<!-- IMAGE -->
ცოტა ხნის წინ ჩატარებული საკონგრესო მოსმენისას შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის მოადგილემ პოლიტიკის დარგში მიშელ ფლურნოიმ განაცხადა, რომ ობამას ადმინისტრაცია იმის უზრუნველსაყოფად, რომ ირანმა ბირთვული იარაღი არ მოიპოვოს, სამხედრო ძალის გამოყენებასაც კი არ გამორიცხავს:
„როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, არც ერთი გამოპასუხების მეთოდი არ არის გამორიცხული. ჩვენ ამას თავდაცვის დეპარტამენტის მოვალეობად აღვიქვავთ. დეპარტამენტმა პრეზიდენტს სამხედრო გამოპასუხების რამდენიმე განსხვავებული გეგმა უნდა წარუდგინოს.
თუმცა, როგორც მდივანმა გეითსმა და გაერთიანებული შტატების თავმჯდომარე მალენმა აღნიშნეს, სამხედრო დარტმის განხორციელება სასურველი არ არის. ჩვენ ჯერ კიდევ გვჯერა იმისა, რომ დიპლომატიისა და ზეწოლის ეფექტურად მიმართვის შემთხვევაში ირანის მოქმედება შეიძლება შეიცვალოს“. განაცხადა თავდაცვის მდივნის მოადგილემ.
თუმცა ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ირანი ასე ადვილად არ შეიცვლება და ალბათ ამერიკასა და მის მოკავშირეებს არ ძალუძთ ირანის ბირთვულ სახელმწიფოდ გარდაქმნის შეჩერება. თავად ირანი აცხადებს, რომ ბირთვული ტექნოლოგია მხოლოდ სამშვიდობო მიზნებისთვის ესაჭიროება.ისიც მნიშვნელოვანია, რომ აქამდე თეირანსა და დასავლეთს შორის მოლაპარაკებებს შედეგი არ გამოუღია. მარკ ფიცპატრიკი სტრატეგიული კვლევის ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის ბირთვული გაუვრცელებლობის და განიარაღების პროგრამის დირექტორია.
„ჩემის აზრით, ირანთან ცივი ომის მდგომარეობაში ვართ და ეს ომი იქამდე გაგრძელდება სანამ რაიმე პროგრესს არ მივაღწევთ. ირანი პროგრამასთან დაკავშირებულ ტექნიკურ პრობლემებს ვერ აუდის. სამხედრო დარტყმის შიშით, უახლოეს მომავალში თეირანი ბირთვული იარაღის შექმნას არ დააპირებს. სანქციები კი ირანის ეკონომიკაზე ნეგატიურად იმოქმედებს, მაგრამ თეირანს ვერ დააჩოქებს“. ამბობს ფიცპატრიკი.
„ჩვენ ბირთვული ტექნოლოგიის მქონე ირანთან შეგუება მოგვიწევს. თუმცა ვფიქრობ, რომ იმის მიღწევა შესაძლებელია, რომ ირანმა ბირთვული იარაღი ვერ შექმნას. ჩემის აზრით თეირანს კარგად ესმის ის, რომ ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობა, ქვეყანას სამხედრო დარტყმის საშიშროების წინაშე დააყენებს“. აგრძელებს ჩვენთან საუბარს მარკ ფიცპატრიკი.
თეით ნარკინი დაზვერვის ექსპერტია. მისი აზრით, ირანის ბირთვული პროგრამის შეწყვეტა სამხედრო დარტყმასაც კი არ ძალუძს და სამხედრო ოპერაცია მხოლოდ კონფლიქტის გამწვავებას გამოიწვევს:
„ასეთი აქცია პროგრამის რამდენიმე თვით შეყოვნებას თუ განაპირობებს. მაგრამ ჩემის აზრით, საშიშროებას ის წარმოადგენს, რომ სამხედრო დარტყმა მთელ რეგიონში ისეთ კონფლიქტს გააღვივებს, რომლის შედეგებზე წინასწარმეტყველებაც კი მიჭირს. ასეთი კონფლიქტი კი რაიმე უფრო დიდ და მოუთოკავ პრობლემაში შეიძლება გადაიზარდოს“. ამბობს ნურკინი.
ამავდროულად ისრაელი ძალზე შეშფოთებულია ირანის ბირთვული პროგრამით. მითუმეტეს, რომ ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი ხშირად იმეორებს იმას, რომ ისრაელი უნდა აღიგავოს პირისაგან მიწისა და ჰოლოკოსტსაც არ აღიარებს. ამიტომაც იმის საშიშროება, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებს ისრაელი დაბომბავს საკმაოდ რეალურია.
მარკ ფიცპატრიკის თქმით, სანქციები ირანს პროგრამას ვერ შეაწყვეტინებს, მაგრამ ამ სანქციებს ირანისთვის იმის ჩვენება ძალუძს, რომ მკაცრი გეზის არჩევა ისჯება და ისევ მოლაპარაკება სჯობს.
სანქციები უარყოფითად აგრეთვე ირანის სტრატეგიულ პროგრამებზეც იმოქმედებს. ვინაიდან თეირანი საჭირო ტექნოლოგიების შეძენას ვეღარ შესძლებს და ყველაფრის წარმოება თავად მოუწევს. ასე მაგალითად ცნობილია, რომ ირანის მიერ დამზადებული ცენტრიფუგები უხარისხობით გამოირჩევა. თანაც სანქციების შემოღება გაეროს უშიშროების საბჭოს უნარიანობასაც გამოააშკარავებს.