ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ადმირალი მალენი: ყველაზე მეტად პუტინი მაშფოთებს


 ადმირალი მაიკ მალენი
ადმირალი მაიკ მალენი

ოთხშაბათს, 31 მაისს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში ამერიკის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი, ადმირალი მაიკ მალენი სიტყვით გამოვიდა. ის საუბრობდა ამერიკისთვის საჭირო საერთაშორისო კავშირებსა და პარტნიორებზე და იმაზე, თუ როგორ უნდა მიუდგეს ამერიკის შეერთებული შტატები უსაფრთხოების შენარჩუნებას და ეროვნული ინტერესების გატარებას მსოფლიოში არსებული გამოწვევების კვალდაკვალ.

ადმირალი მალენი ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი და გავლენიანი თანამდებობის პირი იყო. მალენი 4 წლის განმავლობაში პრეზიდენტ ბუშის და შემდეგ პრეზიდენტ ობამას მთავარი სამხედრო მრჩეველი იყო, ის სათავეში ედგა ავღანეთის საერთაშორისო მისიის დასრულების პროცესს და მონაწილეობდა ტერორიზმის წინააღმდეგ კამპანიაში ორივე ადმინისტრაციის პირობებში.

„მე ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვაძლიერებდეთ მსოფლიოს გარშემო ჩვენს ჩართულობას და არა პირიქით“, - აღნიშნა მან ამერიკის საგარეო პოლიტიკის შეფასებებისას. „თუ ამერიკის შეერთებული შტატები ადამიანის უფლებების დაცვას არ გააგრძელებს, ჩვენ უარს ვიტყვით ჩვენს პრინციპებზე. ეს ჩვენს მტრებსაც კი აბნევს, რადგან ჩვენ დასაბამიდან ადამიანის უფლებების დაცვისთვის ვიბრძვით, მათ უკვირთ და ფიქრობენ, როგორც გამოიყენონ ეს სიტუაცია."

მან მოუწოდა ტრამპის ადმინისტრაციას გაზარდოს ამერიკის ჩართულობა მსოფლიოში.

მან ისაუბრა ამერიკის მოკავშირეებზე ევროპაში და ნატოს მნიშვნელობაზე ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. მისი თქმით, რუსულმა აგრესიამ უკრაინაში ევროპას დათვური სამსახური გაუწია და დღეს, დედაქალაქები ევროპაში ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ გააძლიერონ თავდაცვა. „პუტინმა ევროპა გააერთიანა“, - თქვა მან.

მალენმა რუსეთზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პუტინის რუსეთი ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა ამერიკის უსაფრთხოებისთვის.

„ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად მაშფოთებს პუტინია. ის აგრძელებს საკუთარ პოლიტიკას, მას ეს გამოსდის და ჩვენც ამაში ხელი არ შევუშალეთ. ჩემი გამოცდილებით, პუტინის მსგავს ლიდერთან სუსტი პოზიციიდან არ უნდა ისაუბრო, რადგან თუ ამას გააკეთებ, ის თავისას გაიტანს. საჭიროა წინ აღვუდგეთ მას“, - განაცხადა მალენმა. “ გამეხარდა, როდესაც ვნახე, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი მის მიმართ მკაცრი იყო, მიუხედავად იმისა, თუ რა შინაარსის იყო მისი განცხადება. თუმცა მაშფოთებს ის, რომ ჩვენ მსგავსი რამ არ გაგვიკეთებია“, - აღნიშნა მან.

მალენის თქმით, მიუხედავად რუსეთის აგრესიული საგარეო პოლიტიკისა, ის დაღმავლობის გზას ადგას.

„რუსეთი დაღმასვლას განიცდის. ეკონომიკური, დემოგრაფიული და ინფრასტრუქტურის კუთხით სიტუაცია უარესდება. თუმცა პუტინმა ისევე, როგორც სხვა ავტოკრატებმა, იციან, თუ როგორ შეინარჩუნონ ხელისუფლება, ავტოკრატებს კარგად ესმით , თუ როგორ გაიტანონ ყოველი მეორე დღე.“

Facebook Forum

XS
SM
MD
LG