ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„პატრიოტთა ალიანსის“ „ჯადოსნური“ გასაღები


იმ დროს, როდესაც ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია იმართება, რომელზეც პრემიერი კვირიკაშვილი საუბრობს რუსეთისთვის მკაფიო გზავნილების აუცილებლობის შესახებ, მოსკოვში ვიზიტიდან დაბრუნებული ქართველი დეპუტატები „პატრიოტთა ალიანსიდან“ რუსეთთან დიალოგის ახალ პერსპექტივასა და ფორმატზე აკეთებენ განცხადებებს.

„პატრიოტთა ალიანსი“ პარლამენტში ექვსი დეპუტატითაა წარმდგენილი. მოსკოვში ვიზიტი მათთვის „სერიოზულ გარღვევას“ წარმოადგენს. ისინი „ედინაია რასიასა“ და „კომუნისტური პარტიის“ წევრებს შეხვდნენ, სთხოვეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საფლავების მონახულების ნებართვა, რაზეც თანხმობა არ მიუღიათ და დაუდასტურეს, რომ ნატო ხელისშემშლელი ფაქტორია საქართველოსთვის რუსეთთან ურთიერთობის პერსპექტივის შემთხვევაში. ქართველმა დეპუტატმა ადა მარშანიამ განაცხადა, რომ ახალი ფორმატი გულისხმობს ნატო–საქართველო–რუსეთს შორის დიალოგის შესაძლებლობას. მსგავსი ფორმატის უსარგებლობის შესახებ კი დღეს ჯეიმს აპატურაიმ, ნატოს წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ისაუბრა. „სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები კარგად, რას უნდა ემსახურებოდეს ეს ფორმატი. ჩვენ ძლიერად ვთანამშრომლობთ საქართველოსთან, ამავე დროს გვაქვს მცდელობა იმისა, რომრუსეთთან გვქონდეს კონსტრუქციული დიალოგი.

ეს ხდება ნატო–რუსეთის საბჭოს ფორმატში. თუ იდეა იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთმა და ნატომ რაიმე ფორმით იმსჯელოს საქართველოზე, მაშინ ეს შეუძლებელია. ამგვარი რამ არ დგას დღის წესრიგში, ვინაიდან ნატო საქართველოს მომავალზე არ აპირებს მოლაპარაკების წარმოებას არც რუსეთთან და არც სხვა მესამე მხარესთან. საქართველოსა და ნატოს გადასაწყვეტია თქვენი მომავალი ამ ორგანიზაციაში. ჩვენს პარტნიორობაში ვერავინ ჩაერევა“,– განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

რა გამოხმაურება აქვს ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებას შორის ქართველი დეპუტატების მოსკოვში ვიზიტს, ამის თაობაზე ამერიკის ხმამ რამდენიმე კომენტარი ჩაიწერა.

„პოლიტიკის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი, პროფესორი კორნელი კაკაჩია აცხადებს:

„იკვეთება, რომ პატრიოტთა ალიანსს არ აკმაყოფილებს ის მდგომარება, რაც აქვს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში და სურს გახდეს მეორე პოლიტიკური ძალა, რომელსაც ექნება უფრო დიდი გავლენა და ჩაანაცვლოს, ფაქტიურად, უკვე დაშლილი ნაციონალური მოძრაობა. მათ იმედი აქვთ, რომ ინიციატივებით, როგორიცაა რუსეთთან დიალოგის დაწყება, მიიმხრობენ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, რომელიც ჯერ კიდევ იკვებება ამგვარი უტოპიური იდეებით. გარდა ამისა, მათ იმედი აქვთ, რომ მოიზიდავენ გარკვეულ ფინანსებსრუსეთში მცხოვრები ადამიანებისგან ან მათგან, ვინც დაინტერესებულია რუსეთ–საქართველოს ურთიერთობების ეგრეთ წოდებული ნორმალიზებით ნებისმიერ ფასად.

