ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს სანქციების ახალი სამიზნე


ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური ორგანიზაცია, - ირანის დაზვერვის და უშიშროების სამინისტრო, შეერთებული შტატების სანქციების ახალი სამიზნე გახდა.

შეერთებული შტატების ხაზინის და სახელმწიფო დეპარტამენტის გულისწყრომა ამ დაწესებულებამ სამი რამის გამო დაიმსახურა. ეს ორგანიზაცია მხარს უჭერს ტერორისტულ დაჯგუფებებს ალ-ყაიდას, ჰეზბოლას და ჰამასს, ეხმარება სირიის მმართველ რეჟიმს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლაში და არღვევს ადამიანის უფლებებს ირანში.

შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ირანში, სწორედ დაზვერვის და უშიშროების სამინისტრო იყო, რომელიც უხეშად არღვევდა პატიმრების უფლებებს. ამ ორგანიზაციის დაქვემდებარებაში მყოფი ევინის ციხეში სისტემატიურად აწამებდნენ პოლიტიკურ ტუსაღებს. მათ წინააღმდეგ მიმართავდნენ სექსუალურ ძალადობას და სასტიკად სცემდნენ. ირანში ბაჰაის რელიგიის წარმომადგენლებს უშიშროების სამინისტრო ყოველგვარი სამხილის გარეშე აპატიმრებდა.

ადამიანის უფლებათა დარღვევების გამო შეერთებულმა შტატებმა სანქციები შემოიღო ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის და პოლიციის წინააღმდეგ. ირანის ხელისუფლების ეს ორგანოები სირიის რეჟიმის მიერ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებში მონაწილეობენ.

ამიერიდან ირანის დაზვერვის და უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებს უარს ეტყვიან შეერთებული შტატების ვიზაზე. ახალი სანქციები ასევე დაბლოკავს ამ ორგანიზაციის ოპერაციებს ამერიკაში, შეერთებული შტატების მოქალაქეებს კი აეკრძალებათ ნებისმიერი ფინანსური ურთიერთობა მასთან.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიქტორია ნულანდის განცხადებით ირანის დაზვერვის და უშიშროების სამინისტროს წინააღმდეგ შემოღებული სანქციები ამ ორგანიზაციის საქმიანობის შეფერხებას ისახავს მიზნად. შეერთებული შტატები თავის მოკავშირეებს მოუწოდებს მსგავსი ზომები მიიღონ აღნიშნული ორგანიზაციის წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG