009 წლის იანვარში საუდის არაბეთსა და იემენში მდებარე ალ ყაიდას დაჯგუფებების ოფიციალური შერწყმა მოხდა. ახალ ორგანიზაციას დაარქვეს ალ ყაიდა არაბეთის ნახევარკუნძულზე. ამასობაში იემენის მთავრობამ შეერთებული შტატებიდან ზეწოლის ფონზე ჯიჰადისტების მოძრაობის წინააღმდეგ ზომების მიღება დაიწყო, რასაც ივლისში ალ ყაიდას არაბეთის ნახევარკუნძულზე წინააღმდეგ ოფიციალურად ომის გამოცხადება მოჰყვა.

შეერთებული შტატების შინაგანი უსაფრთხოების სადაზვერვო განყოფილების ყოფილ უფროსსა და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს 47 წლის ვეტერან თანამშრომელს ჩარლზ ალენს მიაჩნია, რომ ალ ყაიდა არაბეთის ნახევარკუნძულზე ძალებს იკრებს.

„ალ ყაიდა არაბეთის ნახევარკუნძულზე ნამდვილად სწრაფად ვითარდება. ბოლო ორი წლის მანძილზე ისინი ძალებს იკრებდნენ. როცა მე შინაგანი უსაფრთხოების დეპარტამენტში დაზვერვას ვხელმძღვანელობდი ჩვენ იემენში ალ ყაიდას აღორძინება ძალიან გვაღელვებდა. განსაკუთრებით იმის გამო, რომ ჩვენ ნათლად დავინახეთ, რომ ანვარ ალ-აულაყიმ დასავლეთისა და შეერთებული შტატების წინააღმდეგ მისი ქადაგებისა და მოწოდებების გამო ჩრდილოეთ ამერიკელებსა და ევროპელებს შორის დიდი პოპულარობა მოიპოვა,“ აღნიშნა ჩარლზ ალენმა.

ტეხასის შტატში მდებარე შეერთებული შტატების სამხედრო ბაზა Fort Hood-ში დატრიალებული ტრაგედია, რომელიც გასული წლის ნოემბრის დასაწისში მოხდა, ალ-აულაყისთან ელექტრონულ მიმოწერაში მყოფმა მაირომა ნიდალ ჰასანმა ჩაიდინა. როგორც ცნობილია ჰასანმა მოკლა 13 და დაჭრა 30 ადამიანი. სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლები აგრეთვე აღნიშნავენ, რომ ალ-აულაყიმ აიყვანა და მოამზადა უმარ ფარუქ აბდულმუთალაბი, რომელმაც 2009 წლის 25 დეკემბერს დეტროიტში მიმავალი ავიალაინერის აფეთქება სცადა. მართალია ალ-აულაყი ჯერ არ დაუკავებიათ, მას იემენის სასამართლომ მისი დასწრების გარეშე ტერორიზმთან დაკავშირებული ბრალდებები წაუყენა.

გამოძიების ფედერალური ბიუროს ეროვნული უსაფრთხოების განყოფილების ყოფილ დირექტორს ფილიპ მადს მიაჩნია, რომ ახლახანს აღმოჩენილ ამანათებში შეფუთული ბომბები იმის მანიშნებელია, რომ ალ ყაიდა არაბეთის ნახევარკუნძულზე კვლავინდებურად ძლიერი და მოქნილი ორგანიზაციაა, რომელსაც დასავლეთში ტერორისტული საფრთხეების წინააღმდეგ დასავლეთში მიღებული ზომების თავიდან აცილების მიზნით ახალი ტაქტიკის შემუშავება და განხორციელება ძალუძს.

XS
SM
MD
LG