„პატრიოტთა ალიანსი“ ცდილობს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას ამ თემასთან დაკავშირებითიმისთვის, რომ მომავალი არჩევნებისთვის გარკვეული ქულები დაიგროვოს და აჩვენოს ხელისუფლებას, რომაქვს „ჯადოსნური“გასაღები კონფლიქტის მოსაგვარებლად. ამგვარი პოლიტიკით ისინი ნელ–ნელა გადავიდნენ პოზიციაზე, რაც თავის დროს ჰქონდა ნინო ბურჯანაძეს.“

სიდას აღმასრულებელი დირექტორი ზვიად დევდარიანი ქართველი დეპუტატების მოსკოვში ვიზიტს სახელმწიფოს ინტერესების საზიანო ქმედებად განიხილავს. ჩვენთან საუბრისას ის ამბობს: „პატრიოტთა ალიანსის ქმედება პოლიტიკური უპრინციპობის მაგალითია. მიმაჩნია, რომ ეს ვიზიტი ჩვენს საგარეო პოლიტიკას, ნამდვილად, არ წაადგება, რადგან ვსაუბრობთ ოკუპანტ სახელმწიფოსთან და ვსაუბრობთ იმაზე, რომ უნდა შეიქმნას რაღაც გაურკვეველი ნატო–საქართველო–რუსეთის ფორმატი, რომ საქართველო არ უნდა იყოს გამოყენებული ნატოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ და ასე შემდეგ. ანუ, ფაქტობრივად კითხვის ნიშნებს ვსვამთ ჩვენს საგარეო პრიორიტეტებთან დაკავშირებით, რომელიც უკვე განსაზღვრულია და რომელზეც არსებობს ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი, რაც დადასტურებულია არაერთი ვლევით“.

რამდენიმე გზის პარლამენტის წევრი, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ამერიკის ხმასთან ამბობს: „ის საკითხები, რაზეც მათ ჰქონდათ საუბარი მოსკოვში და რაც გაჟღერდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, არანაირ თანხვედრაში არაა სახელმწიფოს მიერ ოფიციალურ გამოცხადებულ პოლიტიკასთან. რუსეთის მიერ არ ხდება ოკუპაციის აღიარება, ყველაზე უფრო პრინციპულ საკითხზე არაა თანხვედრა და რანაირად შეიძლება რაიმე მოლაპარაკებაზე საუბარი? სახელმწიფო დამოუკიდებლობა, საზღვრების აღიარება, ძალის გამოყენებაზე უარის თქმა – თუ არ იქნა მიღწეული შეთანხმება ამ პრინციპულ საკითხებზე, სხვა, თუნდაც დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი, ვფიქრობ ყოვლად მიუღებელია.“

კითხვას იმის შესახებ, შესაძლოა თუ არა, დაზიანდეს საქართველოს იმიჯი საერთაშორისო პარტნიორებთან ამგვარი ვიზიტის შემდგომ, ვანხტანგ ხმალაძე შემდეგნაირად პასუხობს: „საერთაშორისო თანამეგობრობისთვის „პატრიოტთა ალიანსის“ ვიზიტი, არამგონია, მნიშვნელოვანი გზავნილი იყოს გამომდინარე იმ ძალიდან და გავლენიდან, რაც „პატრიოტთა ალიანსს“ აქვს ქვეყანაში, თუმცა, თავისთავად ის, რომ თუნდაც მცირე ნაწილი დღევანდელი ხელისუფლებისა (ოპოზიციური პარტიაც ხელისუფლებაა, თუ ის პარლამენტშია) სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული პოლიტიკისგან განსხვავებულ ქმედებას ცდილობს, უკვე ცუდი ნიშანია.“

ქართველი დეპუტატები მოსკოვში ვიზიტის შემდგომ აცხადებენ, რომ „ოკუპაციის შესახებ“ კანონი უნდა შეიცვალოს, რადგან ის ხელს უშლის რუს დეპუტატებს საქართველოში ჩამოსვლისას. შეგახსენებთ, რომ რუსმა მესაზღვრეებმა ორიოდე კვირის წინ შიდა ქართლში, სოფელ ბერშუეთთან ახალი ბანერები აღმართეს. ოკუპაციის გასაპროტესტებლად აქ ხვალ მდუმარე აქციაა დაგეგმილი, რომელსაც დეპუტატები „პატრიოტთა ალიანსიდან“, სავარაუდოდ არ შეუერთდებიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG