ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანური უსაფრთხოება


ავღანურმა ძალებმა ქვეყანაზე პასუხისმგებლობა აიღეს, თალიბანმა კი ყატარში ოფისი გახსნა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:03 0:00
ბმული

ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი და ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ავღანური ძალებისთვის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის გადაბარების ცერემონიას დაესწრნენ. ამ ეტაპიდან, საერთაშორისო კოალიცია ავღანეთიდან გამოსვლამდე საბრძოლო ოპერაციებს ნელნელა გამოეთიშება. პრეზიდენტ კარზაის განცხადებით, ის ამ მომენტის დადგომას დიდი ხანი ელოდებოდა.

„ავღანელი ხალხისთვის ეს დიდი დღეა, როდესაც ავღანელები ხედავენ, რომ მათი შვილები და ახალგაზრდები მათი სიცოცხლის და ქვეყნის დასაცავად მზად არიან,“ - განაცხადა პრეზიდენტმა კარზაიმ.

ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა ნატოს გენერალური მდივანიც. მან განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში ალიანსი გააგრძელებს ავღანური ძალების დახმარებას საბრძოლო ოპერაციებში, თუმცა აღარ იქნება დამგეგმავი და წამყვანი ძალა.

„ჩვენი მიზანია ავღანური ძალების დახმარება, გაწვრთნა და რჩევის მიცემა. ასევე შევასრულებთ მნიშვნელოვან როლს საერთაშორისო ძალისხმევაში, რათა ვუზრუნველყოთ ავღანეთში უსაფრთხოების ძალების გრძელვადიანი გამძლეობა. ეს იქნება კიდევ ერთი თვალსაჩინო დემონსტრირება, რომ ავღანეთი არ არის მარტო,“ - განაცხადა რასმუსენმა.

ავღანეთის უსაფრთხოებაზე ადგილობრივი ძალებისთვს პასუხისმგებლობის გადაბარება 2011 წლის მარტში დაიწყო და სამშაბათს დასრულდა. თუმცა, ბოლო პერიოდში ავღანეთში გახშირებული ტერორისტული თავდასხმების ფონზე, ძლიერდება სკეპტიციზმი, რომ 2014 წლის შემდეგ ავღანეთის უსაფრთხოების 350 ათას კაციანი კონტინგენტი თალიბანის მეამბოხეებთან გამკლავებას შეძლებს. დეზერტირობის მაღალი დონე და უცხოური დახმარების გაურკვევლობა ამ ეჭვებს კიდევ უფრო აძლიერებს.

დამკვირვებლები ავღანეთში დაპირისპირების მომატებაზე უკვე საუბრობენ, თუკი თალიბი ამბოხებულები სამშვიდობო პროცესში არ ჩაერთვებიან და ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას არ გამართავენ.

იმ დროს, როდესაც ქაბულთან ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა პასუხისმგებლობა გადაიბარეს, ყატარის დედაქალაქ დოჰაში თალიბანის წარმომადგენელმა მოჰამედ სოჰალილ შაინმა პრესკონფერენცია გამართა და თალიბანის ოფისის გახსნა გამოაცხადა. მან განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი არის ავღანური პრობლემის მშვიდობიანად გადაჭრის პროცესის ნაწილი, რათა გაუმჯობესდეს თალიბანის ურთიერთობა საერთაშორისო თანამეგობრობასთან. მან ოფისის გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„პირველი ეს არის, ურთიერთგაგების მიღწევა და მოლაპარაკების დაწყება ქვეყნებთა, რათა, გავაუმჯობესოთ მათთან ურთიერთობა. მეორე, ეს არის პოლიტიკური და მშვიდობიანი გადაჭრის პროცესის ხელშეწყობა, რაც მიზნად ისახავს ავღანეთის დეოკუპაციის დაწყებას და დამოუკიდებელი ისლამური სისტემის დაფუძნებას. და მესამე, ამ პერიოდის განმავლობაში ავღანელებთან შეხვედრების გამართვა,“ - განაცხადა თალიბანის წარმომადგენელმა.

თალიბანის საპასუხოდ, პრეზიდენტმა კარზაიმ განაცხადა, რომ ძალიან მალე ის ყატარში წარმომადგენლებს გაგზავნის, რომლებიც თალიბ ამბოხებულებთან მოლაპარაკებას გამართავენ.
XS
SM
MD
LG