ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-თალიბანის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი შედეგის გამოცხადების გარეშე დასრულდა


შეერთებულმა შტატებმა და თალიბანმა მოლაპარაკებების მერვე რაუნდი დაასრულეს, რომელიც ორ მოწინააღმდეგეს შორის შეთანხმებას, ავღანეთში 18 წლიანი ომის დასრულებას და შიდა-ავღანური სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას ისახავდა მიზნად.

თალიბანის პრეს-მდივნის განცხადებით, ყატარში მიმდინარე 9-დღიანი მოლაპარაკებები ორშაბათს, გათენებისას დამთავრდა. ზაბიულა მუჯაჰიდმა მოკლე განცხადებაში თქვა, რომ „მუშაობა დამღლელი და ეფექტური იყო. ორივე მხარე დათანხმდა, შემდეგი ნაბიჯების გადასაწყვეტად კონსულტაცია საკუთარი ხელმძღვანელობისგან მიიღოს.“

მას დამატებითი განმარტებები არ გაუკეთებია. მეამბოხე ჯგუფთან მოლაპარაკებების შედეგის შესახებ, შეერთებული შტატების მთავარ მომლაპარაკებელ ზალმაი ხალილზადეს განცხადება არ გაუკეთებია.

ახლახან დასრულებული მოლაპარაკებების მიმდინარეობის დროს ხალილზადემ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ „ბრწყინვალე პროგრესი გვქონდა,“ რითაც მოლაპარაკებების შედეგის მოლოდინი შექმნა. მოლაპარაკებების პროგრესის შესახებ ბოლო კომენტარები მან კვირას გააკეთა, როდესაც ავღანელებს „ტვიტების“ სერიით ისლამური დღესასწაული მიულოცა.

ვაშინგტონმა განაცხადა, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების დადება, 28 სექტემბრისთვის დანიშნულ, ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე სურს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG