ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შვედეთის პარლამენტის რეზოლუციის შედეგები


შვედეთის პარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც ოსმალეთის იმპერიის მიერ სომხების მასობრივი დახოცვა გენოციდად აღიარა. რეზოლუციის მიღებას ანკარადან დაგმობის განცხადება მოჰყვა. შვედეთის პარლამენტმა რეზოლუციას კენჭი მას შემდეგ უყარა, რაც რამდენიმე დღის წინ ამერიკის კონგრესის კომიტეტმა მსგავსი რეზოლუცია დაამტკიცა.
დღეს კენჭისყრის შემდეგ, თურქეთმა შვედეთიდან ელჩი გამოიწვია და სტოკჰოლმში დაგეგმილი სამიტი გააუქმა.

თურქეთის პრემიერ მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა რეზოლუდციის მიღება დაგმო და შვედეთის პარლამენტის მოქმედებას უპასუხისმგებლო უწოდა. მსგავსი მოსაზრებები გაჟღედა თურქეთის ძირითადი პარტიების მხრიდნაც.

თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულმა შვედეთის პარლამენტის რეზოლუციის მნიშვნელობა დააკნინა და განაცხადა: „ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რატომ ხდება ასეთი გადაწყვეტილებების მიღება. ამ კონკრეტულ რეზოლუციას ჩვენთვის არანაირი ღირებულება არ აქვს. ისინი, ვინც რეზოლუციას მისცა ხმა არც ისტორიკოსები არიან და არც მეცნიერები. არ არის საჭირო რეზოლუციას იმაზე მეტი მნიშვნელობა მივანიჭოთ, ვიდრე მას სინამდვილეში აქვს.“
სომხების თქმით, ოსმალეთის იმპერიამ 1915-დან 1923 წლამდე მილიონ ნახევარი სომეხი მოკლა. თურქეთი აღიარებს იმას, რომ სომხების მასობრივი ხოცვა ნამდვილად მოხდა, მაგრამ ანკარა იმასაც ცხადებს, რომ დაღუპულთა რაოდენობა უხეშადაა გაზვიადებული. ოფიციალური თურქეთის პოზიცია ასეთია - სომხები იმ სამოქალაქო ომის დროს დაიღუპნენ, რომელსაც შედეგად ოსმალეთის იმპერიის დაშლა მოჰყვა.

ამერიკის კონგრესის საგარეო საქმეთა ქვეკომიტეტმა სომხების გენოციდის რეზოლუციას კენჭი გასულ კვირას უყარა. რეზოლუცია დამტკიცდა და მისი ტექსტი განხილვისთვის მთლიან კომიტეტს გადაეგზავნა. კენჭისყრის შემდეგ თურქეთმა ელში ამერიკიდანაც გაიწვია.
ამერიკის მსგავსად შვედეთი თურქეთის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირეა, რომელიც თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი კენჭისყრის შემდეგ ანკარას დაუკავშირდა და განაცხადა, რომ მისი მთავრობა პარლამენტის რეზოლუციას მხარს არ უჭერს. მან იმის სურვილიც გამოთქვა, რომ ამ სახის რეზოლუციებმა თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების გამოსწორების პროცესს ხელი არ შეუშალოს.

ანკარა და ერევანი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ცდილობენ. გასული წლის ოქტომრში ორი ქვეყნის პრეზიდენტმა ურთიერთობის დარეგულირების მიზნით შეთანხმებას მოაწერა ხელი. ამ შეხვედრის შემდეგ, ანკარამ უკვე რამდენჯერმე განაცხადა ის, რომ სომხეთთან ურთიერთობის დარეგულირებას მსგავსი სახის რეზოლუციები ხელს შეუშლის.



XS
SM
MD
LG