ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გახდება თუ არა ალბანეთი ევროკავშირის წევრი?


დღეს მიმდინარე არჩევნების შემდეგ საბოლოოდ გაირკვევა ალბანეთის ევროკავშირში გაწევრიანების ბედი

დღეს ალბანეთში, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ქვეყანაში საპარლამენტო ასამბლეის 140 წევრს ირჩევენ. იმის მიხედვით, თუ ვინ გაიმარჯვებს, საბოლოოდ გაირკვევა ალბანეთის ევროკავშირში გაწევრიანების ბედიც. გამოკითხვებით, მცირეოდენი უპირატესობით სოციალისტური პარტია ლიდერობს, რომელსაც ქალაქ ტირანას ყოფილი მერი, ედი რამა ხელმძღვანელობს. რამამ 2009 წელს არჩევნებზე, რომელიც პოლიტიკური კრიზისით დასრულდა, პრემიერ სალი ბერიშას მმართველ პარტიასთან წააგო.

დასავლეთი მჭიდროდ ადევნებს თვალყურს საპარლამენტო არჩევნებს. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ალბანეთში 1991 წელს კომუნისტური რეჟიმის დამხობის შემდეგ არ ჩატარებულა. ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ ალბანური დემოკრატიის განვითარების ერთგვარი ეროზიული პროცესებით, რაც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას აფერხებს.

არჩევნების საბოლოო შედეგს სასამართლო დაადგენს, რადგან უმაღლესი საარჩევნო კომისია ალბანეთში პარალიზებულია. აპრილში 7-წევრიანი კომისიის 3 წარმომადგენელი პოლიტიკური დაპირისპირების შემდეგ გადადგა. არჩევნები ტრაგიკული ექსცესებით მიმდინარეობს. დღეს ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ ლაკში მომხდარ სროლაში ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა. პოლიცია ინციდენტს მიმდინარე არჩევნებს უკავშირებს.
XS
SM
MD
LG