ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კაპიტოლიუმზე თავდასხმა - ამერიკელების განწყობები მაშინ და ახლა


2021 წლის 6 იანვარს, შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის მხარდამჭერები, კონგრესში მიმდინარე კონსტიტუციური პროცედურის ჩაშლის მიზნით, კაპიტოლიუმს თავს დაესხნენ. საკანონმდებლო ორგანოში, საპრეზიდენტო არჩევნების სერტიფიცირების პროცესი მიმდინარეობდა. თავდასხმის მიუხედავად, კონსტიტუციით განსაზღვრული პროცესი შეწყვეტის შემდეგ გაგრძელდა და კონგრესმა არჩევნებში გამარჯვებულად პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოაცხადა.

კაპიტოლიუმზე განხორციელებული ისტორიული თავდასხმისას, პრეზიდენტ ტრამპის 4 მხარდამჭერი დაიღუპა. ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, მათ საწამდათ, რომ შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა. თავდასხმის შედეგად, შტურმის მეორე დღეს, ასევე დაიღუპა კაპიტოლიუმის პოლიციის ერთი ოფიცერი. ათობით მათგანი დაშავდა. ოთხმა ოფიცერმა კი, გასული წლის განმავლობაში, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

განვითარებული მოვლენები გავლენას ახდენს შეერთებული შტატების იმიჯზე, კითხვებს სვამს ამერიკული დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ და გარკვეულწილად ჰყოფს ამერიკულ საზოგადოებას.

როგორ აღიქვამდნენ ამერიკელები კაპიტოლიუმზე განხორციელებულ თავდასხმას, შტურმიდან მალევე და როგორია საზოგადოების შეხედულებები ახლა, ისტორიული ტრაგიკული მოვლენიდან ერთი წლის შემდეგ.

თავდასხმიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, „იფსოსისა” და რადიო „ენპიარის“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა აჩვენებს, რომ ამერიკელთა მნიშვნელოვანი ნაწილი, ამერიკული დემოკრატიის მდგომარეობის მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი.

გამოკითხულთა 64% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ამერიკული დემოკრატია კრიზისს განიცდის და წარუმატებლობის საფრთხის წინაშეა. 70% იმავეს ფიქრობს, თავად ამერიკის შესახებ.

„იფსოსის“ კვლევა აჩვენებს, რომ 6 იანვრის მოვლენებიდან ერთი წლის შემდეგ, ამერიკელებს არაერთგვაროვანი შეხედულებები აქვთ. ირკვევა, რომ გამოკითხულთა ყოველი მეოთხე უშვებს სცენარის განვითარებას, როცა პოლიტიკური ძალადობა გამართლებულია.

ყოველი სამი გამოკითხუიდან ერთი, რაც ჯამში 32%-ია მიიჩნევს, რომ კაპიტოლიუმის შენობაზე თავდასხმა გადატრიალების მცდელობა, ან აჯანყება იყო. 28% კი ამბობს, რომ ეს იყო ბუნტი, რომელიც უკონტროლო გახდა.

მაგრამ, რას ფიქრობდნენ ამერიკელები განვითარებული მოვლენებიდან მოკლე პერიოდის შემდეგ? ავტორიტეტულმა კველვითმა ცენტრმა „პიუმ“, გასული წლის განმავლობაში, 6 იანვართან დაკავშირებით ამერიკელების შეხედულებები შეაჯამა.

პიუ“ 2021 წლის იანვარში, მარტსა და სექტემბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ამერიკელების განცდებს 5 თეზისად წარმოგვიდენს.

  1. 6 იანვრის მოვლენების გამო, ამერიკელებმა „შოკი“, „საშინელება“ და „ტანჯვა“ განიცადეს, მაგრამ პარტიული ნიშნით განხეთქილება აშკარა იყო.

„დემოკრატიისთვის სილის გაწნა. რაღაც, რასაც მხოლოდ მესამე სამყაროს ქვეყნებისგან თუ ელი“, „შოკისმომგვრელი, საზარელი და სევდისმომგვრელი“ - კაპიტოლიუმზე თავდასხმიდან 2 დღის შემდეგ, სწორედ ასე აღწერდა გამოკითხვაში მონაწილეთა ნაწილი, განვითარებულ მოვლენებს.

ამავე გამოკითხვამ აჩვენა, რომ უფრო მეტი რესპუბლიკელი, ან რესპუბლიკური პარტიის მხარდაჭერი ეჭვდებოდა იმის შესახებ, თუ ვინ იდგა თავდასხმის უკან, ვიდრე დემოკრატი, ან დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერი.

გამოკითხულთაგან თითქმის ყოველი მეხუთე რესპუბლიკელი, 17% მიიჩნევდა, რომ დესტრუქცია არ ყოფილა ტრამპის მხარდამჭერების მიერ წაქეზებული. ასეთად ისინი ისეთ ჯგუფებს მიიჩნევდნენ, როგორებიცაა „ანტიფა“ და მოძრაობა „შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია.“

2. არის თუ არა პრეზიდენტი ტრამპი, ზოგიერთი მისი მხარდამჭერის მოქმედებებზე პასუხისმგებელი - ეს არის საკითხი, რაზეც რესპუბლიკელებს შორის აზრთასხვადასხვაობა იკვეთებოდა.

