ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა მოაქვს ახალ წლებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე


რუსული სამხედრო ბაზა. ხედი ოძისიდან
რუსული სამხედრო ბაზა. ხედი ოძისიდან

ახალი წლები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის, უბრალო რიცხვებია, იმედების გარეშე. ეს იმიტომ, რომ დრო გადის, მაგრამ მდგომარეობა უცვლელად ნარჩუნდება. ასეა თამარ მეარაყიშვილისთვის, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში ერთადერთი სამოქალაქო აქტივისტისთვის. ის პროტესტის გამოხატვას ხმამაღლა ბედავს, თუმცა მას ეს წამებასთან გათანაბრებულ მდგომარეობაში ყოფნად უჯდება.

თამარ მეარაყიშვილისთვის უკანონო ტყვეობის მეშვიდე წელი იწყება. მისი უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება საქართველოს ხელისუფლებამ ამ დრომდე ვერ შეძლო. რატომ? - ამ კითხვაზე პასუხი სტანდარტულია - საქართველოს ხელისუფლება ვერ ახორციელებს კონტროლს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და არც იმ უკანონობაზე ზემოქმედების მოხდენა შეუძლია, რაც იქ წლებია გრძელდება.

თამარ მეარაყიშვილს ერთადერთი შვილი ჰყავს, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში ერთხელ ნახა. ალან გაგლოევის, დე-ფაქტო პრეზიდენტის პოსტზე მოსვლის შემდეგ, ახალგორთან ჩაკეტილი გზა ყოველი თვის ბოლოს, ათი დღით იხსნება. ამ პერიოდში მოქალაქეებს გადაადგილების გარკვეული შანსები ეძლევათ. თუმცა მათ რიცხვში თამარ მეარაყიშვილი არ შედის. ასევე, არ შედის მისი შვილი, რომელიც ახალგორშია დაბადებული და გაზრდილი. ეს მის, როგორც სამოქალაქო აქტივისტის მიმართ შურისძიებაა - ასეთ თვლის თავად თამარიც.

თამარ მეარაყიშვილი, სამოქალაქო აქტივისტი ახალგორიდან
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:05 0:00

რის გამო იქცა თამარ მეარაყიშვილი დევნის ობიექტად დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე? ამას ერთი პასუხი აქვს - აქტივიზმისთვის, თავისუფალი სიტყვისა და გამოხატვის უფლებისთვის.

ეს ამბავი 2017 წლის 8 ივნისს დაიწყო, როდესაც დე-ფაქტო "კაგებეს" თანამშრომლებმა თამარი გაიტაცეს. იმავე წლის 8 აგვისტოს აიძულეს ეგრეთ წოდებული „მამხილებელი“ ვიდეოს ჩაწერა, რაც შემდგომ, მის წინააღმდეგ გამოიყენეს, როგორც „კომპრომატი“. თუმცა ის ისეთივე მეტყველი კომპრომატი აღმოჩნდა, როგორც თამაზ გინტურის „კანონდარღვევის“ დამადასტურებლად გავრცელებული ვიდეო.

2017 წლის 16 აგვისტოს მასზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს.

თამარ მეარაყიშვილის მიმართ, მას შემდეგ, პროკურატურამ რამდენიმე საქმე აღძრა და წლების განმავლობაში ყველა მათგანში თავადვე გამტყუნდა, დე-ფაქტო სასამართლოს პირობებშიც კი. ერთი და იგივე საქმეებმა სამჯერ მოიარა „უზენაესი სასამართლო“. სავარაუდოდ, დე-ფაქტო ადმინისტრაცია თამარ მეარაყიშვილის ნერვების მდგრადობაში დარწმუნდა, თუმცა ზეწოლა მაინც არ შეუწყვეტია.

თამარის უდიდესი სურვილი ახლა შვილის ნახვაა. დე-ფაქტო ადმინისტრაციას არანაირი საფუძველი არ გააჩნია ამ შეხვედრას ხელი შეუშალოს იმ კანონების მიხედვით, რასაც თავადვე „ემორჩილება“, დეკლარირებულად. თამარის შვილი დაბადებული და ჩაწერილია ახალგორში, რაც გადაადგილების უფლების მოპოვებისთვის აუცილებელი პირობაა. „დაბადების მოწმობას ვერ იღებს, რადგან პირადად უნდა ჩამოვიდეს ახალგორში ამისთვის. პირადად ვერ ჩამოდის, რადგან არ უშვებენ. არ უშვებენ, რადგან საბუთი არ აქვს, რომლის დამზადებასაც დაბადების მოწმობა სჭირდება, რასაც აქ, თვითონ უნდა მოაწეროს ხელი, მე მის ნაცვლად ვერ მოვაწერ, ასე რომ, ეს არის შეკრული წრე, რომლის გარღვევა შეუძლებელია,“- გვეუბნება თამარ მეარაყიშვილი.

უმძიმეს ფსიქოლოგიური და ფიზიკური წნეხის მიუხედავად, თამარი ახერხებს ღიად ისაუბროს დე-ფაქტო ტერიტორიაზე არსებულ პრობლემებზე, მათ შორის კორუფციაზე, რაც ასე ფესვგადგმულია. ის ერთადერთია, ვინც მარტომ გაბედა აქციის გამართვა ცხინვალში. მართალია, საპროტესტო პოსტერი პოლიციამ წაართვა, მაგრამ მაინც არ დანებდა და კიდევ, დამატებითი ვიდეო-მიმართვა ჩაწერა.

