ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ძეგლები უჟანგბადობის წინააღმდეგ


ილია ჭავჭავაძეს, აკაკი წერეთელს, გალაკტიონ ტაბიძეს, დავით გურამიშვილს, კონსტანტინე გამსახურდიას, მიხეილ თუმანიშვილს, მუზას ფილარმონიის წინ და სხვებს თბილისში სუნთქვა აღარ შეუძლიათ, ამიტომაც მათ პირბადეები აიკრეს. ეს მესიჯი „ჟანგბადის ნინძებმა“ გააჟღერეს – მოხალისეების ჯგუფმა საკუთარი პროტესტი ჰაერის დაბინძურების თაობაზე ამ ფორმით გამოხატა. გუშინ, პირბადიანი ძეგლების საკითხით შინაგან საქმეთა სამინისტროც დაინტერესდა და გაისმა განცხადებები საქმის აღძვრის თაობაზეც უცნობი აქტივისტების გამოვლენისა და დასჯის მიზმით. თბილისის ვიცე მერმა ირაკლი ხმალაძე კი საკითხს იმდენად სერიოზულად მოჰკიდა ხელი, რომ ამ ყველაფერში ძირითადი მესიჯი ხელიდან გაუშვა და ძეგლები შეურაცხყოფილად წარმოაჩინა.

აი რა განაცხადა მან მედიასთან: „ეს აქცია არ არის არც ნებადართული მერიისგან და არც ორგანიზებული მერიისგან. ჩვენ მას, რასაკვირველია, არ მივესალმებით. ამ ადამიანებს რაღაც პროტესტის გამოხატვა უნდოდათ, რაც კულტურული გზითაც შეიძლებოდა და არა ძეგლების შეურაცხყოფით. ამდენად, ჩვენი მხრიდან ამას მოჰყვება სათანადო რეაგირება, რადგან ეს ჩვენთვის და საზოგადოებისთვის ყოვლად მიუღებელია. რა ზომებიც იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული, ეს იქნება დაჯარიმება, თუ სხვა სანქცია, აუცილებლად გავატარებთ, რადგან ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა, რადგან საკმაოდ პატივსაცემი ძეგლებია შეურაცხყოფილი.“

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქმისთვის მსვლელობა არ მიუცია. რედაქციებმა კი მიიღეს ფერადი ასოებით აწყობილი წერილები აქციის ავტორებისგან, სადაც მითითებულია ისიც, რომ ძეგლებს პირბადეებს სამ დღეში მოხსნიან.

ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი, რაც აქციის ძირითადი თემა გახლდათ, მართლაც საგანგაშოა დღევანდელ საქართველოში. მიუხედავად დაპირებებისა მთავრობის მხრიდან, დაბინძურების მაჩვენებლის შესამცირებლად საჭირო ღონისძიებები არ გატარებულა. გასულ წელს გამოქვეყნდა ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს კვლევა, რომლის თანახმად საქართველო ჰაერის დაბინძურების გამო სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყანაა. მას შემდეგ ხელისუფლებამ სააგენტოს ინფორმაციის განახლება მოსთხოვა და ახალი მაჩვენებლები წარუდგინა. ახალმა კვლევამ მდგომარეობა, მართალია, მსოფლიოში ყველაზე უარესი არა, მაგრამ კვლავაც ძალიან მძიმე აჩვენა.

ამერიკის ხმასთან საუბრისას თამარ ბაგრატია, გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს: „გარემოს ეროვნული სააგენტო არის უწყება, რომელიც ახორციელებს ჰაერის ხარისხის მონიტორინგს ჩვენს ქვეყანაში. ინდიკატორიული გაზომვები ასევე მონიტორინგის სადგურები სხვადასხვა ქალაქებში გვაჩვენებს, რომ იკვეთება ადგილები, სადაც ჰაერის სხვადასხვა დამაბინძურებელის მოცემულობა აღემატება ზღვრულად დაშვებულ ნორმას. ასეთი ქალაქებია: თბილისი, რუსთავი, ბათუმი, ქუთაისი. ყველაზე პრობლემურ ჰაერის დამაბინძურებლად იკვეთება მყარი შეწონილი ნაწილაკები, ანუ მტვერი. გვაქვს შემთხვევები, როდესაც დაბინძურება ერთჯერად ზღვრულად დასაშვებ ნორმას აღემატება რამდენჯერმე. მეორე ყველაზე პრობლემური დამაბინძურებელი, რა მიმართულებითაც გვაქვს ყველაზე მეტი გადამეტება, არის აზოტის დიოქსიდი, რისი მთავარი წყარო გახლავთ ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილები. მყარი შეწონილი ნაწილეკების წყარო კომპლექსურია. ის შეიძლება იყოს როგორც მშენებლობა, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და ასევე გაუმართავი ავტომობილები.“

