ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"აშშ-ი და ევროპა ობამას ეპოქაში"


გუშინ ვაშინგტონში მდებარე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ეგიდით ჩატარდა შეხვედრა თემაზე „შეერთებული შტატები და ევროპა ობამას ეპოქაში," რომელზეც ამერიკა-ევროპის ურთიერთობებზე ამავე უნივერსიტეტის ევროპულ კვლევათა პროფესორმა ბატონმა კლაუს ლარესმა იმსჯელა.

გამოსვლის დასაწყისში ბატონმა კლაუს ლარესმა შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ მინისტრს უინსტონ ჩერჩილს შეადარა და აღნიშნა, რომ ორივე შემთხვევაში ამ პოლიტიკური ფიგურების ძალაუფლებაში მოსვლა უკიდურესი აუცილებლობით იყო ნაკარნახევი. ჩერჩილის შემთხვევაში ეს იყო მეორე მსოფლიო ომი, ხოლო ობამას შემთხვევაში კი ეს იყო ჯორჯ ბუშის სავალალო პრეზიდენტობა. ლარესის თქმით ობამამ კაცობრიობის ისტორიაში უკვე დაიმკვიდრა ადგილი როგორც შეერთებული შტატების პირველმა შავკანიანმა პრეზიდენტმა, რომელმაც პირველად ქვეყანის ისტორიაში ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევის სისტემის რეფორმას მიაღწია.

ლარესის აზრით ევროპასთან ურთიერთობების განვითარება ამჟამად ობამას ადმინისტრაციის პრიორიტეტების სიაში არ შედის რადგან ამერიკის ყურადღება ავღანეთსა და ერაყში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებსა და ჩინეთსა და ინდოეთთან კავშირების განმტკიცებაზეა გადატანილი. როცა პირველ თებერვალს შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა მაიკ ჰამერმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ობამა არ მიიღებს მონაწილეობას მაისის ბოლოს დაგეგმილ უმაღლესი დონის შეხვედრაში ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის, ევროკავშირის ლიდერებისთვის ეს საკმაოდ არასასიამოვნო სიურპრიზი იყო. განსაკუთრებით იმედგაცრუებული აღმოჩნდა ესპანეთის პრემიერ მინისტრი ხოსე ლუის როდრიგეზ ზაპატერო. ლარესის თქმით:

„ძველ კონტინენტზე შეინიშნება მზარდი შეშფოთება, და ეს გაზეთ 'ნიუ იორკ თაიმსშიც' გამოიხატა, რომ შეერთებული შტატები ევროკავშირის მხარდაჭერას ისედაც მოელის და რომ მას ამერიკის გადმოსახედიდან ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება ვიდრე ჩინეთის აღმავლობას."

ლარესი ეთანხმება შეერთებული შტატების პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს ეროვნული უშიშროების საკითხებში ზბიგნიევ ბჟეზისნკის, რომელმაც ახლახან გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნა, რომ ობამას წინაშე სამი უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური გამოწვევა დგას. ესენია პალესტინა-ისრაელის პრობლემა, ირანის ბირთვული პოლიტიკა და ავღანეთ-პაკისტანის საკითხი. ხოლო რაც შეეხება გადამწყვეტ სტრატეგიულ ურთიერთობებს, ამ მხრივ ობამას პრიორიტეტებში შედის კავშირების გაღრმავება ჩინეთთან, რუსეთთან და ევროპასთან. ლარესი აღნიშნავს:

„მე მიმაჩნია რომ ამერიკა-ევროპის მჭიდრო კავშირების უმთავრესი უპირატესობა არ ემყარება მხოლოდ სტრატეგიული ურთიერთობების განვითარებას გარკვეული კრიზისული სიტუაციების დროს ორმხრივი დახმარების გასაწევად, მაგალითად, ავღანეთში, ანდა აღმავალი გეოპოლიტიკური მეტოქეების ანუ ჩინეთის შესაკავებლად. ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ძირითადი ფასეულობა ბევრად უფრო ღრმა ცნებაა. ურთიერთობას შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის აბსოლუტურად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ინდივიდუალური და კოლექტიური სიცოცხლისთვის. დემოკრატიის დასავლურ ღირებულებას, ისევე როგორც გადაადგილების, აზრისა და რელიგიის თავისუფლებასა და სხვა ფუნდამენტურ ადამიანის უფლებებს, რასაც ზოგადად განმანათლებლობის ფასეულობებს უწოდებენ, მხოლოდ შეერთებული შტატები და ევროპა ეზიარება.

პრეზენტაციის შემდეგ, ამერიკის ხმის ქართული რედაქციის კითხვაზე თუ როგორ გამოეხმაურნენ ევროკავშირის ლიდერები გასულ წელს გახმოვანებულ რუსეთის პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის შემოთავაზებას ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის გარდაქმნის შესახებ, ბატონმა ლარესმა დასძინა:

„ყოფილი საბჭოთა სატელიტური ქვეყნების დამოკიდებულება რუსეთის მიმართ რასაკვირველია მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვა სახელმწიფოების დამოკიდებულებისგან, განსაკუთრებით გერმანიის ჩათვლით. როგორც მოგეხსენებათ, რუსეთსა და გერმანიას შორის, ჩემის აზრით, ეგრედწოდებული 'სპეციალური ურთიერთობა' ვითარდება. ამ ტენდენციის ერთ-ერთი ყველაზე აშკარა გამოვლინებაა თუნდაც ის ფაქტი, რომ გერმანიის ყოფილი კანცლერი შროდერი გაზპრომის ადმინისტრაციაში შედის, რაც რასაკვირველია დამაფიქრებელია. მე მიმაჩნია, რომ რუსეთსა და გერმანიას შორის თანამშრომლობა ბუნებრივი აირის მილსადენების მშენელობლის სფეროში წარმოადგენს იმ ფაქტს, რომელიც გერმანიის საგარეო პოლიტიკაზე დიდ გავლენას ახდენს. რაც შეეხება მედვედევის შემოთავაზებას, მე არა მგონია, რომ ეს მოლაპარაკებების დაწყებისთვის საკმარისი იქნება. ბევრი ევროპელი ლიდერი ამ შემოთავაზებას ეჭვის თვალით უყურებს. ამდენად მე ვფიქრობ, რომ ეს ინიციატივა უნაყოფო იქნება."


XS
SM
MD
LG