საერთო ჯამში, გამოკითხულ ზრდასრულ ამერიკელთა 52%-მა მიიჩნია, რომ კაპიტოლიუმში მომხდარ ძალადობასა და დესტრუქციაზე დიდი პასუხისმგებლობა სწორედ დონალ ტრამპს ეკისრება. 23% მას მხოლოდ გარკვეულ პასუხისმგებლობას აკისრებს, 24% კი 45-ე პრეზიდენტს ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებდა.

სრულიად განსხვავებული სურათი იყო დემოკრატებს შორის. 2021 წლის 8 იანვარს ჩატარებული კვლევისას გამოკითხულ დემოკრატთა, ან დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერთა 95%, მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას დონალდ ტრამპს აკისრებდა. 81% კი მომხდარში 45-ე პრეზიდენტის დიდ პასუხისმგებლობას ხედავდა.

საერთო ჯამში, გამოკითხულ ამერიკელთა ნახევარზე მეტი, 54% მიიჩნევდა, რომ უკეთესი იქნებოდა თუ პრეზიდენტის პოსტს, დონალდ ტრამპის ვადის ამოწურვამდე, ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი დაიკავებდა. 45% კი მიიჩნევდა, რომ პრეზიდენტს თანამდებობა უნდა შეენარჩუნებია.

3. 2021 წლის მარტიდან, სექტემბრამდე, ამერიკელები ნაკლებად ამბობდნენ, რომ მნიშვნელოვანი იყო აჯანყებულთა სისხლის სამართლებრივი დევნა. ასე ძირითადად რესპუბლიკელები მიიჩნევდნენ.

გასული წლის მარტში ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილე ზრდასრული ამერიკელების 87% ძალიან მნიშვნელოვნად, ან გარკვეულწილად მნიშვნელოვნად მიიჩნევდა, კაპიტოლიუმზე თავდამსხმელებისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას. თუმცა, სექტმებრისთვის, ეს მაჩვენებელი 78%-მდე შემცირდა.

სექტემბერში, ორივე პარტიის წარმომადგენლებში, თუ მათ მხარდამჭერებში, შემცირდა იმ გამოკითხულ ზრდასრულთა წილი, ვინც თავდასხმაში მონაწილეთა იდენტიფიცირებას და მათ წინააღმდეგ სამართლებრივ დევნას, ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევდა. მაგრამ, კლება მეტწილად რესპუბლიკელებში გამოიხატა - 50%-დან, 27%-მდე. დემოკრატებში, მარტიდან სექტემბრამდე, შეხედულება მხოლოდ 6%-მა შეიცვალა და 86%-დან, 80%-მდე შემცირდა.

4. კაპიტოლიუმზე თავდასხმიდან რამდენიმე თვის შემდეგ, რესპუბლიკური პარტიის სულ უფრო ნაკლები წევრი აკრიტიკებდა დონალდ ტრამპს ღიად. თუმცა, იყვნენ არჩეული ოფიციალური რესპუბლიკერი პირები, რომლებიც ამას აკეთებდნენ.

2021 წლის იანვარში, წარმომადგენელთა პალატაში, დემოკრატების მიერ ინიცირებულ პრეზიდენტის იმპიჩმენტს, 10 რესპუბლიკელი შეუერთდა. თებერვალში, სენატში გამართულ იმპიჩმენტის პროცესში, დემოკრატებს მხოლოდ 7 რესპუბლიკელი სენატორი შეუერთდა. თუმცა, საჭირო უმრავლესობის მიღწევა შეუძლებელი გახდა და პრეზიდენტი ტრამპი გამართლდა.

5. 2021 წლის სექტემბერში, პარტიული განსხვავება სულ უფრო მკაფიო გახდა თავდასხმაში მონაწილეთა სასჯელის ზომაზე. ასევე, აზრთასხვადასხვაობა გმოიწვია საკითხმა, საჭირო იყო თუ არა მომხდარის კონგრესის მიერ გამოძიება.

წარმომადგენელთა პალატის საგანგებო კომიტეტმა, 6 იანვრის მოველენების გამოძიება დაიწყო. თავდასხმიდან რამდენიმე თვეში კი, შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა თავდასხმაში მონაწილე ასობით ადამიანი დააკავა და მათ წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყო.

„პიუს“ მიერ, სექტემბერში ჩატარებული კვლევით გაირკვა, რომ ზრდასულ ამერიკელთა 48%, დაკავებულებისთვის განსაზღვრულ სასჯელის ზომას საკმარისად მკაცრად არ მიიჩნევდა. 29% სასჯელს სათანადოდ მიიჩნევდა, 20% კი ამბობდა, რომ სასჯელი მძიმე იყო.

თუმცა, რა ხდება დღეს? უახლესი საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, რესპუბლიკური პარტიის ამომრჩევლთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა. მასაჩუსტეტსის უნივერსიტეტის კვლევაში, ასეთი რესპუბლიკელების პროცენტული მაჩვენებელი 71% - ია, რაც მთლიანობაში, მოსახლეობის დაახლოებით 33%-ს შეადგენს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG