ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერორიზმთან ბრძოლა იემენში


ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ფრონტზე იემენი შეერთებული შტატებისთვის ერთ-ერთ ურთულეს გადასალახავ პრობლემას წარმოადგენს. ამბობს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კონტრრტერორიზმის უწყების კოორდინატორი დენიელ ბენჯამინი.

არაბეთის ნახევარკუნძულზე ალ-ყაიდამ უკვე დიდი ხანია, რაც ფესვები გაიდგა. ეს გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში მოხდა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ტერორისტებმა იემენის, ამერიკისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეების წინააღმდეგ არაერთი თავდასხმა განახორციელეს. ბოლო ორი წლის განმავლობაში კი ტერაქტებს ალ-ყაიდასთან დაკავშირებული ჯგუფები აწყობენ. მათ შორისაა 2008 წელს შეერთებული შტატების საელცოზე განხორციელებული თავდასხმა, უცხოელ ტურისტთა რამდენიმე ჯგუფის გატაცება, იემენის უშიშროების სამსახურის წინააღმდეგ ტერორის მიმართვა და რა თქმა უნდა 2009 წლის შობა დღეს ამერიკული ავიალაინერის აფეთქების ჩაშლილი მცდელობა.

ბარაქ ობამას ადმინისტრაციამ, იემენისადმი მიმართული ამერიკული პოლიტიკის გადახედვის შემდეგ ახალი სტრატეგია დასახა. პირველ რიგში ამერიკა იემენის მთავრობას ქვეყნის ტერიტორიაზე უშიშროების უზრუნველყოფისი, ექსტრემისტებისგან მომდინარე მუქარის გაქარწყლების, სახელმწიფოს მოსახლეობისთვის უკეთესი პირობების შექმნისა და მმართველობის ეფექტურობის მიღწევის სფეროებში უნდა დაეხმაროს. ამერიკის მთავრობა იემენის კონტრტერორიზმის ქვედანაყოფებს წვრთნას უტარებს და ხელს სხვაგვარადაც უმართავს. წვრთნა საზღვრის გაკონტროლებას, დანაშაულის ჩადენის ადგილის შესწავლას, ყალბი დოკუმენტების ამოცნობას, მიყურადების მოწყობილობის მიგნებას ითვალისწინებს.

თუმცა ზემოთქმული სტრატეგია მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიღებს შედეგს, თუ იემენის მთავრობა საკუთარი მოქალაქეების ძირითადი ინტერესების დაცვას მიჰყოფს ხელს. იემენი არაბული სამყაროს ყველაზე ღატაკი ქვეყანაა. ამ სიტუაციის გასაუმჯობესებლად შეერთებული შტატები იემენს მატერიალურ დახმარებასაც უწევს. ბატონი ბენჯამინის თქმით, 2010 წლის განმავლობაში ამერიკა იემენს 63 მილიონ დოლარს გამოუყოფს. პრიორიტეტებს ქვეყნის პოლიტიკური, ფისკალური და სამოქალაქო მომსახურების რეფორმა და კორუფციის აღმოფხვრა წარმოადგენს. იემენის მთავრობას სამოქალაქო მომსახურების გაუმჯობესებაში დახმარებას შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოც უწევს.

„ამერიკისა და საერთაშორისო საზოგადოებრიობის საბოლოო მიზანს სტაბილური, უსაფრთხო და ეფექტური მთავრობის მქონე იემენის ჩამოყალიბება წარმოადგენს. ის, რომ იემენის მთავრობა ნელ-ნელა უფრო გამჭვირვალე გზითა და პასუხისმგებლობით ეკიდება საკითხებს, ის რომ მთავრობა მოსახლეობის სატკივარს უფრო კარგად აცნობიერებს, ექსტრემიზმს და ძალადობას ნოყიერ ნიადაგს გამოაცლის და ქვეყნის პოზიტიური, დინამიკური განვითარების საწინდარი გახდება“. აღნიშნა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კონტრრტერორიზმის უწყების კოორდინატორმა დენიელ ბენჯამინმა.


XS
SM
MD
LG