ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი აცხადებს, რომ მის არსენალში არსებული ყველაზე დიდი არა-ბირთვული ბომბით ავღანეთის ტერიტორიაზე „ისლამური სახელმწიფოს“ მიწისქვეშა კომპლექსზე მიიტანა იერიში.

პენტაგონის განცხადებაში ნათქვამია, რომ დღეს, “ჯი-ბი-იუ-43“ ბომბი, პაკისტანის საზღვართან ახლოს, ნანგარის პროვინციის აჩინის რაიონში „ისლამური სახელმწიფოს“ გვირაბების კომპლექსის თავზე ჩამოაგდეს.

ბომბი, რომლის დასახელება ინგლისური აბრევიატურა MOAB-ით აღინიშნება, 11 ტონა ასაფეთქებელ ნივთიერებას შეიცავს. საჰაერო ძალებმა, სწორედ ამ აბრევიატურის გამო, მას მეტსახელად „ყველა ბომბის დედა-ბომბი“ უწოდა (Mother Of All Bombs).

პენტაგონის პრესსპიკერმა ადამ სტამპმა განაცხადა, რომ საბრძოლო ვითარებაში ეს ბომბი პირველად გამოიყენეს.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა შონ სპაისერმა ვაშინგტონში ჟურნალისტებს უთხრა, რომ არ იცოდა სამხედრო ოპერაციის ნებართვა ტრამპის მიერ იყო თუ არა გაცემული. თუმცა, ასევე დასძინა, რომ „ჩვენ მათ („ისლამურ სახელმწიფოს“) სამოქმედო სივრცე არ უნდა მივცეთ, და სწორედ ეს გავაკეთეთ.“

ავღანეთში შეერთებული შტატების სამხედრო ძალების მეთაურის ჯონ ნიკოლსონის თქმით, ბომბის ჩამოგდება იმის საპასუხოდ მოხდა, რომ „ისლამური სახელმწიფო" ბუნკერების და გვირაბების გამოყენებას აფართოებს.

პენტაგონს არ დაუზუსტებია თუ რა ზიანი მიაყენა „ისლამურ სახელმწიფოს“ ამ იერიშმა და იყო თუ არა მსხვერპლი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG