ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქ. მარჯაში ჩატარებული ოპერაცია მხოლოდ დასაწყისია


ერაყსა და ავღანეთში შეერთებული შტატების სამხედროების მეთაური გენერალი პეტრეუსი აცხადებს რომ გარკვეული პროგრესის მიუხედავად წინ კიდევ მძიმე დღეებია მოსალოდნელი.

შეერთებული შტატების სენატის შეიარაღების კომიტეტის წინაშე გამოსვლისას გენერალმა პეტრეუსმა განაცხადა რომ ჰელმენდის პროვინციის ქალაქ მარჯაში ჩატარებული ოპერაცია მხოლოდ დასაწყისია იმ დიდი ბრძოლისა რომელიც ტალიბთა გავლენის შესუსტებას ისახავს მიზნად.

მისი თქმით:“ ჩვენი სამხედრო კამპანია ავღანეთში კიდევ წელიწადნახევრის განმავლობაში გაგრძელდება და ის საკმაოდ მძიმე იქნება სანამ რაიმე წარმატებას მივაღწევდეთ.“

გენერალმა პეტრაუსმა გააფრთხილა კონგრესმენები რომ წელს რაიმე მნიშვნელოვანი გარდატეხა არ არის მოსალოდნელი ავღანეთში მიმდინარე ომში, რადგან თალიბები ბოლომდე იბრძოლებენ რეგიონში გავლენის შესანარჩუნებლად.“

ბატონი პეტრეუსის განცხადებით:“ 2010 წელი მძიმე იქნება მიუხედავად იმისა რომ ქვეყნის სტრატეგიულ რაიონებში გარკვეული პროგრესია მოსალოდნელი. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს რომ წინ მძიმე ბრძოლები გველის.“

გენერალი პეტრეუსი მხარს უჭერს პრეზიდენტ ობამას გეგმას, რომელიც მომავალი წლის ივლისისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებს თავად ავღანელებს გადააბარებს. ამისთვის აუცილებელია ავღანეთის შეიარაღებული ძალების გაზრდა და მისი სათანადო დონეზე მომზადება.

გენერალმა პეტრეუსმა ასევე მოიწონა პაკისტანის ბოლოდროინდელი ოპერაციები ალ-ყაიდასა და თალიბანის წინააღმდეგ. მისი თქმით ამერიკელი და ავღანელი სამხედროების კოორდინირებული მოქმედება პაკისტანის საზღვრის მახლობლად ხელს უშლის მოთარეშეებს ამ ორ ქვეყანას შორის თავისუფლად იმოძრაონ.

რაც შეეხება ერაყს აქ აშკარა პროგრესი შეიმჩნევა, რაც თვალნათლივ გამოჩნდა ახლახანს ჩატარებული არჩევნების დროს. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს რომ პარტიზანებს ჯერ კიდევ შეუძლიათ პრობლემების შექმნა.

გენერალ პეტრეუსის განცხადებით პრეზიდნეტ ობამას გეგმის შესაბამისად აგვისტოს მიწურულისთვის ერაყში 96 000 ნაცვლად მხოლოდ 50 000 ამერიკელი ჯარისკაცი დარჩება.

ამერიკელი გენერალი ასევე შეეხო იემენში შექნილ სიტუაციას, სადაც ამ ბოლო დროს მკვეთრად გააქტიურდნენ სხვადასხვა შეიარაღებულ დაჯგუფებები, თუმცა სამხედროების წყალობით მდგომარეობა მაინც სტაბილურად შეიძლება ჩაითვალოს.

დევიდ პეტრეუსის განცხადებით ახლო აღმოსავლეთში სტაბილობას ყველაზე მეტად ირანი ემუქრება, რომელიც მხარს უჭერს ერაყში, ლიბანში, ღაზასა და ავღანეთში მოქმედ ექსტრემისტულ დაჯგუფებებს.

XS
SM
MD
LG