ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი ირანის მიმართ სანქციების შემოღებისკენ იხრება


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ჩინეთი ირანის ბირთვულ პრობლემასთან დაკავშირებით უფრო აქტიური როლის თანმაშს აპირებს და ბირთვული იარაღის შექმნის მოსურნე თეირანის წინააღმდეგ დამსჯელი სანქციების შემოღებისკენ იხრება. ოტავაში მსოფლიოს რვა უძლიერესი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ჩასულმა ქალბატონმა კლინტონმა გუშინ ინტერვიუ მისცა კანადის ტელევიზიას. გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი და გერმანია ამაოდ ცდილობენ ირანს ბირთვულ პროგრამაზე უარი ათქმევინონ. დასავლეთის ქვეყნები თეირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შემოღებისკენ მოუწოდებენ, მაგრამ ჩინეთი ყოველთვის ეწინააღმდეგება ასეთ ზომებს და დიალოგის გამართვას უჭერს მხარს. კლინტონის თქმით, პეკინი ახლა იზიარებს ვაშინგტონის ხედვას, მიიჩნევს, რომ ბირთვული იარაღის მქონე ირანის არსებობა მიუღებელია და ირანის წინააღმდეგ სანქციების შემოღებისადმი მიძღვნილ უშიშროების საბჭოს განხილვაში მონაწილეობის მიღებას აპირებს. ოტავაში კი კანადის პრემიერ-მინისტრმა სტივენ ჰარპერმა ფორუმი გახსნა და განაცხადა, რომ ამ შეხვედრის მოწყობა ძალზე ძნელ პერიოდს დაემთხვა, როდესაც საერთაშორისო საზოგადოებრიობა ირანისა და ჩრდილოეთ კორეისგან მომდინარე საშიშროების წინაშე დგას.

XS
SM
MD
LG