ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ძალადობის პრევენციას ცდილობენ


კოალიციის ძალები ავღანეთში შიდა თავდასხმების თავიდან აცილებას ცდილობენ

ავღანეთში განთავსებული კოალიციის ძალების თქმით, ისინი ცდილობენ, მოიძიონ გზები ავღანეთის არმიის ჯარისკაცების მიერ ნატოს ჯარებზე თავდასხმების თავიდან ასაცილებლად. აღნიშნულ თავდასხმების დროს ავღანეთის უსაფრთხოების ძალები საერთაშორისო შენაერთებს ესვრიან.

საერთაშორისო ძალების წარმომადგენლის, ბრიგადის გენერალის, გიუნტერ კაცის ინფორმაციით, ამ თავდასხმების შესაჩერებლად რამდენიმე ღონისძიებაა გათვალისწინებული.

აღნიშნული ღონისძიებები გულისხმობს საერთაშორისო და ავღანეთის ძალებს შორის სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის გაუმჯობესებას, ორივე მხარის მეტ კულტურულ წვრთნას და ავღანეთის სახელმწიფო უსაფრთხოების ძალებში კონტრდაზვერვის პერსონალის გაზრდას.

„დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს ღონისძიებები შიდა საფრთხეებს და მასთან დაკავშირებულ ინციდენტებს შეამცირებს. ნება მომეცით, გავიმეორო, რომ ჩვენი კამპანია განხორციელების ფაზაშია და მასზე ზეგავლენას არ მოახდენს,” - განაცხადა გიუნტერ კაცმა.

წლეულს, ავღანეთში, შიდა თავდასხმების შედეგად 45 საერთაშორისო სამხედრო ოფიცერი დაიღუპა. თავდასხმების ფონზე, ავღანეთისა და კოალიციის ძალების ერთობლივი მუშაობის შესაძლებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

კოალიციის საბრძოლო შენაერთებმა ავღანეთი 2014 წლის ბოლოსთვის უნდა დატოვონ.

გასულ კვირას, შეერთებულმა შტატებმა 1000 ავღანელი ადგილობრივი პოლიციელის წვრთნა დროებით შეაჩერა.

ავღანელი ანალიტიკოსის, აჰმად იდრის რაჰმანის თქმით, ხსენებული წვრთნის შედეგები სხვადასხვაგვარია.

„სამხრეთ-აღმოსავლეთში და სამხრეთში, საკმაოდ პოზიტიური ძვრებია, რადგან ამ ძალებმა შეძლეს მეამბოხეების დამარცხება. თუმცა, სხვა ადგილებში, მაგალითად, ჩრდილოეთში, საშინელი ვითარებაა, რადგან ძალებს უამრავი კრიმინალი შეუერთდა,” - ამბობს აჰმად იდრი რაჰმანი.

რაჰმანი, რომელიც ქაბულში კვლევით ცენტრს ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ ავღანეთის პოლიციის ოფიცრები პოლიციელთა ბიოგრაფიული მონაცემებით, ე.წ. პროფილით, დაინტერესდებიან და მათ მუდმივ რეჟიმში შეამოწმებენ, რათა დააკვირდნენ, თუ რამდენად არიან ისინი პარტიზანების გავლენის ან დაშინების საგანი.

გენერალ კაცის თქმით, წვრთნების შეჩერება ზეგავლენას არ ახდენს კოალიციის ძალების ხელმძღვანელობით მიმდინარე ავღანეთის სახელმწიფო პოლიციისა და ავღანეთის სახელმწიფო ჯარის სწავლებაზე.

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG