ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში არცერთი პოლიტიკური პარტია ხმების უმრავლესობას არ ფლობს


ერაყში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველეთა ხმების დათვლა დასრულებული არ არის, მაგრამ წინასწარი მონაცემებით არცერთი პოლიტიკური პარტია ხმების უმრავლესობას არ ფლობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წამყვანი ფრაქციები კოალიციურ მთავრობას შექმნიან. ხოლო ამას ხანგრძლივი მოლაპარაკებები და კონსულტაციები დასჭირდება.

ერთ კვირაზე მეტი გავიდა მას შემდეგ რაც ერაყში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. არჩევნების საბოლოო შედეგი ჯერ-ჯერობით უცნობია, მაგრამ როგორც ჩანს არცერთმა პარტიამ აშკარა გამარჯვებას ვერ მიაღწია.

წინასწარი მონაცემების მიხედვით პრემიერ მინისტრ ნური ალ მალიკის კოალიციამ ხმების უმრავლესობა ბაღდადსა და ქვეყნის ზოგიერთ სამხრეთ პროვინციებში მოიპოვა.

სუნიტებით დასახლებულ რეგიონებში კი ყოფილი პრემიერ მინისტრის საერო შიიტის იად ალავის კოალიცია ლიდერობს.

როგორც მოსალოდნელია, ქურთული პარტიები ჩრდილოეთ ერაყის ქურთულ პროვინციებში კონტროლს შეინარჩუნებენ.

2005 წელს სუნიტების უმრავლესობამ საპარლამენტო არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა, მაგრამ გასულ კვირას ბევრი სუნიტი საარჩევნო უბნებში გამოცხადდა.

ვაშინგტონში მდებარე ომის კვლევის ინსტიტუტის პრეზიდენტი ქალბატონი კიმბერლი კაგანი აღნიშნავს, რომ სუნიტების მონაწილეობა ერაყის საპარლამენტო არჩევნებში ძალზედ დადებითი ფაქტორია. ამასთან დაკავშირებით კაგანმა აღნიშნა:

„მე ვფიქრობ, რომ შესანიშნავია, რომ სუნიტებით დასახლებულ რეგიონებში ამომრჩეველთა აქტიურობა ძალზედ მაღალი იყო. ეს ჩემის აზრით იმის მანიშნებელია, რომ სუნიტების მოსახლეობას პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა სურს."

ზოგიერთი კანდიდატი აღნიშნავს, რომ არჩევნები დარღვევებით ჩატარდა, მაგრამ გაეროს ოფიციალური პირების ცნობით ამომრჩეველთა ხმების ფართომასშტაბიანი გაყალბების ფაქტები არ დაფიქსირებულა.

მარისა კოჩრეინ სალივანი ომის კვლევის ინსტუტის ანალიტიკოსია. მას მიაჩნია, რომ მთავრობის შექმნასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები დიდ ხანს დაიკავებს.

„მე ვფიქრობ, რომ რადგან ოთხ წამყვან პარტიას შორის მნიშვნელოვანი სხვაობა არ შეინიშინება, ახალი მთავრობის შექმნას დიდი პოლიტიკური მანევრირება, გარიგებების გაფორმება, და დახურულ კარს მიღმა კომპრომისებზე წასვლა დასჭირდება. რაც შეეხება ამ პროცესის შესაძლო ხანგრძლივობას, მე მგონი, რომ ის თვეებით განისაზღვრება."

ერაყში ამჟამად 96,000 ამერიკელი ჯარისკაცია დისლოცირებული და პენტაგონის ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ ისინი ქვეყანაში დარჩებიან ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის დროს უსაფრთხოების გარანტირების მიზნით.

პენტაგონის განცხადებით, როცა ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა დასრულდება, შეერთებული შტატები ერაყიდან სამხედრო ძალების გაყვანას დაიწყებს.

1 სექტემბრისთვის შეერთებული შტატები ერაყში სამხედრო ძალებს 50,000-მდე შეამცირებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას ბრძანების თანახმად მომავალი წლის ბოლომდე ერაყიდან სამხედრო ძალების გაყვანა უნდა დასრულდეს.


XS
SM
MD
LG