„ალან ედუარდოვიჩ [იგულისხმება დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ალან გაგლოევი], მე დღეს მარტომ გავმართე აქცია „შეჩერდეს კორუფცია!“. მილიციამ წამართვა პოსტერი, რომელზეც ეს სიტყვები ეწერა. ცხადია, თქვენ გაშინებთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. მოგმართავთ პირადად თქვენ: ქვეყანაში სრული განუკითხაობაა. მე კი არ უნდა მებრძოდეთ, ან ქაღალდებს, სადაც საპროტესტო სიტყვები წერია, თქვენ უნდა იბრძოლოთ ქვეყანაში არსებული განუკითხაობის წინააღმდეგ,“- აცხადებდა თამარ მეარაყიშვილი.

მან გასულ შემოდგომას შიმშილობის აქციასაც მიმართა. ითხოვდა დე-ფაქტო პრეზიდენტთან შეხვედრას, რაც არ შედგა.

რა ელის თამარ მეარაყიშვილს? თავად ამ კითხვაზე პასუხისას ამბობს, რომ არ აპირებს სახლი მიატოვოს. უშვებს შესაძლებლობას, რომ თუ სამედიცინო დახმარების გაწევა თბილისში დასჭირდა, მას გამოუშვებენ და შემდეგ უკან დაბრუნების უფლებას აღარ მისცემენ. ეს დე-ფაქტო ადმინისტრაციისთვის მარტივი გასაკეთებელია, რადგან მთელი ამ წლების მანძილზე თამარს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს არ აძლევს. დე-ფაქტო ადმინისტრაციის ტერიტორიაზე შესვლასაც იმ მოტივით აუკრძალავს, რომ ელემენტარულად, საბუთს ვერ წარადგენს. ასე თამარი თავის ერთადერთ სახლს დაკარგავს, რის შესანარჩუნებლად და სადაც ცხოვრების უფლების მოპოვებისთვის წამებასთან გათანაბრებულ მდგომარეობაში ყოფნას უძლებს.

ახალგორი 2008 წლის ომის შემდეგ აღმოჩნდა ოკუპაციის ქვეშ. მანამდე, თამარ მეარაყიშვილი თბილისში უპრობლემოდ ჩამოდიოდა, სამსახური და სახლი კი ახალგორში ჰქონდა. მისი სახლი ახლაც იქაა, თუმცა სამსახური, გადაადგილების შესაძლებლობა და ნორმალური ცხოვრების უფლება წაერთვა.

თამარ მეარაყიშვილი, სამოქალაქო აქტივისტი ახალგორიდან
თამარ მეარაყიშვილი, სამოქალაქო აქტივისტი ახალგორიდან

თამარი არც ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე დარეგისტრირებულა დევნილად. ამ ხერხს არ მიმართა, მსგავსად სხვა მოქალაქეებისა, ვინც ახალგორშიც გადაადგილდებიან და დევნილის სტატუსითაც სარგებლობენ.

დევნილის სტატუსი დროებითი თავშესაფრის მიღების შესაძლებლობას იძლევა. თამარს არც ეს მიუღია. მისთვის ერთადერთი სახლი - ახალგორშია.

თამარი ამბობს, რომ მის მიმართ ზეწოლას ახორციელებს როგორც ცხინვალის ეგრეთ წოდებული ადმინისტრაცია, ისე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება. მისი უფლებები დარღვეულია დე-ფაქტო ცხინვალშიც და საქართველოს არაოკუპირებულ ნაწილშიც, სადაც ხელისუფლება უმოქმედო და უეფექტოა მისი უფლებრივი მდგომარეობა გააუმჯობესოს.

რა ხარისხის წნეხი შეიძლება ხორციელდებოდეს თამარზე რეჟიმისგან, რომლის წარმომადგენლებისთვის ადამიანის მოკვლა, როგორც ამას ტატუნაშვილის, ბაშარულის, ბესტაევისა და გინტურის შემთხვევები აჩვენებს, პრობლემას არ წარმოადგენს, ნათელია.

რით შეიძლება ირჩენდეს თავს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანი, რომელიც მუდმივად ზეწოლის ქვეშაა? თამარი საკუთარი ხელით, ბიჟუტერიას ამზადებს, უამრავ საინტერესო და სასარგებლო ნივთს აკეთებს და ცდილობს გაყიდოს. პრობლემა უამრავია, პირველ რიგში მათი ტრანსპორტირება. ეს საქმიანობა თამარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მას, სხვა შეზღუდვებთან ერთად, არც სამსახურში დასაქმების უფლებას აძლევენ დე-ფაქტო ადმინისტრაციის ტერიტორიაზე. უარს ეუბნებიან იმუშაოს იმ პროფესიით, რითაც წლების განმავლობაში იყო დაკავებული ახალგორის კულტურის სახლში.

პასპორტის გადაცემა. ახალგორი
პასპორტის გადაცემა. ახალგორი

„ვაპირებ, ვიბრძოლო ბოლომდე“- გვეუბნება თამარი. მას დასათმობი, უბრალოდ, არაფერი აქვს. აცნობიერებს იმასაც, რომ შესაძლოა, ერთ დღესაც ის უბრალოდ „გააქრონ“. მას ასეთი შემთხვევისთვისაც აქვს გეგმა - წინასწარ.

ელოდება, თუ არა, რომ მისთვის შეიცვლება მდგომარეობა 2024 ახალ წელს და გადაადგილების უფლებას მოიპოვებს? - არა. მაშ, რა რჯის ამ ერთ ქალს, ფაქტობრივად მსხვერპლად შესწიროს საკუთარი ჯანმრთელობა და სიცოცხლის დრო დე-ფაქტო რეჟიმთან ბრძოლას?

XS
SM
MD
LG