იმის შესახებ, თუ რა ნაბიჯებს დგამს სახელმწიფო ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის შესამცირებლად და არის თუ არა ეს ადექვატური რეაგირება არსებული პრობლემიდან გამომდინარე, თამარ ბაგრატია გვპასუხობს: „მე შემიძლია გითხრათ, რა უნდა გაკეთდეს ზოგადად და ასევე ის, გარემოს ეროვნული სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში, რა კეთდება. სხვა უწყებებმა თავისი კომპეტენციის ფარგლებში უნდა გიპასუხონ ამ კითხვაზე. ჩვენ ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჰაერის მონიტორინგის კუთხით და მის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების კუთხით მოვახდინეთ სრული გარდატეხა (ჯერ კიდევ გასული წელს, საქართველოში, შესაბამისი აპარატურის არარსებობის გამო შეუძლებელი იყო ჰაერის დაბინძურების დონის გაზომვა, – ნ.დ.) ჰაერის. დღეს ჩვენ გვაქვს უახლესი ავტომატური სადგურები თბილისში, ქუთაისში, ბათუმში. ჩვენ ვაკეთებთ ინდიკატორულ გაზომვებს, რომელიც საერთოდ არ კეთდებოდა ადრე და გვაქვს მონაცემები იმის თაობაზე, როგორ ჰაერს ვსუნთქავთ.“

ამერიკის ხმა ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ ხელმძღვანელს მანანა ქოჩლაძეს ესაუბრა: „ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო უნდა გამხდარიყო 2018 წლის 1 იანვრიდან და გადაიდო, რადგან ამასთან დაკავშირებით, პრაქტიკულად არაფერი იყო მომზადებული დაწყებული ტექნიკური საკითხებიდან და დასრულებული რეგულაციებით. ეს გახლავთ ერთ–ერთი მთავარი ნიშანი ხელისუფლების უმოქმედობის. რეფორმა რეალურად უნდა დაიწყოს იმისთვის, რომ საქართველოში არსებული მანქანები არ იყოს მომწამლავი ჩვენი ჯანმრთელობისთვის, რისთვისაც, შემდგომში უფრო ძვირის გადახდა მოგვიწევს.“

რაც შეეხება ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს კვლევას, რომლის განახლებული ვერსია 2016 წლის სექტემბერში გამოვიდა, საქართველოს ევროპაში აქვს ერთ–ერთი ყველაზე უფრო საგანგაშო მაჩვენებელი ჰაერის დაბინძურების გამო სიკვდილიანობის თვალსაზრისით. უკეთესი მდგომარეობა აქვთ ისეთ ქვეყნებს როგორიცაა ბოსნია და ბულგარეთი, სადაც ძალიან განვითარებულია მძიმე ინდუსტრია. ესეც ჩვენი ქვეყნის პარადოქსია: არ გვაქვს მძიმე ინდუსტრია, რაც შავ ბოლს გამოუშვებს, რომელიც ვიზუალურად ჩანს, როგორც ჩინეთსა და ბოსნიაში, მაგრამ ფაქტია, რომ შედარებით გამჭვირვალე ჰაერი, რომელიც გვაქვს, არ არის უფრო სასარგებლო ჩვენი ჯანმრთელობისთვის. მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ რაც არ უნდა გავზარდოთ ჯანდაცვის პროგრამები, მთავარი მაინც პროფილაქტიკაა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მსხვილი დამაბინძურებლები სადაც გვაქვს იქაც მოხდეს ღონისძიებების გატარება. ეს იქნება კასპი, სადაც ცემენტის ქარხანაა, ბოლნისი, ჭიათურა, რუსთავი, ზესტაფონი თუ ტყიბული, სადაც პირდაპირ ქალაქშია ქვანახშირის გროვები, რომელიც ქარის დაბერვაზე მტვრად ეფინება ირგვლივ ყველაფერს. ასეთი სიტუაცია როდესაც არის ქვეყანაში, მთავრობამ უნდა გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები დაბინძურების შესამცირებლად.“

საქართველოში ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყარო ავტომობილების გამონაბოლქვია. ამ მიმართულებით რეგულაციების ამოქმედება კი პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხია. იქიდან გამომდინარე, რომ რეფორმა მოსახლეობას მძიმედ დააწყვება კისერზე და უკმაყოფილებას გაზრდის, ხელისუფლება არ ჩქარობს გარემოს დაცვაზე ზრუნვის დაწყებას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG