ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პულიცერის პრემიის შემდეგ, გილერმო კანოს სახელობის პრიზი


როიტერის რეპორტიორები, ვა ლონი და კიუ სუ-ო.

მიანმარში დაკავებული "როიტერის" რეპორტიორები, პულიცერის პრემიის შემდეგ, პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით, გილერმო კანოს სახელობის პრიზით დააჯილდოვეს.

საინფორმაციო სააგენტო “როიტერის” ორი რეპორტიორი, მიანმარში, 2017 წლის დეკემბერში დააკავეს. 2018 წლის სექტემბერში, კი მათ სასამართლომ განაჩენი ოფიციალური დოკუმენტების უკანონო ფლობის ბრალდების საფუძველზე გამოუტანა და 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოგვიანებით კი, უზენაესმა სასამართლომ წინა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში ისე დატოვა, რომ გადაწყვეტილების მიღების მიზეზები და დეტალები არ განუმარტავს.

ვა ლონი და კიუ სუ-ო, მუსლიმი როჰინგას თემის მიმართ, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებების შესახებ, ჟურნალისტურ გამოძიებაზე მუშაობდნენ. რეპორტიორებმა, სამთავრობო ძალების მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაულის დამადასტურებელი რამდენიმე ფოტო მოიპოვეს.

2017 წლის აგვისტოდან, მიანმარის დატოვება როჰინგას თემის 700 000 ზე მეტ წარმომადგენელს მოუწია. მათი უმრავლესობა თავს ბანგლადეშს აფარებს.

რეპორტიორების ადვოკატის მტკიცებით, ჟურნალისტების დაკავების რეალური მიზეზი, სწორედ მთავრობის მიერ ჩადენილი დანაშაულების მხილებაა.

მსოფლიო პრესის თავისუფლების დღე 3 მაისს 1993 წლიდან აღინიშნება, 1997 წლიდან კი იუნესკომ ამ დღესთან დაკავშირებით, კოლუმბიელი ჟურნალისტის, კანოს სახელობის პრიზი დააწესა. იუნესკო პრიზით პატივს მიაგებს ჟურნალისტებს ან/და მედიასაშუალებებს, რომლებსაც პრესის თავისუფლების დაცვა განსაკუთრებით საშიშ პირობებში უწევთ.

გილერმო კანო ისაზა, გაზეთ “ელ ესპექტადორის” რედაქტორი იყო და კოლუმბიური ნარკოკარტელების, ასევე მათი პოლიტიკური გავლენების შესახებ ჟურნალისტურ გამოძიებას აწარმოებდა. სწორედ ამიტომ, კარტელური დაჯგუფების წარმომადგენლებმა, 1986 წელს, ჟურნალისტი საკუთარ რედაქციასთან მოკლეს.

XS
SM
MD
LG