ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ალ-ჯაზირას“ პალესტინური დოკუმენტების მნიშვნელობა


„ალ-ჯაზირას“ პალესტინური დოკუმენტების მნიშვნელობა

კატარში ბაზირებულმა სატელევიზიო კომპანია „ალ-ჯაზირამ“ ახლახანს პალესტინური დოკუმენტები გამოაქვეყნა, რომლებიც ნათელს ფენს ახლო აღმოსავლეთის გაყინული სამშვიდობო პროცესის და მომავალი მოლაპარაკებების ზოგიერთ დეტალს.

ამან პალესტინელი ოფიციალური პირების აღშფოთება გამოიწვია, რომლებმაც არაბული ტელეარხი ბინძური კამპანიის ორგანიზებაში დაადანაშაულეს. არადა ექსპერტების შეფასებით გამომზეურებული დოკუმენტების უტყუარობა ეჭვს არ იწვევს.

ღაზას სექტორსა და ისრაელის მიერ ოკუპირებულ დასავლეთ ნაპირის მიწებზე ამ ინფორმაციამ მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია. დოკუმენტების მიხედვით 2008-2009 წლის მოლაპარაკებების დროს პალესტინური მხარე თანახმა იყო ისრაელთან უდიდეს დათმობებზე წასულიყო.

ალ-ჯაზირას ინფორმაციით მაჰმუდ აბასის მთავრობა ისრაელისთვის არაბული აღმოსავლეთ იერუსალიმის გადაცემაზეც კი იყო თანახმა, გარდა ამისა აბასის მთავრობა მილიონობით პალესტინელი ლტოლვილის უფლებების დარღვევაზეც თანხმდებოდა, რომლებსაც ისრაელში დაბრუნება სურთ.

აღსანიშნავია რომ ოფიციალურად პალესტინის ხელისუფლება ყოველთვის აღიარებდა ამ უფლებებს. სანაცვლოდ ისრაელი თანახმა იყო არაბებით დასახლებული ტერიტორიები ახლად შექმნილი პალესტინური სახელმწიფოსთვის გადაეცა.

მოლაპარაკებებზე პალესტინის წარმომადგენელი საიბ ერეკატი ამბობს რომ დოკუმენტები გაყალბებულია. მისი თქმით:“ ჩემის აზრით ეს არის ჟურნალისტიკის ისტორიაში ყველაზე დიდი გაყალბება.“

თავის მხრივ ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო ფონდის წარმომადგენელი ჯეფრი არონსონი თვლის რომ ეს ყველაფერი პალესტინური ხელისუფლების სისუსტეზე მეტყველებს, მისი თქმით:“ მე ვფიქრობ რომ ეს მთავრობა საკუთარ ტერიტორიას ვერ აკონტროლებს.“

შეერთებული შტატების საგარეო ურთიერთობათა საბჭოს წარმომადგენელი რობერტ დანინი მიჩნევს, რომ პალესტინელთა ლიდერები საკუთარ მოსახლეობას მოლაპარაკებებზე განხილული საკითხების შინაარსს უმალავდნენ. მისი თქმით: “ სამწუხარო რეალობაა, რომ პალესტინელების ხელმძღვანელობა ხალხს არაფერს არ ეუბნებოდა ამ დათმობების თაობაზე და როდესაც პალესტინელებმა ამის შესახებ შეიტყვეს ბევრისთვის ეს სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა.“

ეს დოკუმენტები იმ პერიოდს ეკუთვნის, როდესაც ისრაელის პრემიერ-მინისტრი ეჰუდ ოლმერტი იყო. მაგრამ როდესაც 2009 წელს ხელისუფლების სათავეში ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობა მოვიდა ყველაფერი თავიდან დაიწყო.

შარშან სექტემბერში ობამას ადმინისტრაციამ ისრაელ-პალესტინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს უმასპინძლა. პოლიტიკური ანალიტიკოსების აზრით ამ მოლაპარაკებების ჩაშლა გარკვეულწილად თავად ამერიკელების ბრალი იყო, რადგან მათ ბოლომდე არ დაიცვეს საკუთარი წინაადადებები, პირველ რიგში ოკუპირებულ ტერიტორიებზე ებრაული დასახლებების მშენებლობის შეჩერების შესახებ.

ჯეფრი არონსონის განცხადებით:“ როდესაც საბოლოოდ აღმოჩნდა რომ ჩვენ თვითონ არ ვიყავით ჩვენი იდეების ერთგულნი, ამან ეჭვქვეშ დააყენა ჩვენი პასუხისმგებლობის საკითხი და სამშვიდობო პროცესის ჩაშლა გამოიწვია.

26 იანვარს იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე შეერთებული შტატების სახლემწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი თავისი პოზიციის ერთგული რჩება:“ პრობლემა მხოლოდ ორი სახელმწიფოს თანაარსებობით გადაწყდება, როდესაც უზრუნველყოფილი იქნება ისრაელის სახელმწიფოს უშიშროება და პალესტინელ ხალხს საკუთარ სახელმწიფოში ცხოვრების საშუალება ექნება.“

თუმცა როგორც პოლიტილოგი რობერტ დანინი აცხადებს:“ ახლა პრეზიდენტ აბასისთვის უფრო რთული იქნება მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება“ არონსონი კი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი პალეტინელ ხალხში „ჰამასის“ პოზიციების გაძლიერებას გამოიწვევს, რომელიც უკვე დიდი ხანია მართავს ღაზას სექტორს.

როგორც ტელეკომპანია „ალ-ჯაზირა“ აცხადებს ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი კონფიდენციალური დოკუმენტების გაჟონვის შემთხვევა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ისტორიის მანძილზე, რომლებიც უკანასკნელი 11 წლის პერიოდს ასახავს 1999 წლიდან 2010 წლამდე.

XS
SM
MD
LG